საკალათბურთო სუპერლიგა
საკალათბურთო სუპერლიგა
16.12.2020
ავტორი: ი.პ.

დღეს სუპერლიგის 1 მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა 103:88 (სტატისტიკა) დაამარცხა "ვერა". ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში ბოლო წლების რეკორდი დამყარდა. რაც საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში სტატისტიკის სრული და კომპიუტერული აღრიცხვა მიმდინარეობს,  დაფარებების ოდენობა ორციფრა რიცხვით მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს დინამოელმა მილან ოლუიჩმა გამოსახა. სერბმა ცენტრმა 11 დაფარება მიითვალა და დღემდე ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება სუპერლიგაში. ბათუმელმა ბექა ბექაურმა ვერელებს 9-ჯერ დააფარა, რითაც მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.


ერთი დაფარებაც და ბექაური გამორჩეული, ბლოკ-შოტებით შესრულებული სამმაგი დუბლის ავტორი გახდებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ბათუმის" ფორვარდის ანგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა, 17 მოხსნა, 9 დაფარება, 3 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკისა, საერთო სარგებლიანობის ინდექსით მატჩში საუკეთესო ზღვისპირელთა სერბი უკანახაზელი, პეტარ არანიტოვიჩი გახდა, რომელმაც 35 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 პასი დაგროვდა.


შეხვედრა ბათუმელებმა საბოლოოდ იოლად მოიგეს, თუმცა თავიდან ვერელები საკმაოდ დალაგებულად და ზუსტად თამაშობდნენ, რის ხარჯზეც პირველი პერიოდი 20:19 მოიგეს. მეორე ათწუთეულიდან მასპინძლებმა დაცვა გამოასწორეს, ხოლო შეტევაში სწრაფ გარღვევებს ზუსტ შორ სროლებს აშველებდნენ და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.


მესამე პერიოდი გარდამტეხი გამოდგა. ბათუმელებმა 31:23 იძალეს და გადამწყვეტ მეოთხედს 13-ქულიანი ლიდერობით შეეგებნენ. ბოლო ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა. ბატუმელები დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე და გასულ 2 მატჩი წაგებების შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინეს.