
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, გადადებული მატჩი 14 ნოემბერს გაიმართება, ჩხოროწყუს „მტრედებსა" და გორის „ლედი გორს" შორის. თუმცა ამ შეხვედრის ანგარიშსს, ქალთა რიგით მე-2 ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მდგომარეობაზე არანაირი გავლენის მოხდენა აღარ შეუძლია.
საქართველოს რიგით მეორე ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „მართვე" გახდა, რომელშიც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელიც თამაშობს. მათ გარდა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ქალთა მთავარი გუნდის კიდევ 5 ფეხბურთელი ასპარეზობს. ქვეყანაში მიმდინარე ქალთა ჩემპიონატის ირგვლი, სწორედ, მათ კომენტარებს გთავაზობთ.
"თოთხმეტი წელია ფეხბურთელი ვარ. ცამეტი წლიდან, ცხრამეტ წლამდე ჩემი თაობის გოგოებს არაფერი გვქონია, სანამ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ლეგიონერის სტატუსით არ წავედით. იმ პერიოდში ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ნაკრების 3 ოფიციალური თამაში იყო ხოლმე, ყოველგვარი "ზბორის" და ამხანაგური მატჩების გარეშე! მე, დღევანდელ დღეს, ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, პირველად ვითამაშე საქართველოს ჩემპიონატი და ბედნიერი ვარ, ყველაფრის მიუხედავად! ასე რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გირჩევთ, ისევ ჩემივე გამოცდილებიდან გამომდინარე, გიყვარდეთ და აკეთეთ ის საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ, გამოიყენეთ ის შანსები, რასაც დღევანდელი დღე გაძლევთ, მოცემულ პერიოდში და გახდით, ღირსეული, პროფესიონალი ქალი ფეხბურთელები, რომ სამშობლოს და ნაკრებს გამოადგეთ!", - ამბობს ნინო პასიკაშვილი, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და სკ „თბილისის" მოთამაშე.
„კარგი ჩემპიონატი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგულარული ჩემპიონატი, მხოლოდ მეორე წელია რაც დაიწყო. ფაქტია, წლიდან წლამდე ვითარდება, ყალიბდება ახალი გუნდები, იზრდება კონკურენცია. დონეც, ნელ-ნელა აიწევს. გაიზრდება ყურადღებაც ქალთა ჩემპიონატის მიმართ. ყველა ეს გარემოება, ძალიან მახარებს. წინა ჩემპიონატში 6 გუნდი მონაწილეობდა, ახლა უკვე 9, რაც უკვე, წინ გადადგმული ნაბიჯია. ინტერესი იზრდება და საზოგადოების რაღაც ნაწილმაც უკვე იცის, რომ ვარსებობთ. რაც მთავარია, იზრდება ფეხბურთის თამაშის მსურველი გოგონების რაოდენობაც. ეს კი, მომავალში კონკურენციაზე, მათ შორის სანაკრებოზეც, უფრო კარგად იმოქმედებს. საერთო ჯამში, ვთვლი, რომ სწორ გზას ვადგავართ და ასე თუ გავაგრძელებთ, რამდენიმე წელში, ძლიერი ჩემპიონატი გვექნება", - ამბობს თინა თევდორაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გორის სკ „ლედი გორის" ფეხბურთელი.
„ჩემპიონატი ნორმალურად ჩატარდა და იმედი მაქვს, მომავალში უფრო კარგად ჩატარდება. არის პრობლემები, მაგრამ ყველა გამოსწორებადია, რაც ჩემი აზრით, ყველანაირი საქმის დასაწყიშიც შეიძლება წარმოიქმნას. ჩემი გუნდისთვის ჩემპიონატი 14 ნოემბერს სრულდება. მიუხედავად ამისა, უკვე ამ გადმოსახედიდან შემიძლია საკუთარი თამაშიც შევაფასო. მქონდა მატჩები, რომლებითაც კმაყოფილი ვარ და იყო თამაშები, სადაც ვფიქრობ, უფრო მეტი შემეძლი გამეკეთებინა. ფაქტია, რომ შემიძლია უფრო მეტი მეც და ჩემს გუნდსაც. მომავალში, იმედი მაქვს, ამას გამოვასწორებთ. ქალთა ჩემპიონატი, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ მეტმა გოგონამ ივარჯიშოს და ითამაშოს ფეხბურთი. ეს, აუცილებელია, იმისთვის, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთმა იარსებოს", - ამბობს ნათია სხირტლაძე, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „ლედი გორის" ფეხბურთელი.
„ბუნებრივი და ერთსახოვანია, რომ საქართველოში ქალთა ჩემპიონატი უნდა ტარდებოდეს. რომ არა ეს ჩემპიონატი, რითი ისაზრდოვებს ნაკრებები? თუგინდ ეროვნული ან ასაკობრივი? ნაკრების მწვრთნელები და უშუალოდ ლევან ბაჯელიძე, ყველა თამაშს ესწრება, აკვირდება, ინიშნავს ფეხბურთელების გავრებს, რომ ერთი კადრიც კი არ დაეკარგოს. თაობა, ხომ უნდა გვყავდეს? ამას, კი ეროვნული ჩემპიონატი აკთებს, რომელიც მეორე წელია ტარდება. წლებია, ფეხბურთში ვარ და კარგად მახსოვს, რომ ადრე, ის გოგონები, რომლებიც ძირითადად მინი-ფეხბურთის დარბაზებში ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით, დიდ სტადიონებზე, ელემენტარულად სად წავსულიყავით ის არ ვიცოდით. ამ ჩემპიონატმა კი გააკეთა ის, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი წამოვიდა. ლოგიკურად, გოგონებში ამ სახეობით დაინტერესება იზრდება. გუნდები გახდა შეთამაშებული, სწავლობენ მინდორზე, საფეხბურთო სტანდარტების მინდვრები მაქვს მხედველობაში, თამაშსს. ასე, რომ ეროვნული ჩემპიონატი, ქალთა ფეხბურთში, წინ გადადგმული ნაბიჯია. პირადად მე, ჯანმრთელობის გამო 6 თვე გამიცდა და ახლა ნელ-ნელა ვცდილობ ფორმაში შესვლას. ჩემპიონატში მონაწილეობა, მხოლოდ მეორე წრიდან დავიწყე და ამის გამო, საკუთარი თავით, ჯერ კმაყოფილი არ ვარ", - ამბობს ანი ზაქაიძე, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „ლედი გორის" ფეხბურთელი.
„ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 15 წელია ფეხბურთს ვთამაშობთ და აქედან, 12 წელი ეროვნულ ნაკრებში ვართ და არ მოგვერიდება ვთქვათ, რომ მთელმა ქართულმა ქალთა ფეხბურთის ისტორიამ ჩვენს თავზე გადაიარა, მიმდინარე ჩემპიონატს დადებითად ვაფასებთ, რადგან ვიცით რა იყო და რა არის. ჩემთვის, როგორც უკვე „ვეტერანი" ფეხბურთელისთვის ძალიან სასიხარულოა და იმედის მომცემი ახლაგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად თამაში და მადლობა მათ ამისთვის. გოგონებს, შემიძლია გავუზიარო გამოცდილება და უდიდესი სიყვარული ამ საქმისადმი. თუ არ ჩავთვლით, ბოლო 2 წელს, საქართველოში, სრულფასოვანი ქალთა ჩემპიონატი არასდროს ჩატარებულა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ყველა ვხვდებით, რომ ჯერ ბევრი რამე დასახვეწია, მაგრამ ყველაფერს დავალაგებთ და ნელ-ნელა უკეთესი იქნება, გუნდების თამაშის ხარისხიც და ზოგადად ყველაფერი", - ამბობს სალომე ხუბულური, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დღეს „ლედი გორის" მოთამაშე და საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი. „ისევე, როგორც შარშან, 17-წლამდელთა ნაკრებს წელსაც საკმაოდ ნაყოფიერი და გადატვირთული წელი გვქონდა. 2017 წელს, კი 17-წლამდელები, 2 ამხანაგური თამაშით დავასრულებთ. 15-20 ნოემბრის ჩათვლით, 20 გოგონა „ბასაზე" შეიკრიბება და აზერბაიჯანის 17-წლამდელებთან ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადება. ამ თამაშებში, თავის გამოჩენის შანსი ექნება საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ამ ასაკობრივი კატეგორიის გოგონებს".
თუ სად და როდის გაიმართება საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა თამაშები, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.





ჩვენ








