
დღეს, „დინამო თბილისმა", წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე მონტენეგროს ქალაქ ჰერცეგ-ნოვის „იადრანი" 11-8 დაამარცხა. უნგრეთში მიმდინარე „ბაბლიზე", ეს ქართველების მესამე შეხვედრა იყო. სამწუხაროდ, პირველი ორი, საქართველოს საუკეთესო წყალბურთის გუნდმა წააგო, თუმცა, ამ მარცხსაც თავისი ახსნა აქვს.
„ბრეშასთან" კარგი თამაში იყო. ვფიქრობ, ღირსეულად ვითამაშეთ, ბევრად მაღალი კლასის გუნდთან. მოგეხსენებათ, ის, ერთ-ერთი გრანდია. სამი პერიოდი თანაბრად ვეთამაშეთ და ერთში გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ საერთო ჯამში ნორმალური შედეგი იყო. რაც შეეხება „ბარსელონეტასთან" გამართულ შეხვედრას, აქ, იყო ძალიან ბევრი ჩავარდნები, ძალიან ბევრი კონტრშეტევა გამოვუშვით, მაგრამ რადგანაც მთელი ყურადღება „იადრანისკენ" იყო მიპყრობილი, ამ მატჩში, ბიჭები ბოლომდე არ დაიხარჯნენ, გამოზოგეს ენერგია ბოლო თამაშისთვის. „იადრანთან" მაღალ დონეზე ვითამაშეთ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, უკვე კარგად ვიყავით მომზადებულები" - ამბობს მიხეილ ბაღათურია, „დინამო თბილისის" დირექტორი, TSFF.Ge-სთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ დინამოელები, არც მესამე ტურის მატჩში ითვლებოდნენ ფავორიტებად. თუმცა, თბილისელებმა, მიმდინარე „ბაბლზე" მწვრთნელის ამპლუაში მოვლენილი ზუკა რურუას ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს და დღევანდელი გამარჯვებით, ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასვლის და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც მოიპოვეს.
„იადრან ჰერცეგ-ნოვი", უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბი არის და ეს გამარჯვება, ამიტომაც, ძალიან სასიხარულოა. კარგი იყო, რომ ამ გუნდთან, პირველი თამაში არ გვგქონდა. რადგან ის ორი მატჩი მოვახერხეთ და მოსამზადებლად გამოვიყენეთ, შევძელით კიდეც", - ამბობს მიხეილ ბაღათურია.
დღევანდელ შეხვედრაში, გარდამტეხი, მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც, „დინამო თბილისმა" 3 ბურთით მოახერხა დაწინაურება. საერთო ჯამში კი, დინამოელთაგან გოლები, ანდრო ბითაძემ (3), მარკო ელაჩამ (3), ბორის ვაპენსკიმ, ბესო ახვლედიანმა, სანდრო ადეიშვილმა, დუსან ვაშიჩმა და იოვან სარიჩმა გაიტანეს.
ამ „ბაბლისთვის" მოსამზადებელი პერიოდი, ისე ვერ „წავიდა" როგორც ეს „დინამო თბილისს" ჰქონდა დაგეგმილი. ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, დინამოელთა გეგმებშიც კორონა ვირუსი ჩაერია. მოთამაშეთა უმრავლესობამ ვირუსი გადაიტანა და შესაბამიდან, მნიშვნელოვან თამაშებამდეც მოსამზადებლად, 10 დღე არ ეყო.
„სპარინგიც არ გვქონდა, არც ერთი ტესტ მატჩი არ ჩაგვიტარებია, რადგან გასვლით თამაშებზე ვერ გავდიოდით ქვეყნიდან. შიდა ჩემპიონატი კი, გადაიდო. გვეშინოდა, რომ გუნდი არ იყო, იდეალურ ფორმაში, არ ვიყავით სათანადოდ მომზადებულები", - ამბობს ბაღათურია.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა" პირველი მატჩი, „ბრეშასან" 9-15 წააგეს, ხოლო, მომდევნო „ბარსელონეტასთან" 5-17 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო რაუნდის მატჩები კი, მარტში, კვლავ ბუდაპეშტში გაიმართება.
„ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის, უკეთეს ფორმაში უნდა ვიყოთ. ვინაიდან, წესით, თუ კიდევ რამე არ შეუშლის ხელს ეროვნულ ნაკრებსაც ექნება შეკრებები. ასევე ნაკრებს, სამი გასვლითი ტესტი უნდა ჰქონდეს. ნაკრების წევრები კი, სწორედ, დინამოს მოთამაშეები არიან. ამას გარდა, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატიც განახლდება და „დინამოსაც" ექნება თამაშის საშუალება. მჯერა, რომ მარტამდე იქნება სრულყოფილი ჩემპიონატი და მოვემზადებით მარტის თამაშებისთვის", - ამბობს მიხეილ ბაღათურია.
2021 წლის მარტში, „დინამო თბილისს", წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან, „ფერენცვაროშთან" მოუწევს ორი თამაშის ჩატარება. თუმცა, ისევე, როგორც „ვასპო ჰანოვერთან".
„ფერენცვაროთან" მოგებაზე, ძალიან რთული იქნება საუბარი. თამაშის, მაღალი ხარიხის უნდა ვაჩვენოთ, ვიმუშაოთ შეცდომებზე, დავხვეწოთ თამაში, მივიღოთ დიდი გამოცდილება. ასეთ გრანდთან თამაშებით ძალიან ბევრს ვისწავლით, გავიზრდებით, და „ვასპოსთან", უკვე უნდა შევეცადოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. შანსები გვაქვს და ვნახოთ", - ამბობს, ბაღათურია.
ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშებაში, „დინამო თბილისი" B ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები, „ბრეშა", „ვასპო ჰანოვერი", „ბარსელონეტა", „იადრანი" და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ფერენცვაროშია".
„დინამო თბილისის" ფოტო





ჩვენ








