
ამჯერად, კორონა ვირუსის პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა რობერტ ლევანდოვსკის, რომ ის, რის შესახებაც მეორე წელია მსოფლიო ლაპარაკობს, ოფიციალურად, ფიფა-ს ეღიარებინა. 17 დეკემბერს, ციურიხში 2020 წლის THE BEST-ის (Best FIFA Football Awards ) ცერემონიალი გამართა. მიუნჰენის „ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი, წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად დასახელდა.
„არ აქვს მნიშვნელობა, საიდა ხარ. მთავარია იშრომო ის, როგორც მე ეს წლების წინ გავაკეთე და გიფასდება. მე მიხარია, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ბევრი თამაში და ტროფი მოვიგე. ის რაც, სეზონის მანძილზე გავაკეთეთ წარმოუდგენელია და ვფიქრობ, რომ დავწერეთ საფეხბურთო ისტორია. მჯერა, რომ რთულია იყო მწვერვალზე და ამიტომ, მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფს, ჩემს ოჯახს, რომელთა გარეშეც, ყველაფერი რასაც მივაღწიე, შეუძლებელი იქნებოდა. ახლა, შესაძლოა მე ვჩანვარ, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემს ზურგს უკან დგას. ზოგჯერ რთულია, მოძებნო ზუსტი სიტყვები... როდესაც, ნომინაციაში მოწინააღმდეგეებად უდიდესი ფეხბურთელები გყავს მესისა და რონალდოს სახით, შენ ხარ მათ შორის და იგებ ტიტულს, წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს, რომ შენ ყველაფერი სწორად გააკეთე და მიზანი მიღწეულია. ამისთვისაც მადლობა ჩემს გუნდს, რადგან მე არ ვიქნებოდი ვინც ვარ, რომ არა ისინი", - ამბობს ლევანდოვსკი ცერემონიის დასრულების შემდეგ, ონლაინ პრეს-კონფერენციის დროს.
სხვათა შორის, საქართველოდან ხმები, ფიფა-ში, სწორედ, რობერტ ლევანდოვსკის სასარგებლოდ წავიდა. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან ზურაბ ხიზანიშვილმა და ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, არჩევანი ლევანდოვსკის სასარგებლოდ გააკეთეს. თავად ფეხბურთელს კი, მისთვისაც მოულოდნელად, მიუნჰენის ჩართვის სტუდიაში, პრიზი, ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გადასცა.
რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო. საერთო ჯამში, დროის ამ მცირე მონაკვეთში, 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა. ტროფეების მოგებაში კი, მას ერთ-ერთი ვინც ეხმარებოდა, მანუელ ნოიერია, რომელიც 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
მაშ ასე, გთავაზობთ, ნომინაციების მიხედვით ლაურეატებს და გამარჯვებულებს მამაკაცთა ნომინაციებში:
საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი") / დანაჩენი ნომინანტები კი ასე გამოიყურებოდა: ლიონელ მესი („ბარსელონა"), კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი");
საუკეთესო მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი") ფინალური სამეული: ალისონი („ლივერპული"), იან ობლაკი („ატლეტიკო")
საუკეთესო მწვრთნელი: იურგენ კლოპი („ლივერპული") / დანარჩენი ნომინანტები: მარსელო ბიელსა („ლიდსი"), ჰანსი ფლიკი („ბაიერნი")
2020 წლის სიმბოლური ნაკრები კი ასე დაკომპლექტდა: ალისონ ბეკერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, სერხიო რამოსი, ვირჯილ ვან დეიკი, ალფონსო დევისი, კევინ დე ბრუინი, ტიაგო ალკანტარა, ჯოშუა კიმიხი, ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანო რონალდო. (სარედაქციო - ცოტა უჩვეულოდ ჩანს, რომ წლის საუკეთესო მეკარე, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა).
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ლუსი ბრონზი („მანჩესტერ სიტი") /დანაჩენი ნომინანტები: პერნილ ჰარდერი („ჩელსი"), ვენდი რენარი („ლიონი")
საუკეთესო ქალი მეკარე: სარა ბუჰადი („ლიონი") / დანაჩენი ნომინანტები: კრისტიანე ენდლერი (პსჟ), ალისა ნეერი („ჩიკაგო რედ სტარსი")
ქალთა ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელი: სარინა ვიგმანი (ნიდერლანდების ნაკრები) / დანაჩენი ნომინანტები: ემა ჰაიესი („ჩელსი"), ჟან-ლუკ ვასოუ („ლიონი")
2020 წლის ქალთა სიმბოლური ნაკრები: კრისტინ ენდლერი, ლუსი ბრონზი, ვენდი რენარი, მილი ბრაითი, დელფინ კასარინო, ბარბარა ბონანსეა, ვერონიკა ბოკეტი, მეგან რაპინო, პერლინ ჰარდერი, ვივიან მიედემა, ტობინ ჰიტი.
პუშკაშის სახელობის პრიზი რომელიც წლის ულამაზესი გოლის ავტორს გადაეცა, წელს სონის („ტოტენჰემი" -„ტოტენჰემი" VS „ბარნლი" (პრემიერლიგა, 07.12.2019)) გოლი დასახელდა. მას კონკურენტებად ჯორჯიან დე არასკაეტა („ფლამენგო", ბრაზილია- „სეარა" VS „ფლამენგო" /ბრაზილიის ჩემპიონატი, 25.08.2019), ლუის სუარესი („ატლეტიკო"„ბარსელონა" VS „მალიორკა" (ლა ლიგა, 07.12.2019)) ჰყავდა.
ფიფას "ფეარ ფლეის" პრიზი 17 წლის იტალიელ მატია აგნეზეს შეხვდა, რომელმაც თანაგუნდელის, მატეო ბრიანოს სიცოცხლე იხსნა.
და ფიფა-ს ბოლო ჯილდო, რომელიც წლის ფანისთვის იყო განკუთვნილი ბრაზილიელ მარივალდო ფრანსისკო და სილვას ერგო, რომელიც საკუთარი გუნდის თამაშზე, ყველა სირთულის მიუხედავად კილომეტრებს გადის.
და ბოლოს, ბუნებრივია, ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გვერდს, ვერც კორონა ვირუსს აუვლიდნენ, რომელმაც წელს მთელს საფეხბურთო სამყაროს ბევრი პრობლემა შეუქმნა. პრიზების გადაცემის ცერემონიამდე კი, 2020 წლის ორი უდიდესი საფეხბურთო ტკივილი, დიეგო მარადონასა და პაოლო როსის გარდაცვალებაც გაიხსენეს.
ფოტო: FIFA.Com





ჩვენ








