„დინამო თბილისის“ ხმაურიანი „ტრანსფერი“
„დინამო თბილისის“ ხმაურიანი „ტრანსფერი“
18.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჩემპიონი, 2020 წელს უკვე მეორედ დარჩა მთავარი მწვრთნელის გარეშე. დღეს საღამოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა თანამდებობა დატოვა. 


ბუნებრივია, ჩისკოს გუნდიდან წასვლას საფეხბურთო და განსაკუთრებით, სოციალურ წრეებში, სხვადასხვა მითქმა-მოთქმა მოჰყვა. შესაბამისად, TSFF.Ge კლუბს დაუკავშირდა, სადაც ჩისკოს გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს.  ოფიციალურ განცხადებას, ჩისკო მუნიოსი უახლოეს ხანში გააკეთებს. ორშაბათს კი, „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობა ქვეყნის ჩემპიონის სამწვრთნელო შტაბში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრებს.


ჩვენი ინფორმაციით, ჩისკომ რამდენიმე დღის წინ, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ჩემპიონატიდან საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება მიიღო. თბილისიდან, საშობაო არდადეგებზე წასვლის შემდეგ კი, ჩისკო „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და გუნდიდან წასვლის შესახებ თხოვნით მიმართა.  


საქართველოს რამდენიმე გზის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელის ამპლუაში, ელიგის ორგზის გამარჯვებული, ჩისკო მუნიოსი, ჩვენი ინფორმაციით, ევროპულ კლუბში, მწვრთნელის თანაშემწედ იმუშავებს. გამოდინარე იქიდან, რომ ჩისკო მუნიოსს, ნებისმიერ კლუბში,  მთავარი მწვრთნელის ამპლუაში სამუშაოდ, უეფა-ს პრო-ლიცენზია სჭირდება, ახალი პოზიცია, მას აღნიშნული ლიცენზიის მიღებაშიც დაეხმარება და სამწვრთნელო კარიერაშიც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.


ის, რომ ჩისკო მუნიოსმა, „დინამო თბილისიდან" წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, 12 დეკემბერს, TSFF.Ge-სთვის, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მიცემული ინტერვიუც მეტყველებს, სადაც ჩისკომ 2020 წლის სეზონი შეაჯამა, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. აღნიშნულ ინტერვიუს, ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩისკო მუნიოსი, დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრებს, უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.