„ტორპედომ“ ადგილი შეინარჩუნა, „სამგურალი“ დაბრუნდა
„ტორპედომ“ ადგილი შეინარჩუნა, „სამგურალი“ დაბრუნდა
19.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმერეთში, თხუთმეტ-კილომეტრიან დისტანციაზე დღეს, ოთხი გუნდი, სხვადასხვა მიზნისთვის იბრძოდა. აქედან, ორი „ტორპედო" და „ჩიხურა" ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, „სამგურალი" და „გაგრა" კი ძლიერთა შორის მოხვედრას ცდილობდა. ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი ეტაპის შემდეგ, „სამგურალი"-„ჩიხურას" წყვილში, წყალტუბოელები ლიდერობდნენ (პირველი თამაში 0-2 დასრულდა), რაც შეეხება „ტორპედო"-„გაგრას" წყვილს (პირველი მატჩის შემდეგ 0-2), ქუთაისელებს ჰქონდათ უპირატესობა.


***

წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა კარნახით წარიმართა, თუმცა, გოლი არ გასულა. თორნიკე ზარქუა, რომელმაც ამ გუნდების პირველი შეხვედრაში, საჩხერელთა ტრავმირებული მეკარე გიორგი ბეგაშვილი შეცვალა, დიდად „სამგურალის" ფეხბურთელებს არც შეუწუხებიათ. მეორე ტაიმში კი, წყალტუბოელებმა, თითქოს სათამაშო უპირატესობაც კი დაუთმეს „ჩიხურას", რომელმაც თავის მხრივ, ამ უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა. მე-80 წუთზე კი, ვახტანგ თურმანიძის გუნდი ათი კაცის შემადგენლობით დარჩა. ზურაბ ჯაფიაშვილმა მერე ტაიმში, მეორე ყვითელი მიიღო და შესაბამისად, მინდვრის დატოვებაც მოუხდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში, შეხვედრის არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა 10 ყვითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს, 2 ფეხბურთელი კი გააძევა. 89-ე წუთზე, უკვე „სამგურალი" დარჩა 10 კაცის შემადგენლობით.


საკმაოდ საინტერესო გადმოდგა შეხვედრის ბოლო 10 წუთიანი მონაკვეთი. ათი კაცით დარჩენილ „ჩიხურას" შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა, ზედიზედ რამდენჯერმე დარტყმული ხან კახაბერ მეშველიანმა მოიგერია, ხანაც საჩხერელებს არ გაუმართლათ. სამაგიეროდ, გაუმართლა მეტობაში მყოფ სამგურალს. ზემოთხსენებული მომენტის შემდეგ, წყალტუბოელთა შეტევისას, როდესაც „სამგურალის" 2 ფეხბურთელი, 6 საჩხერელის პირისპირ აღმოჩნდა და თითქოს, უფრო გამოცდილი გუნდისთვის, ამ ვითარებაში პრობლემა არ უნდა შექმნილიყო, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წყალტუბოელმა თავდამსხმელმა სერგო კუხიანიძემ, აუღელვებლად შესძლო ბურთის „ჩიხურას" კარში გადაგზავნა და ანგარიშის გახსნა, 1-0, რაც წყალტუბოს „სამგურალისთვის", 18-წლიანი შესვენების შემდეგ, ძლიერთა ლიგაში დაბრუნების ტოლფასი იყო. „ჩიხურა" კი, ერთი წლის შემდეგ, რაც გუნდს სოსო ფრუიძე დაემშვიდობა, თავადაც დაემშვიდობა ეროვნულ ლიგას.



***


სხვათა შორის, იმ წელს, როდესაც წყალტუბოს „სამგურალი" ქართული საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ ლიგას დაემშვიდობა და ეს, 2001-2002 წლების სეზონზე მოხდა, ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო" გახდა. გუნდი, რომელიც დღეს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ძლიერთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად, საქართველოს თასის 2020 წლის გამარჯვებულ „გაგრას" ხვდებოდა. გუნდს, რომელმაც სათასო ფინალამდე, ბათუმის „დინამო", „დილა" და „საბურთალო" ჩამოიშორა, ფინალში „სამგურალი" დაამარცხა. აი, ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი რაუნდის შემდეგ, „ტორპედოსთან" აგებდა.


ვერ ვიტყვით, რომ ქუთაისში შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, პირველი გოლი ამ შეხვედრაში სწორედ, „ტორპედომ" გაიტანა. 30-ე წუთზე, გიორგი ფანცულაიამ ულამაზესი საჯარომო დარტყმით, „ტორპედო" დააწინაურა. დასრულებულ ჩემპიონატში, ეს ფანცულაიასთვის, რიგით მერვე გოლი იყო. გაშვებული გოლის შემდეგ, „გაგრა" უფრო გააქტიურდა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ძლიერთა შორის ამოსასვლელად, გაგრელებს 3 გოლის გატანა სჭირდებოდათ.


ოდან მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ ერთხელ პირველ და ერთხელაც მეორე ტაიმში, თამაშის მიწურულს, 100%-ანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა მიხეილ ერგემლიძემ. მეორე ტაიმი კი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მაგალითად, საწყისს წუთებზე „გაგრას" შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. კიდევ, რამდენიმე წუთში, 55-ე წუთზე კი, „ტორპედოს" ჰქონდა შანსი გოლიც გაეტანა და თამაშიც დაესრულებინა, მაგრამ მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. 76-ე წუთზე კი, თამაზ  მაქაცარიამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება 1-1 და თამაშის, გადასარჩენად 14 წუთიც მოიტოვა. თუმცა, ეს იყო და ეს, რისი გაკეთებაც დღეს, „გაგრამ" მოახერხა.


„ტორპედომ" ორი შეხვედრის ჯამში ელიგაში ასპარეზობის უფლება შეინარჩუნა. „გაგრას" კი, ქვედა ლიგიდან უეფა-ს ევროთასებზე მონაწილეობისთვის სათანადოდ მომზადება მოუწევს.