ეროვნული ნაკრები რეგიონში გავიდა
ეროვნული ნაკრები რეგიონში გავიდა
11.11.2017
ავტორი:

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, რომელმაც წელს ევრო 2017-ის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა, როგორც წესი სანაკრებო (ასაკობრივი ნაკრებები გვაქვს მხედველობაში) თამაშებზე ივსება ხოლმე. თუმცა, ეროვნული ნაკრების თამაშზე გორელმა მაყურებელმა, დიდად არ შეუწუხა თავი. თუმცა, ეს, უამინდობის გამო უფრო  იყო ალბათ. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ 10 ნოემბერს ქართველთა, სწორედ გორის სტადიონზე მიღწეული გამარჯვების გამო, მომავალში, როდესაც ეროვნული ნაკრები ბურჯანაძეზე კვლავ ითამაშებს, გულშემატკივარი აუცილებლად გაავსებს ტრიბუნებს.


მატჩის დაწყებამდე

გორში, ყველა საფეხბურთო მატჩი პატარა აქციით იწყება. ამჯერად, სფფ-მ შშმ პირებზე გააკეთა აქცენტები. მატჩის დაწყებამდე ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გორის სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მიესალმა. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, 2 წელია ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა ტარდება, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 გუნდი მონაწილეობს. წელს კი, ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა.




მოგვიანებით კი, უეფას Equal Game-ის (თამაში ყველასთვის) კამპანიის ფარგლებში, საქართველოსა და კვიპროსის ეროვნულ გუნდთა ფეხბურთელებთან და ბიჭუნების ექსკორტთან ერთად, მოედანზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 ბიჭუნაც გავიდა და ფეხბურთელებთან და თავდაცვის სამინისტროს ორკესტრთან ერთად, საქართველოს ჰიმნიც შეასრულა.  

EqualGame არის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ერთ-ერთი კამპანია, რომელიც უეფას მხარდაჭერით მთელი ევროპის მასშტაბით ტარდება. აღნიშნული კამპანიის მიზანია, ფეხბურთი გახადოს უფრო მეტად თანასწორი, ხოლო აქციის შინაარსია -  "ყველას აქვს უფლება ისიამოვნოს ფეხბურთით, არ აქვს მნიშვნელბა ვინ ხარ შენ, საიდან ხარ, ან როგორ თამაშობ, ეს არის "თამაში ყველასთვის".


მატჩი

შეხვედრა კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სტატისტიკის მოყვარულები აუცილებლად ჩაინიშნავდნენ, რომ პირველი კუთხური და  კარის მიმართულებით დარტყმა ქართველებმა შესარულეს. მატჩის 22-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის ძლიერი დარტმული სცდება კვიპროსელთა კარს. კიდევ 2 წუთში კვიპროსელთა მეკარე უშვებს გამოუსწორებელ შეცდომას და ბურთს ჯაბა კანკავას აბარებს, რომელიც ერთი შეხებით ქვილითაიას საგოლე გადაცემას უკეთებს. ქართველებს გოლი გააქვთ, რომელიც საბოლოოდ ამ შეხვედრაში ერთად-ერთი გამოდგება. 1-0 ასე დასრულდება პირველი ტაიმიც და მთლიანად თამაშიც.

 


„რა თქმა უნდა, მოუგებელი სერიის შემდეგ გამარჯვებით გახარებული ვარ. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ არ იქნება ადვილი, მაგრამ გვაქვს შანსი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ. ერთა ლიგაზე გასამართი შეხვედრები დღევანდელის მსგავსი იქნება. კვიპროსი დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია. მათი ცხრა და ათი ნომრები კარგი ფეხბურთელები არიან. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, დაცვაში პრობლემები ნაკლებად გვაქვს ჩვენი მთავარი პრობლემა შეტევაა. ქვილითაიამ გოლი გაიტანა, მაგრამ მე მისგან მეტს ველი. იგივეს თქმა შემიძლია ყაზაიშვილზეც. დღეს ფლანგებმა, მერებაშვილმა და პაპუნაშვილმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. თუმცა ცენტრალური თავდამსხმელებისგან მეტ აგრესიას, მოძრაობას და გახსნას ვითხოვ", - ამბობს მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისი.

თუ კარის მიმართულებით ქართველთა აქტიურობას გადავხედავთ, ალბათ აღნიშვნის ღირსია, პირველი ტაიმის მიწურულს ვაკო ყაზაიშვილის მცდელობაც, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა.

მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი პაპუნაშვილს მეორე ტაიმის 58-ე წუთზე. თუმცა, მისი დარტყმული სტუმართა მცველს მოხდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მარჯვენა ფლანგიდან, მთელი თამაშის მანძილზე ქართველთა ესპანური დუეტი პაპუნაშვილი-კაკაბაძე საკმაოდ ამწვავებდა მომენტებს.

„მთლიანობაში, თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა კმაყოფილი ვართ, მოვიგეთ. თუმცა, თამაში გამოსასწორებელია, ამისთვის კი დრო გვჭირდება და აუცილებლად მოვა ეს დროც. საკუთარ თამაშზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. ზოგადად, როდესაც სტადიონს უგოლოდ ვტოვებ, ეს ცუდია, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. მქონდა მომენტები, რომლებიც უნდა გამომეყენებინა", - ამბობს გიორგი პაპუნაშვილი თამაშის დასრულების შემდეგ.

 

 

„დავიწყეთ ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება და გამოჩნდა ბევრი საინტერესო ფეხბურთელი. რესურსი გვაქვს, გუნდში დიდი კონკურენციაა. შესაძლოა, დღეს თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი მაღალი, როგორც ადრე, თუმცა სასიხარულოა მოგება. ერთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არიან. ყველა თანაბარი დონის გუნდია და დიდი ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ ამ ეტაპზე",  - ამბობს ოთარ კაკაბაძე.

ერთა ლოგამდე, 10 ნოემბრის ამხანაგურ თამაშში, გამოუყენებელი დარჩათ მომენტები ნიკა კაჭარავას 86 წუთზე და ნაკრების დებიუტანტ ირაკლი სიხარულიძეს. თუმცა ისევე, როგორც კვიპროსელ სოტირიუსს, რომელსაც 65-ე წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო გიორგი ლორიამ.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ხედავს რამდენად მნიშვენლოვანი მოთამაშეები არიან ლორია, კანკავა და კაშია ჩვენი გუნდისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოთამაშეები გუნდის ტვინი და გული არიან და მათ ეს დღესაც დაამტკიცეს. ჯაბა ნახევარი წელია უგუნდოდაა და უბრალოდ დაუჯერებულია როგორ ახერხებს ის, ამ დონეზე თამაშს. რაც შეეხება გურამ კაშიას, ის დღეს საუკეთესო იყო მოედანზე. ლორიამ კი, რთული ბურთი მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და სწორედ, ამიტომ მოვიგეთ. ასევე კარგი თამაში ჩაატარეს კაკაბაძემ და ნავალოვსკიმ, მაგრამ მათ მეტი შეუძლიათ. კმაყოფილი ვარ ხოჭოლავას თამაშითაც, ის ართმევაზე შესანიშნავად მოქმედებს. მადლობა მინდა გადავუხადო გორის სტადიონს, საგულშემატკივრობდ მოსულ ადამიანებს და ორგანიზატორებს, ასეთი პირობების შექმნისთვის",- ამბობს ვლადიმირ ვაისი.

 


„პირველი ტაიმი ვფიქრობ უკეთ ვითამაშეთ. გვქონდ ბურთის მეტი ფლობა. გამოგვდიოდა შეტევები და არ იყო ასე ვთქვათ ხიდისქვეშ თამაში. მთლიანობაში, ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვიდა, გოლი არ გავუშვით და მოვიგეთ", - ამბობს  დავით ხოჭოლავა.

 „მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასეთი შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ. ეს ამხანაგური მატჩები არის ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი. მნიშვნელოვანია ის, რომ გავიმარჯვეთ და თითოეული მატჩი გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ, უნდა ვირძოლოთ, მიუხედავად ხარისხისა. იყო რამდენიმე დებიუტანტი, ახალი სახე და მომავლისთვის ძალიან სასარგებლო სპარინგი გამოვიდა" - ამბოს ნიკა კვეკვესკირი.

„თამაში მოვიგეთ. შედეგი, მნიშვნელოვანი იყო, თანაც იმის ფონზე, რომ არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდით. მთლიანობაში, შეკრებაზე, ბევრი ახალი ფეხბურთელი არის გამოძახებული, რომლებსაც დღევანდელ მატჩში თამაშს შანსი მიეცათ. მომდევნო შეხვედრაში ვეცდებით შედეგთან ერთად სანახაობრივი მატჩი ვაჩვენოთ. ბუნებრივია, იმ დროინდელი გორის მინდორთან რაც მახსოვს, შედარება არაა, მაგრამ მინდორი დღეს, არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. განსაკუთრებით  ეს, წვიმის დროს გამოიკვეთა. თუმცა, საერთო ჯამში, მწვრთნელის დავალება მაქსიმალურად შევასრულეთ და გავიმარჯვეთ", - ამბობს გიორგი მერებაშვილი.

2017 წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში, ვაისის გუნდმა თამაში შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67' ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (82' აბურჯანია), ქვილითაია (82' კაჭარავა), მერებაშვილი (82' სიხარულიძე), პაპუნაშვილი (74' გვილია), ნავალოვსკი (82' გრიგალავა). ქართველთა მწვრთნელი მომდევნო მატჩშიც, 13 სექტემბერს, შეეცდება ყველა ის ფეხბურთელი, ვინც კონკრეტული შეკრებისთვის ჰყავს გამოძახებული, მაქიმალურად გამოსცადოს.



„ყველა იმ გუნდისთვის, რომელიც რეიტინგში ჩვენთან ახლოსაა მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპი დიდი შანსია. თექვსმეტი გუნდიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს მხოლოდ ერთი მოიპოვებს და ეს რეიტინგში დაბლა მყოფი ნაკრებებისთვის კარგი შანსია. რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვნახოთ რა მოხდება წილისყრაზე. სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში გასამართი ჯგუფური ეტაპის მოგება გვსურს, რაც საშუალებას მოგვცემს ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ. ეს არის მიზანი და ეს უნდა იყოს ჩვენი დავალება. თითოეული თამაშისთვის ინდივიდუალურად უნდა მოვემზადოთ. დღეს ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 13 ნოემბერს, ქუთაისის „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" გამართავს ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ტრადიციულად  TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 2 ლარია.


ფაქტი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ამ შეხვედრას და საერთოდ მიმდინარე სანაკრებო პაუზას, წინ გურამ კაშიას, ეროვნული ნაკრების მოთამაშის გარშემო აგორებული ხმაური უსწრებდა. ბუნებრივია, გორშიც ყველა (ძირითადად მედია) ელოდებოდა „სასწაულს". არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ, რომ ნებსით, თუ უნებლიედ, ეთერში გადაიცემოდა, გორში არსებული რეალური ვითარებისგან, რადიკალურად განსხვავები ინფორმაცია - მაგალითად, რომ სტადიონზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დიდი რაოდენობით ძალოვანი მობილიზებული და ა.შ.

 


შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ გორში, 10 ნოემბერს მატჩამდე, მატჩის დროს და მისი დამთავრების შემდეგ, უშუალოდ სტადიონის პერიმეტრზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა პოლიციელთა იმ რაოდენობაზე მეტი, რაც ტრადიციულად უეფას ეგიდით გამართულ მატჩებს ახლავს ხოლმე. უფრო დავკონკრეტდებით, სტადიონის პერიმეტს, უშუალოდ ტრიბუნებს, „დინამო არენის", „მ. მესხის სახელობის სტადიონის" და ფედერაციის სტუარდები იცავდნენ. იყვნენ საპატრულოს თანამშრომლებიც, რომლებიც დაშვებული რაოდენობით (უეფას სტანდარტის შესაბამისად) ტრიბუნებების კიდეებში იყვნენ გადანაწილებულნი.

ბუნებრვია, მედიის იმ წარმომადგენელთათვის, ვინც ტრადიციულად ესწრება უეფას ეგიდით მიმდინარე საფეხბურთო მატჩებს და განსაკუთრებით რეგიონებში (ქუთაისში კი ეროვნული ლიგის მატჩებსაც), გორის სურათი არ შეიძლება ყოფილიყო უჩვეული.