მიშა ბერიშვილის, თად მაკფადენის და ბექა ბურჯანაძის გუნდების წარმატებული ტური
მიშა ბერიშვილის, თად მაკფადენის და ბექა ბურჯანაძის გუნდების წარმატებული ტური
20.12.2020
ავტორი: ი.პ.

მიხეილ ბერიშვილი


მიხეილ ბერიშვილის საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით "ალ შამალმა" "ალ აჰლი" 86:85 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 1.1 წამით ადრე 84:85 ჩამორჩენილ მის გუნდს ბურთი გვერდითა ხაზიდან შემოჰქონდა. პასი ბერიშვილმა მიიღო და საფინალო სირენის გაჟღერებამდე მოასწრო სროლა. დაახლოებით 6 მეტრიდან ნასროლი შორეული ორქულიანი "ალ აჰლის" კალათში ჩაეშვა და შეხვედრაც დასრულდა.


კომენტატორმა მიშა, მიშას ძახილით დაასრულა რეპორტაჟი, მოედანზე კი გახარებული "ალ შამალის" კალათბურთელები დარბოდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ. ბერიშვილმა შეუცვლელად, სრული 40 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მიშას ანგარიშზე 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩჭრა დაგროვდა. ბერიშვილმა 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.


საერთო სარგებლიანობით ბერიშვილი მე-2 იყო. საუკეთესო კი ვაელ არკაჯი გახდა, რომელმაც 39 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. 3 მოგებითა და 1 მარცხით "ალ შამალი" მეორე ადგილზეა. შემდეგ ტურში ბერიშვილის გუნდი ბოლო ადგილზე მყოფ "ალ რაიანს" სტუმრად, 22 დეკემბერს შეხვდება.


თად მაკფადენი




ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თად მაკფადნის "ბურგოსმა". საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდმა "მანრესას" უმასპინძლა და 91:80 სძლია. 


მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:23 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თადმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო. საერთო სარგებლიანობით ის მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელ დეიან კრავიჩს, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.


9 მოგებითა და 5 წაგებით "ბურგოსი" ცხრილში მე-6 ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა მაკფადენის გუნდს 27 დეკემბერს, სტუმრად "ხუვენტუდთან" ელის.


ბექა ბურჯანაძე




ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" ესპანეთის ჩემპიონატში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები ლიგის აუტსაუდერ "აკუნსა გიპუზკოა ბასკეტს" ესტუმრნენ და 79:65 დაამარცხეს.


გამარჯვებაშ თავისი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. ბურჯანაძემ 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. კანარელთა ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან 12 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ეიჯეი სლაგტერი.


4 მოგებითა და 10 მარცხით "გრან კანარია" ცხრილში მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ 3 გუნდს 2 გამარჯვებით უსწრებს. შემდეგი შეხვედრა ბურჯანაძის გუნდს 27 დეკემბერს, სტუმრად "მანრესასთან" ელის.