
დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოს 18-გზის ჩემპიონმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე, მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა. ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში, მწვრთნელთა თითქმის ყოველ-სეზონურ ცვლილებებს დაჩვეულ მედიას ეს ამბავი, თითქოს, დიდად არც გაკვირვებია, თუმცა, კლუბის გენერალურ დირექტორს, ზაზა დოლიძეს, მაინც შეახსენეს, რომ 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი მეორედ დაინიშნა „დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად, ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში სტუმრობისას, „დინამო თბილისის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩისკოს ეძლეოდა 3 წელი კლუბში მუშაობისთვის.
„ჩვენ, გადაწყვეტილი გვქონდა მასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მაგრამ მან, ითხოვა მიგვეცა საშუალება და არ შეგვეშალა ხელი მის კარიერული ზრდისთვის. მართალია, ჩვენთვის, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მოგეხსენებათ, რამხელა შესაძლებლობაა ადამიანისთვის ამ დონეზე მუშაობა და ჩვენც, მივეცით ჩისკოს, ბრიტანეთში საქმიანობის გაგრძელების საშუალება.
ჩისკო თვისი საფეხბურთო წარსულითა და სამწვრთნელო კარიერით ძალიან უკავშირდება „დინამო თბილისს" და ვფიქრობ, რომ მისი გადაბარგება ბრიტანეთში, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს, როგორც მასზე და მის პროფესიულ მომავალზე, ასევე ჩვენს, სამომავლო ურთიერთობებზე და მინდა სურვილი გამოვთქვა, უკეთესად განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა" - ამბობს ზაზა დოლიძე.
„დინამო თბილისი" სატრანსფერო ბაზარზე, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე აქტიურია, არ არის სიახლე. ყველაზე ხშირად, საერთაშორისო ტრანსფერები, სწორედ, „დინამო თბილისის" აკადემიისა და მთავარი გუნდის წარმატებულ ფეხბურთელებს უკავშირდება. ამჯერად, კი „დინამო თბილისში" თვლიან, რომ კლუბის ყოფილი მწვრთნელის ინგლისში „გადაბარგება" ქართულ ფეხბურთსაც შესაძლოა კარგად დაუბრუნდეს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ მივცეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ამ შემთხვევაში გამოვიდა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელსაც მივეცით ამის საშუალება, რომ თავი წარმოეჩინა საქართველოში და შემდგე, გზა გახსნოდა ევროპულ ასპარეზზე. ევროპაში, წამყვან კლუბებსაც კი უჭირთ, საკუთარი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შენარჩუნება, როდესაც ისინი შემოთავაზებას უკეთესი ლიგიდან ან გუნდიდან იღებენ. ანალოგიური მოხდა ჩისკოს შემთხვევაშიც, ჩვენ მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სურვილი და იმდენად, პერსპექტიული იყო მისი გადაბარგება კონკრეტულ გუნდში, რომელიც შარშან პრემიერ ლიგაში ასპარეზობდა და ახლაც, აქვს შანსი უკან დაბრუნების, ამას გარდა, მას ჰქონდა სურვილი ყოფილიყო უფრო ახლოს სახლთან და ოჯახთან, ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, მივეცით მათ გუნდიდან წასვლის საშუალება", - ამბობს ზაზა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსმა, რომელიც „დინამო თბილისში" თამაშის პერიოდში, რამდენჯერმე ბომბარდირი იყო, ყოფილი კლუბი, უკვე მწვრთნელის ამპლუაში მყოფმა ორჯერ ზედიზედ, ქვეყნის ჩემპიონიც გახადა. რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ესპანელმა, მშობლიური კლუბი, საკუთარი თხოვნის საფუძველზე დატოვა და კარიერა ინგლისში, ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში, „უოტფორდში" გააგრძელა. ინგლისურმა კლუბმა, „დინამო თბილისის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის საკუთარ კლუბში დანიშვნის შესახებ, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია.





ჩვენ








