
ფარერებზე განცდილი მარცხის შემდეგ, იმ ბულინგის ფონზე, რაც „დინამო თბილისის" მიმართ ხორციელდება, დღეს, „დინამო არენაზე" კლუბის ახალი მწვრთნელის წარდგენისას, საქართველოს მოქმედი და 18-გზის ჩემპიონის გენერალურ დირექტორს კიდევ ერთხელ მოუხდა პასუხის გაცემა.
„შელახული რეპუტაცია, ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი მგონია. ბოდიშს გიხდით. სირცხვილი ვჭამეთ. ნებისმიერი წაგება, 6-1 იქნება ეს, თუ 1-0, არის სირცხვილი და ამისთვის ბოდიში მოვიხადეთ. ამის გამოსასწორებლად, ძალიან ბევრი რამ დავგეგმეთ, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ. გამორიცხული იყო, იმ წუთას, რადიკალური ცვლილებები გაგვეკეთებინა. გუნდმა კი, დაამტკიცა, რომ საქართველოში საუკეთესო კლუბია. ვფიქრობ, ღირსეულად მოვიგეთ, ეროვნული ჩემპიონატი. თუმცა, ის, რაც მოხდა ფარერებზე, იყო ყველასთვის გულის გასახეთქი. მე პირადად, თბილისში ჩამოსვლა არ მინდოდა...
მინდა, გულშემატკივარს მივმართო, რომ თუ გული შეგვტკივა საყვარელ გუნდზე, ნაკრები იქნება ეს, თუ კლუბი... წაგება, რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული იყო და ყველაზე მეტად, მტკივნეული ეს იყო ბატონო რომასთვის, ჩემთვის, კლუბის ხელმძღვანელობისთვის, თანამშრომლებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს შედეგი არ მიგვეღო.
თუ გული შეგვტკივა რაღაცაზე, თუ გვიყვარს ის რაღაცა, რაზეც ან ვიზეც გული შეგვტკივა, განა უნდა ვაძახოთ ყოველ წუთას, რომ „6-1" და „ფარერები"? პირიქით, უნდა შევუძახოთ და ვუთხრათ, რომ თქვენ კიდევ გაქვთ იმის შანსი და რესურსი, რომ საქმე გამოასწოროთ. შესაძლოა, ამ მოსაზრებაში გულშემატკივარი არ მეთანხმება", - ამბობს ზაზა დოლიძე.
„დინამო თბილისის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ კლუბში, ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით, რადიკალურად რამე შეიცვალოს. ყველა მწვრთნელს, კლუბში მისი მუშაობის პერიოდში, ასეთები კი ჩისკო, კახა ჩხეტიანი და შემდეგ კვლავ ჩისკო იყვნენ, კლუბის ხელმძღვანელობა, აქცენტების გაკეთებას, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილებზე სთხოვდა.
„ეს ჩვენი სურვილი იყო. ჩვენი აკადემიის, „დინამო თბილისის" მეორე შემადგენლობის არც ერთ თამაშს, ჩვენ არ ვტოვებთ უყურადღებოდ. ზოგს, ჩანაწერს ვნახულობთ, ზოგს თამაშებს ვესწრებით. ჩვენთვის აკადემია, არის ქართული ფეხბურთის ბრილიანტი. მოგეხსნებათ, რომ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების 70%-ზე მეტი, ჩვენი აკადემიის აღზრდილებით არის დაკომპლექტებული და ის, საერთაშორისო ტრანსფერები, რომლებიც „დინამო თბილისს" ბოლო წლებში გაუკეთებია, ყველა ჩვენი აკადემიის აღზრდილი იყო. იშვიათად, რომ ჩვენ მოყვანილი ფეხბურთელის ტრანსფერი გაგვეკეთებინოს სადმე. აკადემია, არის ჩვენი პრიორიტეტი.
გამიჭირდება დაგეთანხმოთ, რომ დინამოდან ნებისმიერი ფეხბურთელი ვინც წასვლას მოინდომებს, იმის გამო, რომ უკეთესში წავიდეს, ჩვენ ამის საშუალება მივცეთ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც ამოწურავს თავის თავს „დინამო თბილისში" და უფრო უკეთესი პერსპექტივისთვის, ისე, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს გამოადგეს, ასეთი პერსპექტივისთვის იქნება მისი ტრანსფერი მოსალოდნელი, ჩვენ, აუცილებლად, ხელს შევუწყობთ და ამ ფეხბურთელებს, კონკრეტული ვადის შემდეგ, „დინამო თბილისში" თამაშისას, ხელს შევუწყობთ, რომ წავიდნენ ევროპულ კლუბებში.
შარშან, პანდემიის პირობებშიც კი, ჩვენი აკადემიის 2 წამყვანი ფეხბურთელი გადაბარგდა ევროპულ გუნდებში და საკმაოდ წარმატებითაც მოღვაწეობენ. რამდენიმე დღის წინ, ლუკა ლოჩოშვილმა, საკმაოდ სერიოზულ გუნდთან ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და სტაბილურად თამაშობს, ასევე ნიკა ნინუა, ნელ-ნელა შედის, იმ კონდიციაში, რომელიც მას ეკადრება და მას სჩვევია და ასევე იტყვის თავის სიტყვას ევროპულ ფეხბურთში, ჩვენ, ამის საშუალებას, მივცემთ ყველას", - ამბობს ზაზა დოლიძე.
რა შანსები და საშუალება ექნება თავად „დინამო თბილისს" 2021 წლის სეზონზე? ზაზა დოლიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ჩამოსული ლეგიონერი, ორი თავით უნდა სჯობდეს ადგილობრივს. ერთი, რომ ლეგიონერის ჩამოყვანა ასეც და ისეც ძვირი ჯდება და მეორე, რა გამოდის, რომ თავად ვუკეთებთ დისკრიმინაციას საკუთარი აკადემიის გაზრდილებსო, კითხვას, კითხვითვე აბრუნებს დოლიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ დღეს გუნდში, არის 2-3 ლეგიონერი, რომლებიც ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთელებია. „დინამო თბილისის" ახალი მწვრთნელი კი, მათთან მუშაობის სქემებზე და პერსპექტივაზე მუშაობს. თუმცა, დოლიძე არ გამორიცხავს, რომ კლუბში, ახალი სეზონიდან, სხვა ლეგიონერებიც მოვიდნენ, მხოლოდ, ამჯერად ისინი, ეს ლეგიონერები კლუბს, ნამდვილად გააძლიერებენ.
„გიას, აქვს გეგმა, როგორ მოახდინოს ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია გუნდში და იმ შედეგი ჩვენება, პირველ რიგში ჩემპიონობა, საქართველოს თასი და რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა, რაც კლუბის მიზანიცაა. უნდა გვქონდეს ობიექტური მიზნები. ის, რომ ჩვენ გვქონდეს აპრიორში, რომ აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შევდიეთ, დღევანდელი მოცემულობით, საუბარი არაა „დინამო თბილისის" რესურსზე (შეიძლება კლუბს ჰქონდეს ამის ფინანსური შესაძლებლობა), მაგრამ საუბარია ჩვენი ეროვნული ჩეპიონატის დღევანდელ დღეზე, გაგვიჭირდება, კონკურენცია გავუწიოთ იმ ევროპულ გუნდებს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ცდას არ დავაკლებთ და არ მინდა ცუდად გაგვიგონ... ეს, შეიძლება იყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ევროპა ლიგის, ან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, „დინამო თბილისს", ნადვილად შეუძლია. ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. ამიტომ, მინდა მადლობა გადავიხადო გიას, რომ ის გეგმა, რომელიც მან წარმოგვიდგინა აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენს ხედვას", - ამბობს დოლიძე.
ბუნებრივია, შეიძლება თქვას გულშემატკივარმა, რომ ეს ყველაფერი, უკვე ბევრჯერ აქვთ მოსმენილი და „დინამო თბილისიც" მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, თუმცა... „დინამო თბილისში", ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელობაში, სჯერათ, რომ რთულმა 2020 წელმა კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. „დინამო თბილისი" კი, იმდენად უყვარს გულშემატკივარს ცნობიერში და ქვეცნობიერში, რომ კლუბის რეპუტაციის შელახვა ძალიან რთულია.
"დინამო თბილისის" ფოტო





ჩვენ








