„დინამო თბილისში“ მოვიდა კიდევ ერთი დინამოელი
„დინამო თბილისში“ მოვიდა კიდევ ერთი დინამოელი
22.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" დღეს, ოფიციალურად წარადგინა ქვეყნის 18-გზის ჩემპიონის ახალი მთავარი მწვრთნელი. „დინამო არენაზე" მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ აღნიშნა, რომ გიორგი ნემსაძეს, მისივე თხოვნით „1+1"-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ნემსაძის ხელმძღვანელობით, შეკრება 2021 წლის 4 იანვრიდან დაიწყებს. მანამდე კი, გიორგი ნემსაძე კლუბში არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლის.


„არ ვაპირებ, გუნდში რადიკალური ცვლილებების გატარებას. ის წლები, რომელიც ბირთვი ერთად თამაშობს არის ნაშრომი და მიღწეული და ამის დაშლას, მე არ ვაპირებ. არც ვემხრობი. ამიტომ, იქნება იმ რგოლების შევსება, რომელიც ცოტა ჩავარდნილია და აუცილებლად, გუნდში იქნება კონკურენტუნარიანი გარემო. ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი. ეს იყო, ის სატკივარი, თქვენიც, ჩვენიც და გულშემატკივრისაც, რომ „დინამო თბილისი" ისე არ გამოიყურებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ნელ-ნელა გამოსწორებადია. აქედან გამომდინარემ ჩვენ ჯერ, გუნდის შეთამაშებაზე ვიქნებით კონცენტრირებულები და მერე, იმ თამაშის დახვეწას შევეცდებით, რაც ხიბლავს ქართველ გულშემატკივარს. უფრო, შემტევი თამაშის მომხრე და მოყვარული ვარ და აქედან გამომდინარე, გვექნება რაღაც ცვლილებები, თუმცა, რადიკალური არა", - ამბობს გიორგი ნემსაძე.


ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად მოახერხებს ნემსაძის გუნდი თამაშის ტემპის აჩქარებას, ნემსაძეს მიაჩნია, რომ თამაშის ტემპთან დაკავშირებითაც, მოსაზრება კომპლექსურია, რადგან ერთი გუნდის სწრაფი თამაში, ნამდვილად ვერ შეცვლის საერთო სურათს. აქ, საერთოდ, ქართულ ფეხბურთში, ყველა გუნდში, უნდა მოხდეს „გადართვა" სისწრაფეებზე... ჩვენ, შესაძლოა გავზარდოთ ტემპი, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდიდან გამომდინარე, რასაც გვთავაზობს, იმაზე მეტი ყოველთვის ვიქნებითო, ამბობს ნემსაძე.


ბუნებრივია ჩისკოს წასვლით „დინამო თბილისში" ფორს-მაჟორული ვითარება შეიქმნა, რადგან გეგმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონს ესპანელების ხელმძრვანელობის შემთხვევაში ჰქონდათ, ახლა მცირედ კორექტირებას საჭიროებს. ამის გაკეთება კი, სწორედ გიორგი ნემსაძეს მოუწევს. შეცვლის თუ არა ნემსაძე გუნდში უკვე გამჯდარ „სათამაშო ფილოსოფიას"?  ჩისკოს სხვა  ხედვა ჰქონდა, ნემსაძეს სხვა... რას შეცვლის ნემსაძე გუნდში? ესაა კითხვები, რომლებიც დღეს, მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ. ცვლილებები, განსაკუთრებით, ლეგიონერებთან დაკავშირებით აინტერესებდათ. შესაბამისად ნემსაძესაც რამდენჯერმე, სხვადასხვა კუთხით მოუხდა, თითქმის ერთი და იგივე შეკითხვაზე პასუხი.


„ცვლილებებმა თამაშის ხარისხზე არ უნდა იქონიოს გავლენა. უნდა ხშირად უყოს მოგებების სერია. შესაძლოა, დღეს, თამაში ჩააგდო რომელიმე ფეხბურთელმა და არაა გამორიცხული მან დატოვოს გუნდი. ის, რგოლი კი, შესაძლოა შეივსოს ლეგიონერითაც, მაგრამ მერწმუნეთ, რომ გუნდი იქნება დატვირთული ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებით. ამას საქმე დაგვანახებს და შესაძლოა, მომავალი წლის ბოლოს შეჯამება, რომ მოხდება თავად იქნებით, ამ სამუშაოს მომსწრე", -ამბობს ნემსაძე.


იქნება თუ არა ცვლილებები ლეგიონერთა შორის. ქართულ საფეხბურთო წრეებში მუსირბს აზრი, რომ „დინამო თბილისში" არსებულ ლეგიონერებს შორის, რომლის რიცხვი 50-ს გადასცდა, კლუბს რეალურად, ჩისკოს გარდა, ერთი-ორი თუ „გამოადგა".


ის, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს, ამაზე „დინამო თბილისის" ახალი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა აპრიორშივე თანხმდებიან. თუმცა, ცვლილებები უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ. ის დაკვეთა, რაც არის „დინამო თბილისის" მიმართ გულშემატკივრისგან, მაგალითად ლამაზი ფეხბურთი, შესაძლოა არ იყოს შედეგის მომტანი. შესაძლოა, არც ის ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ, იმ სისწრაფეებისთვის და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის მზად, რომელსაც ან ქომაგები ითხოვენ ჯიუტად, ანდა თავად კლუბში მიაჩნიათ, რომ ისინი მთავარი გუნდისთვის მზად არიან. ამიტომ, ზაზა დოლიძესაც და გიორგი ნემსაძესაც მიაჩნია, რომ ეს პროცესი, უნდა ეტაპობრივად მოხდეს.


„ერთი დღეა მხოლოდ, რაც გუნდში ვარ. ვყალიბდებით. ვის აქვს კონტრაქტი, ვის დაუსრულდა. ვის წასვლა უნდა, ვინ რჩება, ჯერ ამას განვიხილავთ. შემდეგ უკვე, ვნახავთ, ჩვენი სურვილით, სად იქნება შევსება საჭირო. დღეს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა, აქ ვარ. თქვენთან ერთად ვარ. ნებისმიერ კითხვებზე გიპასუხებთ, მაგრამ ამისთვის, დრო მინდა. რადგან ჩვენს მიერ დასახელებულ ნებისმიერ სახელსა და გვარზე, უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები.


ამ მომენტისთვის გეტყვით, რომ „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბს დაემატება მწვრთნელის ასისტენტი ლაშა ჭელიძე, რომელიც, იყო გორში, მასთან დიდი ხანია მაკავშირებს სამუშაო პროცესი და ძალიან დიდ და შრომატევად სამსახურს მიწევდა და დაემატება ფიზმომზადების მწვრთნელი, რომელიც უკრაინიდან ახალი წლის პირველ დღეებში ჩამოვა და ამით შემოვიფარგლებით", - ამბობს ნემსაძე.


ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ გუნდთან ერთად აღარ იქნება ტრუბოჩკინი, რომლსაც დაუსრულდა „დინამო თბილისთან ხელშეკრულება. გიორგი პაპავა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი არ დასრულებია, კვლავ კლუბში დარჩება. ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები ნოდარ ქავთარაძესთან, რომელსაც დაუსრულდა კონტრაქტი, მაგრამ „დინამო თბილისს" მისი შენარჩუნება სურს. ასევე, კლუბში დარჩენის შეთავაზება აქვს გაკეთებული დავით სხირტლაძეს, რომელიც „დინამო თბილისმა" სეზონის ბოლოს დაიმატა და დათოს აქვს „დინამო თბილისში" დარჩენის სურვილი. რაც შეეხება გიორგი ქიმაძეს, რომელმაც ბოლო თამაშზე გაიწყვიტა ჯვარედინი იოგები, მას დღეს უტარდება ოპერაცია და როგორც კლუბი აცხადებს, „დინამო თბილისი" მის გვერდით იქნება, ფეხბურთელის სრულ გამოჯანმრთელებამდე, ხელშეკრულების გახანგრძილვების საკითხს, კი, ქიმაძესთან მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა. 2022 წლამდე აქვს „დინამო თბილისთან" ხელშეკრულება ლევან ხარაბაძესაც, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ, ძირითადად სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.


ნემსაძის სათამაშო ხაზზე გადასაწყობად, არაა გამორიცხული, რომ ახალი სეზონიდან გუნდში, რამდენიმე ახალი საკვანძო ფეხბურთელი გამოჩნდეს, როგორც ლეგიონერი, ასევე ადგილობრივი ფეხბურთელები. წინასწარ, „დინამო თბილისში" კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებენ. მათ შორის მიკოლა კოვტალიუკზე, „დინამო თბილისის" ერთ-ერთ ყოფილ ფეხბურთელზე, რომელიც ყველაზე კარგად ნემსაძის აწ უკვე ყოფილ გორის „დილას" მოერგო და 2020 წლის სეზონის ბომბარდირიც გახდა.


ნემსაძის პრიორიტეტი იქნება „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდების ინტეგრაცია პირველ გუნდთან. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ახალი მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მისი ფორმაციის გუნდში, ამ აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდების მაქსიმალური გამოყენება მოხდება. „ამ აკადემიის არაერთი ფეხბურთელი ვიცით, რომელიც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ბირთვს წარმოადგენენ, ისევე როგორც ისინი არიან წამყვან ევროპულ გუნდებში არიან დამკვიდრებულები და ლიდერის ფუნქციასაც ითვისებენ", - ამბობს ნემსაძე.


ასე, პირველ გუნდთან აკადემიის მოთამაშეთა ინტეგრაციით, ნემსაძე, შინაგანად დინამოელების გამოზრდას ვარაუდობს. პარალელურად, თავად ყოფილ დინამოელს, მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი მიდგომა უნდა გახდეს მთავარი ტრამპლინი ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ მომავალში ევროპულ კლუბებში დაიმკვიდრონ ადგილი, რაც თვის მხრივ, ეროვნულ ნაკრებს გამოადგება.


ზაფხულში როდესაც „დინამო თბილისში" მწვრთნელი შეიცვალა, კლუბის ხელმღვანელობას მოლაპარაკება გიორგი ნემსაძესთანაც ჰქონდა. თუმცა, მაშინ ნემსაძეს ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებდა გორის „დილასთან". თუმცა, მას შემდეგ, რაც ნემსაძეს „დილასთან" დადებული კონტრაქტის ვადა ამოეწურა, „დინამო თბილისმა" ნემსაძესთან ხელშეკრულება გააფორმა.


„მე მზად ვარ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღო. ძალიან რთული გზა მაქვს გასავლელი და შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მომიწევს, იმიტომ რომ ამ გუნდში არის დიდი მოთხოვნები. ძალიან კარგად ვიცი, როგორი ტრადიციების გუნდია „დინამო თბილისი".  მინდა, შემოთავაზებული პოსტისთვის მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, ეს არის ძალია მაღალი პასუხისმგებლობის პოსტი. ვფიქრობ, რომ კარგად ვიცი რა დაკვეთა არის გულშემატკივრისგან და ხელმძღვანელობისგან. უცვლელი რჩება, ქვეყნის ჩემპიონობა და თასი და თუ რამე ისეთ, ახალ ისტორიულ ფურცელსაც გადავშლით და შევქმნით, ეს იქნება სასიხარულო. ჩვენ, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ", - ამბობს ნემსაძე.


გორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩემპიონი 2021 წლის 4 იანვრიდან შეიკრიბება. კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა „დინამო თბილისის" სეზონისწინა ტრადიციული თურქული შეკრების გავლას, რადგან COVD 19-ის გამო, სპარინგების მოძებნა გართულდება. არაა გამორიცხული, რომ ზამთრის შეკრება „დინამო თბილისმა" ესპანეთში გაიაროს. თუმცა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ცვლილებები მოხდება გუნდში, ამასაც სწორედ 2021 წლის დადგომასთან ერთად გავიგებთ.


 

„დინამო თბილისის" ფოტო