
„მინდა ვიბრძოლო მხეცივით, დავიხარჯო და მივაღწიო მაქსიმუმს. ახლა, მე უკვე ამ კლუბზე მაქვს აღებული პასუხისმგებლობა და ამ სიტუაციისთვის მადლობა უნდა გადავუხადო. მზად ვარ ამ მომენტისთვის. მე 100 პროცენტით დავიხარჯები. ვიცი, რა გვჭირდება და რა ვითარებაც არის. "
ჩისკო, „უოტფორდში" მისვლის შემდეგ
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „დინამო თბილისის" გულშემატკივარს იმ ქცევისა და დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ჩემდამი გამოხატავდნენ. ეს გარემო იყო ძალიან სასიამოვნო და კომფორტული ჩემთვის. უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ მქონდა აქ, თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა. შემიძლია დავინახო, რომ ეს გუნდი, დღითიდღე უფრო იზრდება, უკეთესი ხდება და გუნდის ყველა რგოლი ერთი მიმართულებით მუშაობს. თუ ეს პროცესი, ერთიანობა გაძლიერდება ეს გზა მომავალში მეტ წარმატებისკენ მიიყვანს „დინამო თბილისს" და ეს ის ფაქტორი გახდება, რომელსაც შემდეგ მოედანზე გასვლისას, შედეგს „დაგვადებინებს".
ჩისკო, „დინამო თბილისიდან" წასვლამდე

ჩისკო, არის ის პიროვნება, რომელიც მაშინაც კი, როდესაც ის, არ იყო „დინამო თბილისში", იცოდა რა ხდებოდა გუნდში. აქ დაბრუნებულს კი, დახვდა აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება, იმისგან რაც 2019 წლის ბოლოს, ჩემპიონ გუნდში დატოვა. შესაბამისად, ისეთ ფეხბურთელებთან მოუხდა მუშაობა, რომელთანაც საქართველოს ჩემპიონატების მანძილზე, ანუ მისი ფეხბურთელობის დროს, „დინამოს", „სამკვდრო-სასიცოცხლო" ბრძოლების გადატანა უხდებოდა. გუნდებს, რომლის გულშემატკივარსაც, ჩისკოს სახელის ხსენებაზე დღემდე აგრესია ეწყებათ და ეს აგრესია, მაშინაც კი გრძელდება, როდესაც ჩისკო მუნიოსი, სამუშაოდ 2020 წლის დეკემბრის ბოლოდან ინგლისურ „უოტფორდში" გადადის.
- როდესაც გუნდში მწვრთნელთა ცვლილება ხდება, გასაგებია, რომ არის რაღაც უნდობლობის მომენტი. ეს მხოლოდ, პირველი რამდენიმე დღე გრძელდება. „დინამო თბილისში" ხანმოკლე განშორების შემდეგ დაბრუნებულს, ჩემთან უცნაური და უარყოფითი დამოკიდებულება, გუნდში ჩემს არ ყოფნაში მოსულ არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუხატავს. სიმართლე გითხრათ, დიდად, არც მიფიქრია იმის შესახებ, თუ საიდან იყო ესა თუ ის ფეხბურთელი „დინამო თბილისში" გადმოსული. მთავარი იყო, მცოდნოდა მათი შესაძლებლობები, რათა საუკეთესო მომენტები გამოგვეყენებინა, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების შემთხვევაში. ერთადერთი, რაშიც დიდი ძალისხმევა დამჭირდა მუდმივად, მეჩვენებინა მათთვის, როგორია და რა არის „დინამო თბილისი". ის, რომ საუკეთესოა კლუბია ქვეყანაში, ყველაზე წარმატებული ისტორიის მქონე. ეს ნიშნავდა, რომ გუნდში, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამომეყალიბებინა. თუმცა, ასევე, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, სოციალური გარემო, თავის სოციალური ქსელებით, საზოგადოებრივი წნეხის ფონი, რაც ამ კლუბის მიმართ, ყოველთვის იყო, არის და იქნება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი, ამ გუნდისგან ელის ქმედითის გაკეთებას. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, უნდა იცოდე, უნდა დაიჯერო. იმისთვის, რომ ის მახასიათებლები და იდეალები გქონდეს თამაშისას, რომელიც საჭიროა, კონკრეტულ თამაშში, თამაშის ჟინთან ერთად. რის გარეშეც, ვერც ერთ საქმეში, წარმატებული ვერ იქნები. შესაბამისად, ეს იყო ის ასპექტი, რომელშიც ყველაზე დიდი ძალა დავხარჯე. დანარჩენი, ნებისმიერი სხვა მიმართულება უპრობლემოდ მიმდინარეობდა.

- რამდენად რთულია იყო ორჯერ ზედიზედ ჩემპიონი, ჯერ როგორც ფეხბურთელი და მერე, მწვრთნელის ამპლუაში?
- როდესაც 25 ადამიანთან ერთად მუშაობ, რაიმე მიზნის მისაღწევად და ბოლოს, როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება, უპირველესი რა გრძნობაც გეუფლება არის, ბედნიერება. თუმცა, რასაკვირველია, გიხარია, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ, გუნდის თითოეული წევრის გამოც. ჩვენ. ამ სეზონის ბოლოს, კიდევ ერთ მიზანს მივაღწიეთ ერთად. თუმცა, ამავდროულად, იმასაც ფიქრობ, რამდენი შეცდომა დაუშვი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ასევე, ამ გუნდის თითოეულმა წევრმა რა როლი შეასრულა მიზნის მიღწევაში. ტექნიკურმა გუნდმა, მოთამაშეებმა... ამ დროს, იწყებ ფიქრს, რომ მსგავსი მიღწევები, უფრო გამოარჩევენ ხოლმე იმ მჭიდრო კავშირებს და თანამშრომლობას, რომელიც ტექნიკურმა გუნდმა, სამწვრთნელო შტაბმა, მოთამაშეებმა და კიდევ ბერმა სხვა ადამიანებმა გასწიეს ერთდროულად.
გამარჯვება, ყოველთვის სასიამოვნოა და გამარჯვებულად ყოფნა კარგი გრძნობაა, ნებისმიერ რანგში, მწვრთნელი იქნები თუ, მოთამაშე. ეს ისეთი რამაა, რომელსაც ერთხელ თუ მიაღწევ და ამას იგრძნობ და განიცდი, შემდეგ ეჩვევი და სწავლობ, ამ დროს არსებული ემოციების მართვას. სწავლობ იმასაც, რა უნდა გააკეთო, რომ სამომავლოდ, ასეთი რამ კვლავაც განიცადო. როდესაც „დინამოს" მაისურით ვხდებოდი ჩემპიონი, ეს უფრო ინდივიდუალური ემოცია იყო, რადგან იქ საკუთარ პატარ-პატარა გადაწყვეტილებზე, პასუხისმგებლობაზე არის დამოკიდებული რომელსაც მინდორზე ყოფნის დროს იღებ. ცდები კიდეც, ზოგჯერ რაღაც უფრო კარგად გამოგდის, გაგაქვს გოლი, მიგდის თამაში და ეს ძალიან, ფართო სპექტრის გრძნობაა. თუმცა, ამ შეგრძნებას, მწვრთნელის რანგში სხვანაირი მახასიათებლები აქვს. შენ ამ დროს ლიდერი ხარ, რომელსაც ჰყავს გუნდი, რომელზეც სხვანაირად ხარ პასუხიმგებელი. სხვადსხვა სამუშაოა მოკლედ. უნდა დააჯერო ეს ხალხი, რომ ის არჩეული გზა, თამაშის ტაქტიკური მონახაზი, რომლითაც გინდა, რომ შენმა გუნდმა ითამაშოს მიზნის მისაღწევად, საუკეთესოა. ისინიც, უნდა გენდონ შენ. ამ შემთხვევაში, „დინამო თბილისის" მწვრთნელის ამპლუაში, თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან, გამიმართლა. აქ, მწვრთნელად მუშაობისას გუნდს სჯეროდა ჩემი. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ფუნდამენტურია ამ მიზნების მისაღწევად, ასე თუ ისე, მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. რაც მთავარია, ამ კლუბის თითოეული რგოლი, იმ საქმეს, ზუსტად ისე აკეთებს, როგორც საჭიროა საბოლოო მიზნის მისაღწევად. ასე, რომ თითოეული ამ რგოლის მაქსიმალურად გამართული მუშაობა, წარმატებისთვის ფუნდამენტია.

- რამდენად მოერგო „დინამო თბილისი" კორონას და როგორ მოარგო ჩისკომ გუნდი ამ ვითარებას. ბევრი თვლის, რომ გარდა იმისა რომ ჩისკო მწვრთნელია, ის არის კარგი ფსიქოლოგი და მან, ამ კუთხითაც დიდი მუშაობა ჩაატარა.
გუნდთან მუშაობისას ფსიქოლოგიური მხარე ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ პერიოდში, როდესაც COVID 19-ის გამო, საშინელი წელი გამოდგა. ყველანაირ დონზე, ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, როდესაც გამოკეტილი ხარ სახლში და ვერ აკეთებ თითქმის ვერაფერს, რაც გიხარი და რაც გინდა, რის გაკეთებასაც ჩვეული ცხოვრების რეჟიმში ხარ მიჩვეული, ბუნებრივია, რომ რთულია. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარ ფაქტორი ის იყო, რომ ფეხბურთის მთავარი დანიშნულება ჩემი გადმოსახედიდან, სიხარულის მოტანაა, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ჩვენი გუნდის მთავარი მიმართულება, კორონა ვირუსიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაში, იყო ის, რომ მე მათ დავანახე, ბიჭებმა კი, ირწმუნეს და დაიჯერეს, რომ ამ ყველაფერში, უმთავრესია ნდობა და იმ არსებულიდანაც კი, განწყობის შექმნა, რის საშუალებაც გვქონდა. ეს იყო ვარჯიში, მზადება თამაშებისთვის. ჩემი აზრით, მაშინაც კი, როცა ვარჯიშობ, უნდა გაერთო და სავარჯიშო პროცესები არ უნდა გახდეს, მოსაწყენი რუტინა. უნდა ითამაშო... ეს ყველაფერი გაძლევს ძალავს და მოტივაციას, საბოლოო მიზნამდე მისასვლელად, მაგრამ თავად მომზადების პროცესია მნიშვნელოვანი.

გასაგებია, სამწუხაროდ, ერთი საშინელი დღე გვქონდა უეფა-ს თამაშზე, როდესაც ვერაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ დაგვეჯერებინა, რომ შეგვეძლო გაგრძელება. ამისთვის უნდა გაგვეკეთებინა მაქსიმუმი და მიგვეღწია, მივყოლოდით შერჩეულ სტრატეგიას. საბოლოო ჯამში, იმ ცუდი დღის შემდეგ მივიღეთ ის, რომ 8 თამაშიდან 7 მოვიგეთ. შესანიშნავი შედეგი ვაჩვენეთ. არაა ადვილი, არ თამაშების მოგება და არც ასეთ შედეგის ჩვენება და რაც მთავარია, გუნდის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ბოლო 10 წლის მანძილზე, ორჯერ ზედიზედ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება, შესანიშნავი შედეგია. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი, რადგან პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველა მუდმივად მხარში მედგა.
- ცუდი დღე მართლაც იყო... რა იყო მიზეზი... რას ფიქრობ, რა მოხდა. საქართველოს ჩემპიონობა კარგია, მაგრამ გულშემატკივარს აინტერესებს ევროთასები. რას ხედავს ამ გუნდში გასაკეთებელს, ამ მარცხის შემდეგ, რომ ჩვენ შევძლოთ ევროტურნირებზე ვითარების გამოსწორება?
- მართლა ძალიან მძიმე დღე იყო. თუმცა, არა მგონია, რომ ისეთი რამ მოხდა, რაზეც ამდენი ხანი და მუდმივად უნდა ლაპარაკობდნენ. მათ შორის არც ჩვენ. ისევე როგორც, არ უნდა ვიფიქროთ იმ ფაქტორებზე, რომელთა გამოსწორებასაც, იმ დღით (ძველი თარიღით - სარედაქციო მინიშნება) უკვე ვეღარ მოვახდენთ. უბედურება ისაა, რომ თუნდაც მთელი სეზონი ყველაფერი კარგად ჩაატარო და ერთი დღე ჩაგივარდეს, ყველას ის ერთი დღე ახსოვს და ამას, საკმაოდ ხანგრძლივი ეფექტი აქვს. გამოძახილიც შესაძლოა, ძალიან მკვეთრი ჰქონდეს, როგორც ფსიქოლოგიურ დონეზე. ბევრი კარგი გუნდი, ავიღოთ თუნდაც „ბარსელონა", მოხვედრილა მსგავს ვითარებაში. შესაძლოა, 6-7 გოლიც კი, გაუშვა რომელიმე თამაშზე, მაგრამ ცხოვრება უნდა გააგრძელო. ამიტომ, ვსარგებლობ შემთხვევით და ჩვენს გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს, იმის გამო, რომ იმ დღეს, არ ვიყავით იმ დონეზე, რომელიც მოგვეთხოვებოდა. ამას ვაღიარებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სულ ამ „ბოდიშის" მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. ამიტომ, ამისთვის წუთიც აღარ უნდა დაიკარგოს. მიზეზებზე ფიქრის ნაცვლად, დაუღალავად უნდა შრომა, რომ მომავალი წლისთვის, გუნდმა საუკეთესო შედეგებზე იფიქროს. გააფართოვოს ის შესაძლებლობები, რომელიც „დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის გარდა, სხვა სარბიელზე უნდა აჩვენოს. მჯერა, რომ „დინამო თბილისი", თავის მაქსიმუმს გააკეთებს და საუკეთესო შედგეს მიაღწევს. ახლა, „დინამომ", მომავალი მიზნებზე უნდა იფიქროს.

- კარგი, შევთანხმდით, ბოლოჯერ ვსვამ ფარერებთან დაკავშრებით შეკითხვას. ხომ არ იყო ჩვენი მხრიდან მაშინ მეტოქის შეუფასებლობა? მაგალითად, იგივე ეროვნულ ლიგაზე, როდესაც ჩემპიონობამდე „დინამოს" ჰქონდა 3 თამაში დარჩენილი, აქედან ერთი გადადებული და მარტივად შეეძლო, იმ გადადებული თამაშის ხარჯზე, ბოლოს წინა-ადგილოსან „ჩიხურასთან", რამდენიმე ტურით ადრე გაენაღდებინა ჩემპიონობა, „დინამო თბილისმა" უბრალოდ არ დააფასა ან შეაფასა მეტოქე?
- არა, მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარა. ზუსტად ვიცოდით, ფარერების შემთხვევაში, რა გუნდთან გვიწევდა თამაში. ვიცოდით, რომ განსაკუთრებით ფიზიკური თვალსაზრისით, ძალიან ძლიერები იყვნენ. განსხვავება იყო თამაშის სტილშიც, ჩვენ უფრო ტექნიკური ფეხბურთი გვიყვარს. ისინი, დატვირთვას, თავის ამ ფიზიკურ მონაცემებზე აკეთებდნენ. არ გაგვიმართლა ამინდშიც. თუმცა, არ მგონია გამართლებული, რომ ოთხი თვის წინანდელი მატჩის დეტალებში შევიდე, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდი იყო. გასაგებია ისიც, რომ ბევრი არგუმენტად იყენებს, ვითომდა ფარერები პატარა ქვეყნის წარმომადგენლები არიან და საფეხბურთო კუთხით, არც ისეთი სახელოვანი. თუმცა, იმ მომენტისთვის ჩვენ არ გვქონდა საკმარისი მომზადება და ის დონე, რომელიც სწორედ, ასეთი ტიპის გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოგვადგებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის წლის მანძილზე, ერთი ან ორი ცუდი დღე, ყოველთვის არის და ამ შემთხვევაში, ეს სწორედ ის საშინელი დღე იყო. რაც შეეხება, იმას, რომ საქართველოს გარეთ, ევროთასებზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ვთქვა, რონ ნებისმიერი გამარჯვება რთული მისაღწევია. ამიტომ მნიშვნელოვანია, გულშემატკივარმა გაიგოს, რომ ნებისმიერი პატარა მიღწევასთან მისასვლელად, უდიდესი შრომაა ჩატარებული, რომლისთვისაც ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ხანგრძლივი და მძიმე შრომა, რომელიც მნიშვნელოვანია „დინამო თბილისისთვის" უკვე მომდევნო საფეხბურთო სეზონზეც.

- და როგორ ფიქრობთ, მომავლის გამოსოწრება, „დინამო თბილისში" არსებული დღევანდელი რესურსით უნდა მოხდეს? უპირველესად შეცვლილი ფორმატის ევროთასები იგულისხმება...
- საქართველოს ჩემპიონატი ახლა დასრულდა და ჯერ, ამ გამარჯვებით სიამოვნების დროა. მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემპიონობასთან დაკავშირებულ ზეიმს მორჩება, „დინამო თბილისი" შეძლებისდაგვარად, იმ ოპტიმალურ შემადგენლობამდე მივა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დაეხმარება გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამარჯვებას წინ უძღოდა მთელი გუნდის მუშაობა, წეღანაც აღვნიშნე, ეს არის ბაზაზე მომუშავე ტექნიკური თანამშრომლებიდან დაწყებული, „დინამო არენის" მინდვრის მუშებით დასრულებული. რასაკვირველია, გუნდს სჭირდება გაძლიერება, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ახლანდელი გუნდიც არ არის ცუდი. COVID 19-ის გადამკიდე, სხვადასხვა სახის პრობლემა გვქონდა, თუმცა, შეძლებისდაგვარად, საუკეთესო ფეხბურთელებით გაძლიერება, სამომავლოდ არ იქნება ცუდი.

- და ბოლო შეკითხვა, რომელიც ესპანური მედიისთვის მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც „გრანადა" - „ლოკომოტივის" დაპირისპირებამდე, ქართულ გუნდზე აზრი გკითხეს. მოდი, ახლა ამ კუთხით შეგეკითხებით- საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ჩაუჯდა ესპანეთის ნაკრებს. როგორც ესპანელი, რომელსაც საქართველოში დიდი ხანი გაქვთ გატარებული, რა რჩევას მისცემდი, ჩვენი ნაკრების ბიჭებს?
- კარგი მატჩის ხილვა, ყოველთვის სასიამოვნოა. რა საკვირველია, „ლოკომოტივის" შემთხვევაში, ყველამ იცოდა, რომ „გრანადა" ამ წყვილში ფავორიტი იყო. საერთო ჯამში, მართლა კარგი თამაში გამოდგა. რაც შეეხება, საქართველოს ნაკრებს, გასაგებია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდი ვერ გავიდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ აქამდე მივედით, ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ გასვლის შემთხვევაში, ეროვნული ზეიმი იქნებოდა და ეს გახდებოდა ისტორიული ფაქტი, თუმცა არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ ის შრომა, რაც ამ გუნდში მუშაობისას ვლადიმირ ვაისმა და სამწვრთნელო შტაბმა გაწია, მათ შორის ფეხბურთელებმა, საკმაოდ დიდი და დასაფასებელია. წეღანაც ვიძახდი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უპირველესი დანიშნულება, ამ სპორტის ის არის, რომ კონკრეტული თამაშებით, მივიღოთ სიამოვნება. ბიჭებსაც ყოველთვის ამას ვეუბნები. ფეხბურთი მოგონილია გასართობად და სიამოვნების მისაღებად. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც თბილისში, ასევე ესპანეთში ამ გუნდების დაპირისპირებას სიამოვნებით ვუყურებ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმისდა მიუხედავად, რომ ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერია და ამ წყვილშიც ლიდერია, ჰყავს ბევრი ახალგზარდა მოთამაშე დამატებული. ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს საქართველოს მიმართაც, რადგან აქ ბევრი მეგობარი მყავს და ეს ქვეყანა, რაღაც გამორჩეული შეგრძნებებს მიჩენს. ამიტომ, ორივე გუნდს წარმატებებს ვუსურვებთ და რაც მთავარია, ვისიამოვნოთ.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებას, თუმცა, ისევე, როგორც „დინამო თბილისისას", ჩისკო მუნიოსი 2021 წელს ნაღდად ინგლისიდან მიადევნებს თვალს. მის ახალ გუნდს, კი 26 დეკემბერს, ინგლისის ჩემპიონშიფში, ქართველი-ესპანელის თამადობით სადებიუტო მატჩში წარმატებას ვუსურვებთ.





ჩვენ








