„ტორპედოს“ საზიანო უკუთვლა დაიწყო
„ტორპედოს“ საზიანო უკუთვლა დაიწყო
23.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქუთაისის „ტორპედოს" იტალიელი, აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ფაბრიციო მანინოს ეს ფოტო, „დინამო არენაზე", 26 ნოემბერს, ქართული კლასიკოს დაწყებამდეა გადაღებული. იმ დღეს, იტალიელმა სპეციალისტმა, TSFF.Ge-სან საუბრისასა აღნიშნა, რომ „დინამო არენის" მინდვრის საფარი, საუკეთესო იყო, მათ შორის, რაც საქართველოში ჰქონდა ნანახი. კმაყოფილი ჩანდა ქვეყნის მთავარი სტადიონის დათვალიერების შემდეგ. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, იტალიელი საქართველოდან გამგზავრებას აპირებდა. გამგზავრების შემდეგ კი, იმერული კლუბის სოციალურ ქსელში, კიდევ ერთხელ დაიწერა, რომ მანინომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კლუბში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა.


ამ მომენტში, უკვე ნათელი იყო, რომ „ტორპედოს" ფლეი-ოფში მოუწევდა ძლიერთა შორის ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა. ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე კი, დაახლოებით 2 კვირაში, გამოჩნდა ინფორმაცია, რომ „ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს" კლუბის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად განესაზღვრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერი. აღნიშნული ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კლუბს ავტომატურად შეუჩერდება ლიცენზია გასაჩივრების უფლების გარეშე".


28 დეკემბრამდე, რამდენიმე დღე რჩება. „ტორპედოს" ხელმძღვანელობაში, იმედოვნებენ, რომ ამ დავალიანების გასტუმრებას ქუთაისური კლუბის ინვესტორები მოახერხებენ. ამას კი, იმისდა მიუხედავად გააკეთებენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მანინომ, „ტორპედოს" პრეზიდენტის პოსტი დატოვა. „ტორპედოში" ასევე იმედოვნებენ, რომ იმ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი, რომელმაც იმერულ კლუბს სამაშველო რგოლი გადაუგდო მალე, კლუბში ახალ პრეზიდენტს მოავლენენ. მანამდე კი, დავალიანებას დაფარავენ.


პრეზიდენტის დანიშვნამდე, ალბათ, ტორპედოელთათვის, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული დავალიანების დაფარვაა. სხვა შემთხვევაში, უკვე სფფ შეუჩერებს კლუბს ლიცენზიას და შესაბამისად, მას ყველაზე კარგ შემთხვევაში, ლიგა 4-ში, ცუდ ვარიანტში კი, ლიცენზიის არმქონე გუნდებთან ერთად მოუწევს თამაში და ძლიერთა შორის დასაბრუნებლად მინიმუმ 3 წელი.