"ტიტების" წარმატება და ფევაძის რეკორდი სუპერლიგის ორ მატჩში
"ტიტების" წარმატება და ფევაძის რეკორდი სუპერლიგის ორ მატჩში
23.12.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

დღეს გამართული სუპერლიგის რიგით მეორე მატჩში ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც დამატებით დროში გაირკვა. ჩემპიონატის აუტსაიდერი, ერთადერთი გამარჯვების მქონე "მგზავრები" ერთ-ერთ მოწინავე "ცხუმ-აფხაზეთს" შეხვდა და ოვერტაიმის ბოლო წამზე წააგო - 83:85 (სტატისტიკა)


ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. "მგზავრები" მესამე პერიოდში 15 ქულით - 60:45 იგებდა. ბუბა ბერიშვილის გუნდს თამაში მისდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერების გარჯა, რომელთა შედეგიანობითაც აუტაიდერ გუნდს სამი პერიოდი სერიოზული პრობლემები არ შექმნია.  


ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა, რაც "ცხუმ-აფხაზეთის" ახალგაზრდა მოთამაშეების - ალექსანდრე ფევაძისა და ნიკა ჩეჩელაშვილის დამსახურებაა. მათ მხარს კარგად უბავდნენ გამოცდილი ცენტრი გიორგი შარაბიძე და ლეგიონერი ტაილერ გრინი,ხოლო დაცვაში ტრადიციულად საიმედოდ ირჯებოდა ზუკა მაჩალაძე. შედეგად "ცხუმ-აფხაზეთმა" ანგარიშიც გაათანაბრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 6 ქულით - 70:64 დაწინაურდა.  


თამაში გადასარჩენი "მგზავრებს" გაუხდა და ჯეიდონ კოჰის, ტროი სტიუარტისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ძირითადი დროის ამოწურვამდე ბერიშვილის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ფრე იყო ოვერტაიმის ბოლო წამებზეც - 83:83. დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ფარქვეშიდან ბურთი ცხუმელებმა შემოიტანეს და ალექსანდრე ფევაძემ, რომელმაც 23 მოხსნით სეზონის რეკორდი დაამყარა, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო (ვიდეო). 


19 ქულით, 23 მოხსნითა და 3 პასით ფევაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 22 ქულა დააგროვა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 13 - გრინმა. "მგზავრებში" 24 ქულა ჰქონდა სტიუარტს, 23 - კოჰს, ახალწვეულმა ჯეიდენ ფრედერიკმა კი 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.


სუპერლიგის მომდევნო მატჩები 26 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: თსუ - დინამო, ოლიმპი - მგზავრები.


***


სუპერლიგაში სატურნირო ვითარება ისეთი მჭიდროა, რომ მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი "ტიტები" ერთი გამარჯვებით ცხრილში 6 პოზიციით დაწინაურდა. 3 მოგებითა და 4 წაგებით "ტიტებს" დღევანდლამდე ცხრილში მე-10 ადგილი ეკავა, თუმცა "ბათუმთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ეს იმის მანიშნებელია, რომ სუპელიგაში გუნდების თანაბარი დონეა და შესაბამისად, ჩემპიონატს დაძაბულობაც საკმაო დოზით ახლავს.


"ტიტებმა" საკმაოდ დაბალანსებული მეტოქე ისე დაამარცხა, პრობლემა არ შეხვედრია. გია კაზანჯიანის გაწვრთნილ "ბათუმს" ჩავარდნა აქვს. ზღვისპირელებმა ბოლო 5 მატჩიდან უკვე მეოთხედ წააგეს. წინა ტურში კი ბათუმელები სეზონის ანტირეკორდის მონაწილენი გახდნენ, როცა ქუთაისში 37 ქულით წააგეს. 


მხოლოდ პირველი პერიოდი იყო თანაბარი, რომელიც 30:30 დასრულდა. შემდეგ კი "ტიტებმა" საკმაოდ გააზრებულ და გუნდურ თამაშს მიმართა და ლიდერობას გზადაგზა იმტკიცებდა. დიდი შესვენებისთვის თბილისელები უკვე 9 ქულით იგებდნენ და ტემპი არც მეორე ნახევარში დაუგდიათ. ტაილან ბერტსის, ჯორდონ თალის, დავით ლომიძისა და ბრენდან აუგბორნსის მექულეობით "ტიტებმა" ბოლო პერიოდში 20-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და მატჩის ბედიც საბოლოოდ გაარკვიეს. აღსანიშნავია თეიმურაზ ბაბუნაშვილის 12 ქულა, რომელიც მან ძალიან მნიშვნელოვან დროს მოიპოვა და "ტიტების" დაწინაურებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.


საბოლოოდ "ტიტებმა" 97:88 (სტატისტიკა) სძლია "ბათუმს" და სუპერლიგის ლიდერებს მიუახლოვდა. სამმა კალათბურთელმა - აუგბორნსმა, ლომიძემ და თალიმ 18-18 ქულა დააგროვეს, გუნდის ბომბარდირი კი 21 ქულით ბირტსი გახდა. ბათუმელთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა ვუიოვიჩი. 21 ქულით პეტარ არანიტოვიჩი გამოირჩა.