ზუროსის რჩეული 24 კალათბურთელი ცნობილია
ზუროსის რჩეული 24 კალათბურთელი ცნობილია
13.11.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის 24 მოთამაშე დაასახელა, რომელიც  მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას. უშუალოდ თამაშების წინ, სწორედ ამ 24 კანდიდატიდან შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომლებიც უკვე ნოემბრის ბოლოს, გერმანიასა და სერბეთში, მსოფლიოს შესარჩევი ჯგუფის პირველ შეხვედრებს ჩაატარებენ.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ევრობასკეტი 2017-ის შემდეგ ეროვნული ნაკრების რიგები ერთდროულად რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა, ზუროსი რთული ამოცანის წინაშე დადგა. ქართველთა თავკაცი დღევანდელ არჩევნამდე საქრათველოში ჩატარებულ ყველა ტურნირს დაესწრო და 24 კალათბურთელიც, მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულ ნაკრებში, გამოძახებულნი არიან ევროლიგის მოთამაშეები - გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი). საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს პასპორტს ფლობს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას ბოლო 2 წელია, იცავს. ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას აღნიშნულ პრეს-რელიზში გაეცნობით.

ამრიგად, ილიას ზუროსის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ: თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, მაიკლ დიქსონი, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე, მიხეილ ბერიშვილი, ანატოლი ბოისა, ბექა ბექაური,ნოდარ გოგოძე, ნიკა ცქიტიშვილი, ლევან ფაცაცია, აკაკი დვალიშვილი, ბექა წივწივაძე, რევაზ როგავა, ნიკა დარბაიძე, გეგი ბაქრაძე, გიგი გოგობერიშვილი, ოთარ პერტაია, ნიკა მეცხვარიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი.

ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში. გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს - იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით მათი ადგილები დაიკავეს „ოლიმპის" მწვრთნელმა, დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი კალათბურთელი იყო და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ლიმნიატისმა მუშაობა მწვრთნელად დაიწყო.

გასულ სეზონში ის ბერძნული პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. სამწვრთნელო შტაბში, ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებენ უცხოელი სპეციალისტები - სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიხომირ ბუიანი.

შეიცვალა ფიზმომზადების მწვრთნელიც. დამსახურებული ავთო ბერიძის ადგილი ახალგაზრდა სპეციალისტმა - ირაკლი შიოშვილმა დაიკავა. ბერიძე მუშაობას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გააგრძელებს. ექიმთა შტაბს კვლავინდებურად თემურ ხვედელიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ზურა სულეიმანაშვილი დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს 12 ნოემბერს, „დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. ილიას ზუროსი გუნდს 20 ნოემბრამდე ავარჯიშებს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და 24 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს.

საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს და ფიბას მიერ გამოყოფილი სანაკრებო ფანჯრის მეორე შეხვედრას გასული ევრობასკეტის ვერცხლისმედალოსან სერბეთთან გამართავს.

შეგახსენებთ, შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიისა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც გახლავთ. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო ფანჯრები თებერვალში და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.