ქუთაისმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო!
ქუთაისმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო!
27.12.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

სუპერლიგის 3 მატჩი გაიმართა დღეს თბილისსა და რუსთავში. დედაქალაქში გამართული 2 შეხვედრიდან ორივე ყურადღებას იქცევდა. პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილში მეზობლები, ცხუმ-აფხაზეთი და ვერა ხვდებოდნენ. 


მატჩი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ცხუმ-აფხაზეთის უპირატესობით წარიმართა, რომელიც მცირე გამონაკლისის ჩათვლით, მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. ვერელები მხოლოდ ერთხელ, ისიც 1 ქულით დაწინაურდნენ, ხოლო ცხუმ-აფხაზეთი ხელჩასაჭიდ ლიდერობას ინარჩუნებდა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია - 75:67 (სტატისტიკა).


ცხუმ-აფხაზეთში 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ალექსანდრე ფევაძეს - 11 ქულა, 9 მოხსნა. 12 ქულა და 7 პასი ტაილერ გრინმა მიითვალა. ვერელთაგან 17 ქულით, 4 ქულითა და 4 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარედ ბრედლი, ჯოშუა ჰავლის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 


ეს ცხუმელების მე-6 გამარჯვება გახლდათ 9 თამაშის შემდეგ და ამ შედეგით ჩერქეზიშვილის გუნდი მე-3 ადგილზეა. ვერა კი 9-დან 3 მოგებით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. 


8 მატჩიდან 8 გამარჯვება აქვს და მე-2 ადგილზეა ქუთაისი. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს თბილისში კაკტუსს მოუგო. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა სუპერლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს პირველ ნახევარში ტოლი არ დაუდეს. დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი - 41:41 იყო, თუმცა მესამე პერიოდში შეხვედრის ბედი გადაწყდა. ათწუთეული ქუთაისელებმა 28:12 მოიგეს და 16 ქულით გალიდერებულებმა დარჩენილ ათწუთეულში მატჩი სასურველ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანეს - 101:78 (სტატისტიკა)


გამარჯვებულებს 21 ქულით ჟოელ ალმეიდამ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა კაჰიმ რენსომმა, ხოლო დეჟან რაითის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. კაკტუსში 15 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო დარიუს უილიამსი. 18 ქულით მობმბარდირი სანდრო სანაძე გახდა. 


ქუთაისელები ცხრილში მხოლოდ თსუ-ს ჩამორჩებიან, რომელსაც 7 მოგება და 3 მარცხი აქვს.


***


მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცოტა მატჩი ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთავს ჰქონდა ჩატარებული, რომელმაც დღეს "ქიმიკოსთან" დარბაზში ტიტებს უმასპინძლა და ჩატარებული შეხვედრებით მგზავრებს გაუთანაბრდა. ქვემოქართლელებმა სუპერლიგის პირველი მატჩი წინა ტურში, დინამოსთან წააგეს და დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი ძალა და ამბიცია საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდათ დასამტკიცებელი. 



ეს გახლდათ ასევე ახალბედა მწვრთნელთა დუელი. მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა ეროვნულ ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელები და ახლა უკვე მწვრთნელთა შტაბში კოლეგები არიან. ბოისა რუსთაველებს უძღვება, მარკოიშვილი - ტიტებს, რომელთა დღვანდელი სამწვრთნელო დუელიც საინტერესო გამოდგა. 


მატჩი რუსთაველთა ლიდერობით წარიმართა, თუმცა ტიტები არ რჩებოდა და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. ქვემოქართლელთა უპირატესობა პერიოდულად ათქულიან ზღვარს სცდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მოწყობილი გაცევის შედეგად მარკოიშვილის გუნდმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. მასპინძელთა წუთშესვენებამ იმუშავა. რუსთაველებმა თამაში გამოაკეთეს და ამერიკელი ლეგიონერების - ჯილან ვაშინგტონის, მალიქ უაიტისა და მაიკ დევისის შედეგიანი თამაშით, რომლებსაც გიორგი თვალაბეიშვილიც დიდად დაეხმარა, მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. 


საბოლოოდ რუსთავმა 89:82 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და დაკარგული ქულებით სუპერლიგაში მხოლოდ ქუთაისს ჩამორჩება. ქვემოქართლელებს თვალაბეიშვილმა ულიდერა, რომელმაც გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა: 8-დან 8 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო. მოგროვებულ 24 ქულას თვალაბეიშვილმა 4 მოხსნა შემატა და საკუთარ გუნში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. 18 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მოუგროვდა მაიკ დევისს, მაილ უაიტის ანგარიშზე კი 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა იყო. ტიტებში 16 ქულით, 11 პასითა და 8 მოხსნით თავი ჯორდონ თალიმ გამოიჩინა. 20 ქულა და 10 მოხსნა ტაილან ბირტსის ანგარიშზე დაგროვდა.


სუპერლიგის მომდევნო მატჩი 29 დეკემბერს ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ ოლიმპი ჩავა.