ბერიშვილის 24 ქულა ალ შამალს ალ არაბის დასამარცხებლად არ ეყო
ბერიშვილის 24 ქულა ალ შამალს ალ არაბის დასამარცხებლად არ ეყო
29.12.2020
ავტორი: ი.პ.

მიხეილ ბერიშვილის ალ შამალი ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში უშუალო კონკურენტ ალ არაბის გაეჯიბრა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშის მიუხედავად დამარცხდა - 74:82.


საინტერესოა, რომ საფინალო სირენამდე 05:43 წუთით ადრე, ბერიშვილმა მორიგი სამქულიანი ჩააგდო და ალ შამალი 71:62 დააწინაურა, რის შემდეგაც მეტოქემ დარჩენლ დროში 20:3 გაიქცა და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა.


საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მიხეილმა 6-დან 2 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.


ბერიშვილს შედეგიანობის მხრივ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა და მას სარგებლიანობის კოეფიციენტის (29) მიხედვითაც ვერავინ აჯობა.


ალ შამალს 7 ტურში 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 2 იანვარს, ერთპიროვნულ ლიდერ ალ გარაფასთან ჩაატარებს.