
მეორე დღეა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის შეუდგა მზადებას. 24 კაციანი შემადგენლობით, ბერძენი ილიას ზუროსის საქართველოს ნაკრები, შეკრებას 20 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში, „დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე გაივლის. ხოლო საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" სატრენაჟორო სივრცეში, კალათბურთელები ფიზიკურ მომზადებას გაივლიან. 20 ნოემბრისთვის ზუროსი იმ 12 კალათბურთელის ვინაობას დაასახელებს, რომლებიც შესარჩევი მატჩების ჩასატარებლად გერმანიასა და სერბეთში გამგზავრებიან. მანამდე, კი გთავაზობთ, კონტრარქტის გახანგრძილევის შემდეგ, ქართველთა მწვრთნელთან მომზადებულ ინტერვიუს.
ზუროსი გუნდში დარჩა
პირველ რიგში დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ მომცა შანსი მემუშავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან და გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა, რომელიც ორი წლის წინ დავიწყეთ. როგორც იცით, პირველივე დღიდან გვქონდა გეგმა და ახლაც, ვაგრძელებთ მის შესრულებას. საკვალიფიკაციო თამაშების მეორე ეტაპს ვიწყებთ რამდენიმე დღეში. ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია ქართული კალათბურთისთვის, რადგან კარგად იცით, რომ ახალი სისტემა ამოქმედდა; დიდი პრობლემებია ევროპის ლიგასა და FIBA-ს შორის; არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა კალათბურთელი დავიხმაროთ თამაშის დროს და, შესაბამისად, არ ვართ საკმარისად ძლიერები. ეს პრობლემები სხვა გუნდებსაც აქვთ. გვყავს ისეთი კალათბურთელებიც, რომლებიც აქტიურად თამაშობენ და 19-ში შემოუერთდებიან გუნდს. ფაქტობრივად, მხოლოდ ორი დღე გვრჩება ერთობლივი ვარჯიშისთვის, რაც ძალიან ცოტა დროა. მაგრამ ასეთია სისტემა და ჩვენც არ უნდა გავჩერდეთ. როგორც აქ მოსვლის პირველივე დღეს ვთქვი, ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჩვენც და ჟურნალისტებმაც. ევროლიგის გუნდებთან, უკვე დიდი ხანია რაც გავაგზავნეთ წერილები იმისათვის, რომ მოხერხდეს ჩვენი კალათბურთელების თამაში ნაკრებში და დიდ მადლობას ვუხდი კალათბურთის ფედერაციას ორგანიზებულობისთვის. ამ მომენტში ვიწყებთ მუშაობას იმ კალათბურთელებთან, რომლებიც აქ არიან და ველოდებით გუნდის დანარჩენი წევრების ჩამოსვლას, რომელთა ნაწილიც უფრო ადრე შეუერთდება ნაკრებს, ნაწილი კი საკმაოდ გვიან. სწორედ ამიტომ, ეს გუნდისთვის ყველაზე რთული პერიოდია.
ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში
სამწრთვნელო შტაბში ცვლილებებია. კმაყოფილები ვართ იმ სამუშაოსთვის, რაც ძველმა მწრთვნელებმა კოტე ტუღუშმა, ირაკლი ხოშტარიამ, ავთო ბერიძემ შეასრულეს ამ წლების განმავლობაში. ისინი, ძალიან კარგები არიან, მათ ვაფასებთ და ვმეგობრობ, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი ციკლისთვის ახალგაზრდა მწრთვნელებს მივცეთ შანსი გაგვიზიარონ ახალი იდეები და იმუშაონ ჩვენთან ერთად. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული ამ საქმეში, წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსია. სამწუხაროდ, იურიცა გოლემაციც არ იქნება ჩვენს გვერდით, რადგან ვერ ტოვებს თავის გუნდს და მინდა მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დღემდე გააკეთა. ერთ-ერთი ახალი მწრთვნელი, ჩემი ასისტენტი იქნება ბერძენი ჯორჯ ლიმნიატისი, რომელიც იყო ნაკრების მწრთვნელიც, აქვს პირველი ლიგის გუნდებში მუშაობის გამოცდილებაც. ასევე, ასისტენტ-მწვრთვნელი იქნება დავით როგავა, ფიზიკური მომზადების მწრთვნელი - ირაკლი შიოშვილი, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან. შესაძლოა გვყავდეს სხვა, კიდევ ერთი მწრთვნელიც, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ, რადგან ამ ეტაპზე ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება.
მწრთვნელების განახლების პროცესი ძალიან ბუნებრივია. ვიმეორებ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. თუ ისეთი კარგი მწრთვნელები, როგორებიც კოტე, ავთო და ხოშტარია არიან კლუბებს ჩაუდგებიან სათავეში, ეროვნული ნაკრების კალათბურთის დონეც აიწევს. მათთან მქონდა კომუნიკაცია და ძალიან კარგი მეგობრები ვართ. კალათბურთი ხალხს აკავშირებს. შეიძლება, მწრთვნელი წავიდეს, მაგრამ მაინც მეგობრობდეს გუნდთან. ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ ქვეყნის სასარგებლოდ და შანსი მივცეთ ახალ სახეებს. რაც უფრო მეტი პროფესიონალი მწრთვნელი გვეყოლება, მით უკეთესია ქვეყნისთვის. არასოდეს ვიღებთ გადაწყვეტილებას ვინმეს წინააღმდეგ. შეიძლება მომდევნო სეზონზე ამჟამინდელ მწრთვნელებს დავემშვიდობოთ და კიდევ სხვები მოვიწვიოთ, მაგრამ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად უნდა ვიშრომოთ ქვეყნისთვის. მჯერა მეგობრობის და ხალხის. ირგვლივ კონფლიქტები და კრიზისია, ხალხს აღარ სჯერა ერთმანეთის. ჩვენ უნდა ვენდოთ ერთმანეთს და ერთად ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა (ბერძენი მწვრთნელი საქართველოზე ლაპარაკობს - სარედაქციო) უკეთესად წარმოვაჩინოთ კალათბურთის მეშვეობით.

ეროვნულმა ნაკრებმა თამაშებისთვის მზადება დაიწყო
ვარჯიშები უკვე დავიწყეთ. მწრთვნელებიც, ფედერაციაც, მოთამაშეებიც, ყველა ერთი გუნდი ვართ და ერთად უნდა ვიშრომოთ წარმატებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი და შრომისმოყვარე ადამიანების გვერდით მიწევს მუშაობა. როდესაც ევროლიგის გუნდი უხდის ერთ მილიონ ევროს მოთამაშეს და სეზონში დაახლოებით 20 მილიონის ინვესტიციას დებენ გუნდში, ისინი ბოლომდე დაიცავენ თავის ინტერესებს და არ გაუშვებენ მოთამაშეს. გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით რთულია მოთამაშისთვისაც. მაგალითად, თორნიკე შენგელიასთვის და გიორგი შერმადინისთვის. მათ უყვართ ეროვნული ნაკრები და უყვართ საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში, მაგრამ ამავე დროს, პროფესიონალები არიან და არ იციან რა ქნა. უნდათ ჩამოსვლა, მაგრამ არ იციან რა მდგომარეობა იქნება კლუბში. ფედერაცია კი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ბიჭები ჩვენს გვერდით იყვნენ.
სამი ფანჯარა გვაქვს. შეგვიძლია სხვადასხვანაირი მოთამაშეების გამოძახება, როგორც ახალი ქართული სახეების ძველ მოთმაშეებთან ერთად, ასევე, შეგვიძლია სხვა კალათბურთელების მოწვევაც საერთაშორისო მასშტაბით. კარგად იცით, რომ იმ კალათბურთელების უმეტესობა, რომლებიც ახლა თამაშობენ, არცთუ ისე შორეულ მომავალში დაასრულებენ კარიერას, ამიტომ ახალი, ახალგაზრდა სახეების გამოძახებაა საჭირო.
როგორი კაცია ზუროსი
ხალხის უმეტესობას არ ესმის, რომ როცა მწრთვნელი პარკეტზეა, ის თითქოს ომშია. შეიძლება დაძაბული ვჩანდე, მაგრამ ხშირად გვიწევს ისე მოქცევა, რომ თამაშს შევუწყოთ ხელი, კალათბურთელებს დავეხმაროთ თამაშში. ამის გამო, ზოგი მსაჯი შეიძლება მეტად მკაცრად გაფასებდეს, ზოგი - ნაკლებად. შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ კონტროლს ვკარგავ თამაშის დროს, მაგრა მწრთვნელობის 32-წლიანი გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგად ვაკონტროლებ თავს. ტექნიკურის მიღება არ ნიშნავს, რომ ვერ აკონტროლებ თავს, შეიძლება ამას შეგნებულად, გამიზნულადაც აკეთებდე კაცი.

რა ბედი ელის გოგა ბითაძეს
გოგა ბითაძე მართლაც გამორჩეული მოთამაშეა. ჩვენ გვინდა ახალი კარგი, ნიჭიერი კალათბურთელების ნახვა ნაკრებში, მაგრამ რთულია ასეთი კალათბურთელების მომავალზე საუბარი. იმის თქმა, ითამაშებენ თუ არა NBA-ში ან სხვაგან. ამ ეტაპზე ბითაძეზე იმის თქმა შემიძლია, რომ დაამთავრებს თუ არა ადრიატიკის ლიგაში ასპარეზობას, ჩამოვა და ნაკრებს შეუერთდება. კალათბურთი ცხოვრებასავითაა. ყველაფერი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ბითაძემ ჯერ გამოცდილება უნდა მიიღოს და შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მასზე, როგორც გამორჩეულ კალათბურთელზე.
ერთი ოჯახი
ყველა კალათბურთელი მიყვარს. არ მინდა, რომ რომელიმე მათგანზე ზურგს უკან ვილაპარაკო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და რაც ოჯახში ხდება, ის ოჯახშივე რჩება. ჩვენ ერთად ვართ. ბუნებრივია, რომ ყველა ოჯახში არსებობს პრობლემებია, მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს, ამაზე ოჯახს გარეთ არ ვლაპარაკობთ. ერთად, შიგნით ვარკვევთ ამ პრობლემებს და მათ გადაჭრაზე ვზრუნავთ. ჭორებზე ვერაფერს გეტყვით, მე მჯერა ჩემი კალათბურთელების და მიყვარს ისინი. გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, საუკეთესო გუნდებსაც აქვთ ძალიან დიდი პრობლემები და კონფლიქტებიც კი მაგრამ ისინი მუდამ ერთად არიან. სუსტი გუნდები ასეთ შემთხვევაში იშლებიან. ჩვენც გვაქვს პრობლემები, მაგრამ ერთად ვართ.
ცქიტიშვილი ჩვენთანაა და თვეზე მეტია ნაკრებში სათამაშოდ ემზადება. დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ძალიან მონდომებულია და ჩვენც კმაყოფილები ვართ. ფაცაცია 17-ში შეუერთდება ნაკრებს, ისევე, როგორც დინამოს დანარჩენი კალათბურთელები.
უნდა ვილოცოთ, რომ ყველა კალათბურთელი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყოს თამაშებამდე. არ ვიცი რას უნდა ველოდოთ გერმანიის წინააღმდეგ თამაშში, რადგან მოთამაშეების ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომელთაც ერთად არასოდეს უთამაშიათ. არ ვიცი, რამდენად კარგად შეეწყობიან ერთმანეთს. ჩვენი მთავარი ფილოსოფია არ შეიცვლება, ვითამაშებთ კარგად დაცვაში. ზოგი მოთამაშე უფრო ადრე შემოგვიერთდება, ზოგი გვიან, მაგრამ ეს ტაქტიკა არ შეიცვლება.
მასალა მოამზადა რუსუდან კუნჭულიამ






ჩვენ








