
ლევან კორღალიძემ, „საბურთალო", კლუბისთვის საკმაოდ რთულ დროს ჩაიბარა. თუმცა, ის, რისი გაკეთებაც 2019 წლის საფეხბურთო სეზონზე თბილისის „ლოკომოტივში" მისულმა მიახერხა, ამჯერად ვერ შეძლო. ახალგაზრდა მწვრთნელმა, 2020 წლის დასაწყისისას TSFF.Ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც „ლოკომოტივის" გეგმებზე საუბრობდა, 2020 წლის ბოლის, სხვა თბილისური კლუბის, „საბურთალოს" სეზონი შეფასა.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „საბურთალოში" ძალიან დიდი რყევები იყო. გუნდში, მოხდა გადაადგილებები, რომლებმაც საბოლოოდ, უარყოფითად იმოქმედა კლუბზე. ოთხი მწვრთნელი გამოიცვალა გუნდმა და ამან, ძალიან უარყოფითად იმოქმედა მოთამაშეებზე. ეს დაეტყო ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ განწყობასაც, დაემატა ამ ყველაფერს ტრავმები და ყველაფერმა, საბოლოო შედეგში იჩინა თავი. სამწუხაროდ, ეს მოხდა. რა თქმა უნდა, წარუმატებლად ვაფასებ 2020 წლის სეზონს, თუმცა, წარუმატებლობაზე მეტად, უფრო იმედგაცრუებად. ეს სეზონი და ჩემი გუნდში ყოფნის 2 თვე, ასე ფასდება. თუმცა, მე გუნდში 2 თვით არ მოვსულვარ. მოვედი, მრავალმხრივი და დიდი გეგმებით. კლუბთან მაქვს 2-წლიანი კონტრაქტი და რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად ვეცდებით, რომ ყველა ის გეგმა გამოვიდეს რაც დავისახეთ. არ მოხდეს ის, რაც წელს იყო.
- ბუნებრივია, 2 თვეში, რაიმე რადიკალური ცვლილების გაკეთება, მითუმეტეს სეზონის მიწურულს, უკვე შეუძლებელი იყო. რა დასკვნები გამოგაქვთ?
- ბევრი ობიექტური მიზეზია, რატომ დადგა ეს შედეგი. მოკლედ ამის გადმოცემა რთულია. ამიტომ, „წარსული მომავლის გასაღებიაო" და ჩვენ, მთავარია, წარუმატებლობის შემდეგ, სწორი ანალიზი გავაკეთოდ და სამომავლოდ, აღარ დავუშვათ, მსგავსი შეცდომები. ახალი წლიდან, უკვე ახალი სისხლით, ახალი გეგმით, ახალი მიზნისთვის შევუდგებით ბრძოლას.
- სამწუხაროდ, 2020 წლის სეზონზე „საბურთალო" სამეულს მიღმაც დარჩა და თასის გათამაშებაშიც მოეცარა ხელი. შესაბამისად, დარჩა ევროტურნირებს მიღმაც. ამ რეალობიდან გამომდინარე, თუ აპირებთ რაიმეს შეცვლას?
- ბოლო წლებიდან გამომდინარე, საბურთალო ყოველთვის თამაშობდა ევროტურნირებზე. სამწუხაროა, რომ წელს ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ვერც თასის მოპოვება და ვერც სატურნირო ცხრილის სამეულში მოხვედრა. თუმცა, ვიმეორებ, რომ ხდება ფეხბურთში მსგავსი რამ. ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა, მაგრამ მთავარია შემდეგ, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რატომ მოხდა ასე, რატომ ჩავარდა გუნდი, რატომ... სად იყო შეცდომები დაშვებული და რა არ გაკეთდა ისე... ამიტომ, ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და შემდეგი სეზონიდან სერიოზული გეგმები გვაქვს, რა თქმა უნდა, საბურთალო, ყოველთვის იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის და ყოველთვის იქნება კონკურენტუნარიანი გუნდი.
- 2020 წლის სეზონზე, ეროვნულ ჩემპიონატზე, ხომ არ იმოქმედა სწორედ ევროტურნირებზე წარუმატებელმა ასპარეზობამაც?
- როგორ იმოქმედა, ევროტურნირებიდან გამოთიშვამ? ცუდად იმოქმედა, მათ შორის ფინანსურადაც, მაგრამ შემდეგი სეზონისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ ისევ, რომ მოვხვდეთ ევროტურნირებზე.
- ახალი სეზონისთვის, უკვე იცით, კონკრეტულად რას, ან ვის შეცვლით?
- ჩვენი კლუბი უკვე დატოვა ლევან მაჭარაშვილმა და ანრი ჭიჭინაძემ, ჯერ ოფიციალურად არ არის გადაწყვეტილი კიდევ ვინ დატოვებს კიდევ კლუბს, თუმცა, მაქვს ჩემი მონახაზი იმ კონკრეტული ფეხბურთელებისა, ვისაც ვხედავ გუნდში. ფეხბურთელებთანაც ბევრი ვისაუბრეთ, ვის დარჩენა უნდა, ვის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში უნდა წასვლა და კარიერის გაგრძელება, ესეც უკვე ყველაფერი ვიცით. ჩვენ არავის შევუშლით ხელს და აქედან გამომდინარე, გუნდში, მხოლოდ ის ფეხბურთელები დარჩებიან, ვინც მთელი გონებით, „საბურთალოზე" იქნება კონცენტრირებული. რადგან მაღალი მიზნებისთვის კონცენტრირებულად მხოლოდ, ასე ვიბრძოლებთ. ჩვენ დავიმატეთ 4 ფეხბურთელი ტაბატაძე, ლაცაბიძე, ერისთავი და ჯგერენაია, კიდევ მიდის მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელთან, თუმცა, ჯერ ვერ გეტყვით მათ ვინაობას მოლაპარაკებების დასრულებამდე.
„საბურთალოს" ვებ-გვერდის ოფიციალური ცნობით, პორტუგალიელ ჟარდელ როდრიგესსა და კამერუნელ ოლივიე ბუმალს კონტრაქტები დაუმთავრდათ და "საბურთალო" დატოვეს.
ლევან კორღალიძის თქმით, მოსამზადებელი პერიოდის დაწყებას, „საბურთალო" 10 იანვრიდან აპირებს. თუმცა, 10 იანვრამდე, ფეხბურთელებს დარიგებული აქვთ ინდივიდუალური პროგრამა, თუ სახლის პირობებში რა უნდა გააკეთონ, რამეთუ რაღაც დოზით, მომზადებულები მივიდნენ შეკრებაზე. თბილისური კლუბი, 5 თებერვლამდე თბილისში მოემზადება და ამის შემდეგ, ანტალიაში გაემგზავრება ტრადიციულ შეკრებაზე. „თუ რა თქმა უნდა, პანდემიამ ხელი არ შეგვიშალაო", ამბობს კორღალიძე და ამ ხელისშემშლელ ფაქტორად კორონა ვირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებს, რომლის გამოც 2021 წელსაც კლუბებს გარკვეული დისკომფორტი შეექმნებათ საწვრთნელ და საასპარეზო პროცესებშიც. თურქული შეკრების შემდეგ კი, 18 თებერვალს, „საბურთალო" თბილისში დაბრუნდება და ბოლო სამზადისს დაიწყებს ეროვნული ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვლის ბოლის იწყება.
სკ "საბურთალოს" ფოტო





ჩვენ








