ავტოგოლით აღებული 3 ქულა
ავტოგოლით აღებული 3 ქულა
15.11.2017
ავტორი:

ევროპის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდელთა ნაკრებმა, მხოლოდ მე-5 მატჩში მოახერხა 3 ქულის აღება და ისიც, ლიტველთა ავტოგოლის წყალობით. ამას გარდა, გოლის გატანის მომენტში და შეიძლება ითქვას, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაშიც ლიტველები, რომლებიც ჯგუფის აუტსაუდერები არიან, კაცნაკლულნი თამაშობდნენ. ქართველმა ახალგაზრდებმა, მიხეილ მესხზე, ევროშესარჩევის მეორე შეხვედრა გამართეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს გამარჯვება და მთავარი ეს, მოგება იყო. შესაძალოა, თამაშის ხარისხზე ვისაუბროთ, რომ არ იყო მთლანობაში კარგი. თუმცა, ძალიან ხისტ და დისციპლინირებულ გუნდს ვეთამაშეთ. რთულია, გუნდთან, რომელიც დაცვაში გეთამაშება მთელი 2 ტაიმის განმავლობაში გააკეთო გარღვევა. უპირატესობას ვფლობდით და ვიმარჯვეთ დამსახურებულად", -ამბობს გია გეგუჩაძე ლიტვასთან მატჩის დასრულების შემდეგ.

არავისთვის საწყენად და ნაკრების მწვრთნელთა გასაბრაზებლად არ ავღნიშნავთ, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თმაშების ცქერისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდი ივანე კრილოვის ერთ ცნობილი იგავ-არაკის გმირების მსგავსად მოქმედებს - საბურთალოელი საბურთალოელს ამარაგებს ბურთებით, დინამოელი-დინამოელს, ლოკომოტივის ბიჭები მინდორზე საკუთარ გუნდელებს ეძებენ (თუკი ასეთი 2 არის) და არაბიძე ცალკეა. კიდევ, ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ამას არც სამწვრთნელო შტაბის და არც ფეხბურთელების გასაბრაზებლად არ ვიძახით, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მინდოზე იგებს და აგებს გუნდი.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებიდან მე-5 თამაში კი მოიგო, მაგრამ ჩვენი ნაკრების თმაშში პროგრესი არ იგრძნობა. ბუნებრვია, ამ გარემოებას, ნაკრების მთავარი მწვრთელი ლოგიკურად ხსნის და იმასაც ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, გეგუჩაძემ ვერ შეკრიბა ერთად უძლიერესი შემადგენლობა. რთულია, მას ამ საკითხში ვერ დაეთანხმო. გუნდს ტრავმების გამო აკლია: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია, ლუკა ლაკვეხელიანი, სავარაუდოდ, ვერ ჩადგა მწყობრში ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც კი იყო შეკრებაზე გამოძახებული და ივარჯიშა გუნდთან ერთად მაგრამ თბილისში გამართული 2-დან, ვერც ერთი თამაშის „ლაინაფში" ვერ მოხვდა. ნაკრებში არ იყო გამოძახებული არც სამურკასოვი.

„ბევრი მიზეზია, საკადრო პრობლემები გაგვაჩნია. სამწუხაროდ, ვერასდროს მოხერხდა რომ უძლიერესი შემადგენოლობით გვეთამაშა. ამდენად, დღესაც ნახეთ ალბათ,  ნახევარმცველები, პრაქტიკულად 2-3 ფეხბურთელი გვყავს, რაც ღერძია გუნდის და ნაკლებად დაბალანსებულები ვართ ამ კუთხით. ნაბიჯი გადავდგით, უფრო შეტევა გავაძლიერეთ, შემტევი ფეხბურთელები მეტი რაოდენობით გვყავდა და პრინციპში ამან, დღეს გაამართლა" - ამბობს, გია გეგუჩაძე.

რაც შეეხება თამაშს, ძნელია არ დაეთანხმო რეალობას და გეგუჩაძეს. საქართველოს ახალგაზრდული დღეს, მთელი თამაშის მანძილზე ფლობდა სათამაშო უპირატესობას. იყო კარში დარტყმის მცდელობებიც. თუმცა ფაქტია ისიც, რომ გააზრებული კომბინაციები და გუნდის მოთამაშეთა „არგაგება", ასეთი უპირატესობის დროსაც კი ყველა შანსს ხელიდან გვაკარგვინებს.

გია გეგუჩაძემ ლიტვასთან შემდეგი შემადგენლობა ათამაშა: კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ზარანდია, კიტეიშვილი, ბერიძე (მოხევიშვილი 87), არაბიძე (მიქელთაძე 76), ჭანტურია (არველაძე 82).

პირველ ტაიმში, ქართველ 21-წლამდელებიდან 3 ფეხბურთელს გამოვყოფდით - აკაკი შულაიას, რომელიც არა მხოლოდ ამ ტაიმში, მთიანად მატჩშიც მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობდა და ამწვავებდა სიტუაციას. ის კი არა და ერთ მომენტში, სწორედ მისი მახვილი კუთხიდან დარტმული მოიგერია ლიტველთა მეკარემ. გიორგი არაბიძეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურადაც ცდილობდა თამაში თავის თავზე აეღო და მისი დარტმული მცირე მანძილით აცდა კარს და რომან ჭანტურია, რომელიც ამ ტაიმშიც და შემდეგაც საკმაოდ „აწუხებდა" მეტოქეს. მათ გარდა, მთლიანად თამაშში სტაბილური შთაბეჭდილება დატოვა ლუკა ზარანდიამ და ოთარ კიტეიშვილმა, ეს უკანასკნელი ტრადიციულად, ძირითადად „შავ სამუშაოს" ასრულებდა.

მეორე ტაიმიც, პირველის ანალოგიურად წარიმართა. ქართველები უტევდნენ, თუმცა საქმე, კარში დარტყმამდე არ მიდიოდა. მიუხედავად ამისა, ამ აქტიურობამ, ის შედეგი მაინც გამოიღო, რომ ლიტველთა საჯარიმოში არეულობისას, ბურთი სტუმრებს კარის მიმართულებით აეჭრათ. მატჩი საბოლოოდ, 1-0, საქართველოს 21-წლამდელთა გამარჯვებით დასრულდა.

ასეა თუ ისე, საქართველომ  პირველი 3 ქულა აიღო და ნოემბრის შეხვედრების ჯამში, 4 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადილზეა, დანიის, პოლონეთისა და ფარერების შემდეგ. ქართველებს მხოლოდ ფინეთი და ლიტვა ჩამორჩება.