ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ძიუდოისტთა კალენდარი გაწერილია
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ძიუდოისტთა კალენდარი გაწერილია
09.01.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით 2021 წლის სეზონის წინასწარ კალენადრს აქვეყნებს.


ძიუდოს მსოფლიო ტური ყატარის დედაქალაქ დოჰაში მასტერსით (11-13 იანვარი) აიღებს სტარტს. მასპინძლები დოჰას ტატამზე მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ძიუდოისტებს მიიღებენ და ოლიმპიურ სარეიტინგო ქულებსაც გაათამაშებენ.


სარეიტინგო ქულებს გამოიმუშავებენ თელ-ავივის გრან სლემზეც (18-20 თებერვალი), რომელიც აქამდე გრან-პრის რანგისა იყო.


გრან-სლემს უმასპინძლებენ ტაშკენტშიც (5-7), შემდეგ ესტაფეტას ჩაიბარებს თბილისის ტურნირი (26-28 მარტი), რომელიც გრან-პრის რანგიდან გრან-სლემამდე აღზევდა. სეზონის მეოთხე გრან-სლემს თურქეთი მიიღებს (1-3 აპრილი).


პარიზის გრან-სლემი, რომელიც ჩვეულებისამებრ თებერვალში ტარდებოდა, ამჯერად 8-9 მაისს გაიმართება.


მსოფლიოს ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქის „ლასლო პაპის ბუდაპეშტის სპორტის არენა" მიიღებს (6-13 ივნისი) და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დასკვნითი საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.


24-31 ივლისს ძიუდოისტთა ოლიმპიურ ასპარეზობებია ჩანიშნული.


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდება, სეზონის მეორე ნახევრისთვის კალენდარს კიდევ რამდენიმე ტურნირი დაემატება.