პლიუს 1 640 000 ლარი!
პლიუს 1 640 000 ლარი!
09.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შიში, რომ ბათუმის „დინამოს" ახალი სტადიონის მინდვრის საფარი არ იყო მზად საფეხბურთო მატჩების სამასპინძლოდ, მას შემდეგ გაათმაგდა, რაც ეროვნული ლიგის გათამაშების 2020 წლის სეზონის „დინამო" ბთ. - „ლოკომოტივისა" და „დინამო" ბთ. - „დილას" ამ სტადიონზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, საჩემპიონო ფერხულში ჩაბმულმა აჭარულმა კლუბმა, ასპარეზობა „ანგისას" ბაზაზე დაასრულა.


თუმცა, ის, რომ სტადიონის სრული მზადყოფნის ირგვლივ მრავალი კითხვის ნიშანი იყო, 2020 წლის სექტემბრის ბოლოდან იყო ნათელი. საფეხბურთო წრეებში, სწორედ, ამ პერიოდიდან მოყოლებული, სტადიონის გახსნის სხვადასხვა თარიღიც დასახელდა, ითქვა, რომ ეროვნული ნაკრების ერთა ლიგის გათამაშების ბოლო შეხვედრებიც, სწორედ, აჭარის ახალ და მართლაც, ულამაზესი კონსტრუქციის სტადიონზე გაიმართებოდა. თუმცა, სულ იყო შიში, რომ ახალი სტადიონის მინდვრის საფარი არც ამ ეტაპისთვის იყო მზად და მის, სრულად „გონზე მოსაყვანად" კიდევ ხანგრძლივი დრო და რაც მთავარია, ე.წ. „ულტრაიისფერი" განათება" იყო საჭირო. მაგალითად ისეთი, როგორიც ევროპის მრავალ ქვეყანაში, ბევრი სახელოვანი სტადიონის აუცილებელი თანმხლები ატრიბუტია.


დღეს კი, ოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი, რომელსაც ბათუმში, ორი წლის მანძილზე აშენებდნენ და საერთო ჯამში 141 მილიონი ლარი დაიხარჯა, „ხელოვნური მზის" შეძენაზე ტენდერს აცხადებს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც არის დასახელებული და ის,  1 640 000 ლარს შეადგენს. სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხას, აჭარის ბიუჯეტი გაიღებს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სატენდერო პირობებში შესულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები - საქონელი უნდა იყოს ახალი; მონტაჟი კი მოიცავდეს, საჭირო ელექტროხარჯიდან გამომდინარე დაკაბელებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ელექტროკარადების მოწყობას. ასევე მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. გამომდინარე აქედან, ნათელია, რომ დაპროექტებისას, რიგი დეტალები არ გათვალეს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მას შემდეგ, რაც სტადიონი სრულ ექსპლუატაციაში შევა, სხვა ხარვეზებმაც იჩინონ თავი.


ოფიციალურად ტენდერი 2021 წლის 3 თებერვლიდან გაიხსნება და მასში მონაწილეობის მიღება 8 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებიდან,  გამარჯვებულ კომპანიას, ე.წ. „ხელოვნური მზის" მიწოდებისა და მონტაჟისთვის 70 დღე ეძლევა.  შესაბამისად, ახალი სტადიონის „ხელოვნური მზე" მაისის დასაწყისში უნდა გამართულად მუშაობდეს. თუმცა, თამაშები, ახალ სტადიონზე, დიდი ალბათობით, მაისის ბოლომდე მაინც ვერ გაიმართება - ახალ განათებასაც, ეფექტისთვის უბრალოდ, დრო დასჭირდება.