ლეგენდა წავიდა
ლეგენდა წავიდა
11.01.2021
ავტორი: თ.ჯ.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ქართული ძიუდოს ლეგენდა დავით ხახალეიშვილი მინსკის კლინიკაში გარდაიცვალა.


დამოუკიდებელი საქართველოს დროშით, 1992 წელს, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს, ევროპის სამგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორს 49 წლის ხახალეიშვილს, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.


ცოტა ხნის წინ კი, მას, მინსკში ჩაუტარდა გულზე რთული ოპერაცია. სამწუხაროდ, ხახალეიშვილს პოსტოპერაციული პერიოდი გართულდა და ბელარუსმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.


დავით ხახალეიშვილი 1971 წლის 28 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა. ის იყო, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშებზე და ამავდროულად, ამ თამაშების გამარჯვებული.


1991 და 1993  წლებში ხახალეიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიგო.


1993 და 1995 ის ბრინჯაოს მედლებს ფლობდა.


1993 და 1996 წლებში, ხახალეიშვილი ევროპის ჩემპიონი 1990-ში კი, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა


ის იყო,  სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში.


ხახალეიშვილი მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონვაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა.