„დინამო თბილისი“ და წყალბურთელთა ნაკრები სერბმა სპეციალისტმა ჩაიბარა
„დინამო თბილისი“ და წყალბურთელთა ნაკრები სერბმა სპეციალისტმა ჩაიბარა
11.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან, „დინამო თბილისის" წყალბურთელთა გუნდს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თუმცა, სერბი სპეციალისტი ნოვი სადიდან, დეიან სტანოიევიჩი, მხოლოდ „დინამო თბილისს" კი არა, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებსაც უხელმძღვანელებს. ამ პოსტზე მან რევაზ ჩომახიძე ჩაანაცვლა.


„დეიან სტანოიევიჩი, წლების მანძილზე, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ სერბეთის წყალბურთელთა ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესოა მსოფლიოში. 2011 წელს იყო სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი და ამ წელს, ნაკრებმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2014-2018 წლებში იყო რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი და მისი ხელმძღვანელობით, 2014 წელს რუმინეთი ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის შევიდა. 2020 წლამდე კი, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა და მსოფლიო ლიგაზე, მისმა ყაზახეთის ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა. საკმაოდ წარმატებული და გამოცდილი მწვრთნელია", - ამბობს მიშა ბაღათურია, „დინამო თბილისი" დირექტორი.


2021 წლის მარტში, მოგეხსენებათ, რომ „დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას განაახლებს. ქართულ კლუბს ორი, საკმაოდ რთული შეხვედრის გამართვა უწევს უნგრეთში, „ფერენცვაროშთან" და „ჰანოვერთან". ახალი სამწვრთნელო შტაბის დახმარებით, ამ თამაშებისთვის დინამოელები სახელდახელოდ მოემზადებიან. მითუმეტეს, რომ ტრავმიანობის (თუ არ ჩავთვლით ზუკა რურუას ტრავმას) და „კოვიდობანას" შემდეგ, გუნდი, სრული შემადგენლობით შეიკრიბა.


„შემადგენლობა, უცვლელია. შევინარჩუნეთ ყველა მოთამაშე. იანვრიდან არავინ დაგვიმატებია გუნდში. გამოჯანმრთელდა ბექა ქავთარაძე, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში დაგვემატება", - ამბობს მიშა ბაღათურია.


გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ნაკრების ბირთვი, (90%) ძირითადად „დინამო თბილისის" წყალბურთელები არიან, სერბი სპეციალისტის მუშაობა ორმხრივად ნაყოფიერი უნდა გამოდგეს. 2021 წლის დასაწყისი კი, საკლუბო თუ სანაკრებო ფაქტორიდან გამომდინარე, საკმაოდ დახუნძლულია. ასე, რომ საქართველოს წყალბურთელებმა,  ჩემპიონთა ლიგის 2020 ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ საახალწლოდ და შობის დღეს მოახერხეს დასვენება.  


„ჩვეულებრივ, ვაგრძელებთ მზადებას. 15 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში წავა და გერმანიის ნაკრებთან ერთობლივ წვრთნას გაივლის. ამის შემდეგ, უკვე თბილისში, ჩვენი გუნდი, რუმინეთის ნაკრებთან გაივლის ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას და მისი დასრულების შემდეგ, თებერვალში, ჰოლანდიაში გაემგზავრება, სადაც ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს მიშა ბაღათურია, TSFF.Ge-სთან საუბარში.


2021 წლიდან დეიან სტანოიევიჩის ასისტენტი იქნება, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზუკა რურუა (რომელის სამწვრთნელო დებიუტო, 2020 წლის დეკემბერში, ჩემპიონთა ლიგის „ბაბლზე" შედგა). რურუა, თამაზ კუტივაძეს შეცვლის.


რაც შეეხება თავად, სტანოიევიჩს, მას  საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციასთან 3 წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ერთ-ერთი მთავარი პირობა და მიზანი კი, მისი საქართველოში მოწვევის, წყალბურთელთა ნაკრების პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მოხვედრაა.