
შაბათს, საფეხბურთო ეროვნული ლიგა განახლდება. საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დაძაბული სატურნირო მდგომარეობა და დარჩენილი თამაშებია, რომლებშიც ყველა გუნდი მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება. 18 ნოემბერს დანიშნულ ტურამდე კი, სანაკრებო პაუზის დროს, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები, საკუთარ კლუბებს უბრუნდებიან.
ხვალ, სრული შემადგენლობით ივარჯიშებს „დინამო თბილისი", რომელიც ეროვნული გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეშია. ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ „დინამოს" ყველაზე ბოლოს, 19-წლამდელთა ნაკრების წევრები ბექა ქავთარაძე, ზურაბ დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდებიან.
ნოემბრის დასაწყისში, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებში კლუბის თითქმის ყველა ფეხბურთელი იყო გამოძახებული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადებიუტო შეხვედრა გამართა ლევან გეგეჭკორმაც. ამ ნაკრებებს შორის კი, ბოლო შეხვეედრის ჩატარება 21-წლამდელთა ნაკრებს მოუხდა, რომელშიც გია გეგუჩაძეს ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია, ბექა მიქელთაძე და დავით კობოური ჰყავდა გამოძახებული. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბოლო თამაშს, ლიტვასთან, საკლუბო შეკრების წინ, დინამოელები კიდევ ერთხელ აფასებენ.
„რა თქმა უნდა საწმუხაროა, რომ 4 თამაშის შემდეგ, მხოლოდ 1 ქულა გვქონდა. აუცილებლად უნდა მოგვეგო და ამის გაკეთება მოვახერხეთ. თუმცა, თამაშის ხარისხით, კმაყოფილები მაინც არ ვართ. აუცილებელია, შეცდომების გამოსწორება შემდეგ თამაშებში და ქულთა მარაგის გაზრდა. სანამ ჯგუფიდან გასვლის შანსი გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ესეც, რომ არ იყოს, საქართველოს ნაკრებისთვის, მაინც ბოლომდე დაიხარჯება ყველა ფეხბურთელი. რაც შეეხება ლიტვასთან გამართულ ბოლო მატჩს, მეტოქე კაცნაკლული დარჩა, რითაც ვისარგებლეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ. შეგვეძლო მეტი გოლის გატანა, რაც ვერ მოვახერხეთ. სასიამოვნო იყო, პირველი გამარჯვების მოპოვება. თუმცა, სანაკრებო პაუზა დასრულდა და ახლა, უკვე მთლიანად „დინამოს" გასამართ შეხვედრებზე გადავერთე. ძალიან მნიშვნელოვანი სამი თამაში დაგვრჩა და აუცილებლად, ჩემპიონობა უნდა მოვიპოვოთ. ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
„ლიტვასთან მატჩი, უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მანამდე 4 თამაშში, მხოლოდ 1 ქულის აღება მოვახერხეთ. ფაქტიურად, გადამწყვეტი თამაში იყო. ყველანაირად ვეცადეთ მოგებას და გამოგვივიდა, თუმცა ეს არ იყო ის ხარისხი, როგორიც გვსურს და შეგვიძლია ვაჩვენოთ. ვერ მოვახერხეთ, საგოლე მომენტების რეალიზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. მსგავს შანსს, მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ. მანამდე კი, ეროვნული ლიგა და სულ რაღაც სამი ტურია დარჩენილი. მძიმე სამი თამაში გველის, რადგან 4-ქულიანი სხვაობა არაა დიდი. ვეცდებით, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და დავდოთ ის შედეგი, რითაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დავიბრუნებთ. ამის დიდი იმედი მაქვს. ამიტომ, გუნდიც და მეც, კონცენტრირებულები ვართ ამ თამაშეზე, უპირველესად კი „შუქურასთან" მატჩზე", - ამბობს აკაკი შულაია, რომელიც, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, ორივე თამაში ერთ-ერთი გამოკვეთილი მოთამაშე იყო.
ეროვნუი ლიგა 18 ნოემბერს განახლდება. თბილისის დინამოელები გასვლაზე, ბათუმის რაგბი არენაზე, ქობულეთის „შუქურას" დაუპირისპირდებიან. ამ თამაშში დინამოელებს ტრავმირებული გიორგი თევზაძე, გიორგი ზარია და ბაქარ ქარდავა ვერ დაეხმარებიან.





ჩვენ








