
ახალი კლუბის ფერები წითელი და თეთრი, რომლითაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანს 2020-2021 წლების სეზონის ბოლომდე მოუწევს ფრანგულ „ვალანსიენში" თამაში, ჯაბა კანკავასთვის უცხო არ იქნება. 34 წლის ქართველმა, მას შემდეგ, რაც ყაზახური „ტობოლი" დატოვა, ფრანგულ და თურქულ კლუბებს შორის არჩევანისას, საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბი არჩია, თურქული 1 ლიგის „ბურსასფორში" გადასვლას.
„ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანია (93 მატჩი). თავის გამოცდილებით ის, წითელ-თეთრი გუნდის მოთამაშეებს დაეხმარება. ამ ნახევარმცველს, „რეიმსის" რიგებში უთამაშია, ასევე იყო დნეპროპეტროვსკის „დნიპროში", რომლის რიგებშიც, 2015 წელს ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა", - წერს ფრანგული „ვალანსიენის" ოფიციალური ვებ-გვერდი.
იმავე გვერდის ინფორმაციით, ქართველთა ნაკრების კაპიტანმა, ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ივნისამდე გააფორმა. ახალ კლუბში კი, კანკავა 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ამ მომენტისთვის, „ვალანსიენი" ლიგა 2-ში 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-10 ადგილზეა. თუმცა, ლიდერთა სამეულს ბევრით არ ჩამორჩება - „გრენობლს" 35 ქულა აქვს. გათამაშების დასრულებამდე, 19 ტურია დარჩენილი. ჯაბა კანკავას ახალ კლუბს დღეს უნდა ეთამაშა. თუმცა, შეხვედრა „პარიზთან", დიდთოვლობის გამო, მსაჯთა გადაწყვეტილებით გადაიტანეს. უახლოეს მატჩს კი, კანკავას გუნდი 23 იანვარს გამართავს.
ფოტო: @ValenciennesFC





ჩვენ








