საკლუბო დონეზე, მხოლოდ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი!
საკლუბო დონეზე, მხოლოდ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი!
22.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღეა, ფიფა და უეფა მსოფლიოს მედია საშუალებების დახმარებით ცდილობენ, გამოეხმაურონ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, ე.წ. ევროპული სუპერ ლიგის დაფუძნების შესახებ და საერთო მიმართვასაც ავრცელებენ:


„მედიაში დაწყებული სპეკულაცია დახურული ევროპული სუპერ ლიგის შექმნის თაობაზე,  ვითომდა ფიფა-ს წევრი ევროპული კლუბებისა და ექვსი კონფედერაციის (AFC, CAF, Concacaf, CONMEBOL, OFC და UEFA) მიერ, არც ფიფა-ს და არც მასში შემავალი კონფედერაციებისგან არ იქნება აღიარებული. ნებისმიერი კლუბი, თუ მოთამაშე, რომელიც მსგავს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, არ იქნება დაშვებული ფიფა-ს ან მისი წევრი კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ ტურნირზე.


ფიფა-ს და კონფედერაციების წესდების თანახმად, ყველა ტურნირი უნდა იყოს ორგანიზებული ან აღიარებული შესაბამისი ორგანოების მიერ, შესაბამის დონეზე, რაც ნიშნავს, ფიფა-ს მიერ გლობალურ დონეზე და კონფედერაციების მიერ კონტინენტის დონეზე. ამ გადმოსახედიდან, მსოფლიოს მასშტაბით, ერთადერთი საკლუბო ტურნირი, რომელიც კონფედერაციების მიერ არის აღიარებული, ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატია ამჟამინდელი და ახალი ფორმატით. ფიფა კი, თავის მხრივ იმ საკლუბო ტურნირებს აღიარებს, რომლებსაც კონტინენტების კონფედერაციები ატარებენ.


საფეხბურთო პირამიდა, რომელიც ფეხბურთის წარმატებას მსოფლიოს დონეზე უზრუნველყოფს, დაფუძნებულია სპორტული შეჯიბრობითობის უნივერსალურ პრინციპებზე, სოლიდარობაზე, დაწინაურებაზე და დაქვეითებაზე კლასიფიკაციაში, ასევე სუბსიდირებაზე, რაც ასახულია ფიფა-ს და კონფედერაციების წესდებებში. ამ პრინციპების დაცვის დამსახურებით, ფეხბურთს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია. უფლება, მსოფლიო და კონტინენტების ტურნირებში მონაწილეობისთვის, უნდა საფეხბურთო მოედანზე იყოს მოპოვებული.


ჯანი ინფანტინო, FIFA-ს პრეზიდენტი

შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა - AFC-ს პრეზიდენტი

კონსტანტ ომარი - CAF-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

ვოტორიო მონტალიანი - Concacaf-ის პრეზიდენტი

ალექსანდრო დომინგესი - CONMEBOL-ს პრეზიდენტი

ლამბერტ მალტოკი - OFC-ს პრეზიდენტი

ალექსანდერ ჩეფერინი -UEFA-ს პრეზიდენტი"


შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტურნირის დაფუძნების იდეით მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2020 წლის დეკემბერში გამოვიდა და მას მალე, მხარი „ბარსელონამაც" აუბა. ის, რომ მსგავსი პროექტის შექმნაზე იყო ლაპარაკი საფეხბურთო წრეებში იცოდნენ, მითუმეტეს, რომ არაოფიციალურად, გარკვეული საფეხბურთო წრეები მხარსაც კი უჭერდნენ ამ პროექტის არსებობას. ყველაფერი კი, მას შემდეგ გართულდა, რაც COVID 19-ით გამოწვეული ვითარების გამო, ფინანსური კრიზისი ზოგადად, ფეხბურთშიც შეიქმნა.


ფიფა-სა და კონფედერაციების მიერ გამონახულმა ამ საერთო პოზიციამ კი, ყველაზე მეტად უფეა-ს თავკაცი უნდა დაამშვიდოს, რომელსაც 2021 წელს, გადადებული ევროპის ჩემპიონატისა და მასთან ერთად, მთელი რიგი სხვა ტურნირების გამო, მათ შორის ფორმატშეცვლილი საკლუბო ტურნირებიც არის, ისედაც ბევრი თავსატეხი აქვს.  


სწორედ, შეცვლილი საკლუბო ტურნირების ფორმატის ფონზე, საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოებამ, მდიდარი ევროპული კლუბების მხრიდა, ახალი ტურნირის ინიცირების თემა, რბილად რომ ვთქვათ, მუქარადაც კი ჩათვალა და მყისიერი რეაგირება მოახდინა.


ახალ ტურნირში, საშიშროება დაინახა უეფა-მაც, რომელმაც კარგად გათვალა და მიხვდა, რომ ახალი ტურნირი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსაც კონკურენტად „ჩაუჯდებოდა" და შეიძლება ეჯობნა კიდეც, მაგალითად, პოტენციურ სპონსორებთან ან, სატელევიზიო გაყიდვებთან მიმართებით.


ასეა თუ ისე, ახალ ტურნირთან დაკავშირებით ფიფა-მ და კონფედერაციებმა ცალსახად პოზიცია გამოხატეს. ფიფა-ს პრეზიდენტის ფავორიტი ტურნირი კი, რომელიც შარშან ჩინეთში უნდა გამართულიყო, ლაპარაკია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, 2021 წელს, 4-დან 11თებერვლის ჩათვლით იგეგმება (იხ. თამაშების განრიგი) და ის, ჩინეთის ნაცვლად, კატარში გაიმართება.



ფოტო: ©imago images