
ქუთაისის „ქუთაისი" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია. ტრადიციული და პოპულარული საკალათბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის სპორტის სასახლეში, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული ტურნირი, რომელიც წელს მეთექვსმეტედ გაიმართა, ქუთაისელთათვის მეოთხედ აღმოჩნდა წარმატებული.
კოტე ტუღუშის „ქუთაისის" დაპირისპირება, ლევან ფაცაციას „ვერასთან", საკმაოდ დაძაბულად დაიწყო. ისე, როგორც ფინალს შეეფერება. თუმცა, მასპინძლები, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი მატჩის მანძილზე თამაშს აკონტროლებდნენ. ქუთაისელებმა, პირველი ორი პერიოდი მცირედი უპირატესობით, ჯერ 19-18, შემდეგი კი, 20-17 მოიგეს. დიდ შესვენებაზეც, გუნდები ფინალისთვის შესაფერისი ანგარიშით გავიდნენ.
აი, მესამე პერიოდი კი, თბილისელებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. მატჩის ეს მონაკვეთი, „ქუთაისმა" 26-9 მოიგო და ფაქტიურად, „ვერას" შეხვედრის გადარჩენის ყველანაირი შანსი მოუკლა. დასკვნითი, მეოთხე მეოთხედის წინ, ანგარიში, 65-44 იყო და ქუთაისელები, მოწინააღმდეგეს 21 ქულით უსწრებდნენ. მიუხედავად ამისა, ვერელებმა, მოახერხეს მობილიზება და 23 ქულის აღებაც შესძლეს. თუმცა, ამდენივე ქულა დააგროვა „ქუთაისმაც" და მესამე პერიოდის შემდეგ მიღწეული 21-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებაც მოახერხა. მატჩი კი, 88-67, „ქუთაისის" გამარჯვებით დასრულდა.
ყველაზე შედეგიანი ამ დღეს, ქუთაისელი დე ჟან რაითი იყო, რომელმაც 18 ქულა დააგროვა და თან ორმაგი დუბლიც ჩაიწერა აქტივში.
ახლა, დღევანდელი მატჩის მონაწილე და საკალათბურთო ლიგაში მოასპარეზე გუნდებიც, რამდენიმე დღით შეისვენებენ და შემდეგ საქართველოს თასის გათამაშებაში ჩაებმებიან, რომელიც სტარტს 27 იანვრიდან აიღებს.
ფოტო: საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი" / დიმიტრი კაციტაძე





ჩვენ








