
დღეს, 24 იანვარს ფუტსალის ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღის პირველ მატში ერთმანეთს პსპ და „თბილისი" დაუპირისპირდნენ. მატჩი „თბილისის" უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდაც მათი გამარჯვებით, 2-4 დასრულდა. თბილისის გამარჯვებაში, დიდი წვლილი გიორგი ბერეჩიკიძეს მიუძღვის, რომელმაც ამ მატჩში, 3 გოლი გაიტანა. ფუტსალის ლიგის დებიუტანტმა, პსპ-მ კი მეორე შეხვედრაც წააგო.
პსპ-საგან განსხვავებით, მეორე ტურის მეორე შეხვედრაში გათამაშების დებიუტანტმა, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა პირველი მატჩი მოიგო. „ილიაუნთან" დაპირისპირებაში, კსუ პირველივე ტაიმში დაწინაურდა და შეხვედრის მე-13 წუთისთვის, უკვე 2-0 იგებდა. „ილიაუნმა" მეორე ტაიმის შუაწელში, ნიკა გვაზავას გოლის წყალობით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 2-1. თუმცა, კსუ-მ ამ ერთ გოლოს 3 წუთიან შუალედში ორით უპასუხა და საბოლოოდ, 4-1 გაიმარჯვა.
ტრადიციულად დაძაბული გამოდგა თსუ-სა და „თელასის" შეხვედრა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ანგარიში სწრაფი გოლით, 1'14'' გახსნა. სხვათა შორის, სწორედ, ამ გოლის ავტორის, გიორგი ჩიმაკაძის კიდევ ერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა საბოლოოდ თსუ-მ, 2-1. თუმცა, ამ ორ გოლს შორის, საკმაოდ დაძაბული მატჩი გაიმართა, სადაც „თელასმა" პირველივე ტაიმში გაათანაბრა ანგარიში და ამით შეხვედრა უფრო საინტერესო გახადა.
ორი ტურის შემდეგ, ფუტსალის ლიგის 2021 წლის გათამაშებას, ორი მოგებით თსუ ლიდერობს. მომდევნო ტურის შეხვედრები კი, ფუტსალის ლიგაზე 5 თებერვალს გაიმართება.
გათამაშების კალენდარი
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მონაწილეობას 6 კლუბი მიიღებს. რეგულარული სეზონი სამ წრედ ჩატარდება, ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას კი, ოთხი საუკეთესო გუნდი მიიღებს.





ჩვენ








