ბოიკოტი თუ საქმის სიყვარული?
ბოიკოტი თუ საქმის სიყვარული?
18.11.2017
ავტორი:

საკალათბურთო ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა რჩება.  პრეზიდენტობის მსურველთა კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებამდე კი 16 დღე. ამ დრომდე, პრეზიდენტობის მსურველი 3 კანდიდატის შესახებაა ცნობილი. თუმცა, შიო ხეცურიანს, კახა შენგელიასა და პაატა გურასპაულს, ამ „ბრძოლაში" შესაძლოა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძეც შეუერთდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მზადყოფნა ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში გამოთქვა.

„ახალ სუბიექტებს, 15 მაისის შემდეგ ვერ მივიღებდი სრულუფლებიან წევრებად. სრულუფლებიანი წევრი ნიშნავს იმას, რომ  მას ექნებოდა საარჩევნო ხმის უფლება. ეს არის არჩევნების ბოლომდე შეზღუდვა და ხდება გამგეობის გადაწყვეტილებით. ამ მოვლენებს, რომ ვუყურებ, დიდი ალბათობით, შეიძლება კიდევაც დავაყენო ჩემი კანდიდატურა. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე ყველა კანდიდატს, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, ეს უფრო გამძაფრდა და ახალ-ახალი განცხადებები მოდის. არ გამოვრიცხავ, რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა", - ამბობს მიხეილ გაბრიჩიძე.

ფედერაციის სრულუფლებიან წევრად არმიღებულ  ორგანიზაციაში „საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანებაა" ნაგულისხმები, რომელიც 2017 წლის ივნისშია შექმნილი და მას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე გიორგი ცინცაძე ხელმძღვანელობს. გაერთიანებაში, საქართველოს სუპერლიგასა და "ა" ლიგაში მოასპარეზე 64 კალათბურთელია შესული. ორგანიზაციამ, ივლისში, თხოვნით მიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რათა "საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანება" ფედერაციის სრულუფლებიან წევრად დაერეგისტრირებინა და მას ფედერაციის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონოდა. თუმცა, ფედერაციამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. იმ მომენტში, უარის თქმის კონკრეტული მიზეზი გაერთიანებისთვის არავის განუმარტავს, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც „უარის" მიზეზად,  უკვე 15 მაისის გამგეობის დადგენილება ფიგურირებს.

„გაერთანებაში, სადაც 64 მოთამაშეა შესული და მათ შორის, დიდი ნაწიაილ მოქმედი კალათბურთელია, გვაქვს ერთი სურვილი - დავიცვათ ჩვენი უფლებები, ისევე, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა საქართველოში. ფედერაციას მხრიდან, ჩვენი წევრად ცნობა, სწორედ ამ საკითხების შესახებ, ფედერაციის სტრუქტურებთან პირდაპირ ლაპარაკს ნიშნავდა. ბუნებრივია, რადიკალურ ზომებს ამ ეტაპზე არ მივმართავთ. თუმცა, თუ მომავალში იქნება ამის საჭიროება, იქნება კალათბურთელთა შელახული უფლებები, არაა გამორიცხული რაიმე სახის ქმედება განვახორციელოთ. კალათბურთში არსებულ პრობლემებზე, ახლა არ დამიწყია ლაპარაკი, უბრალოდ, მათ შესახებ, არავის უკითხავს ადრე და არც ქართულ კალათბურთში არსებულ პრობლემებზე უცდია ჩემთან ლაპარაკი", - ამბობს გიორგი ცინცაძე.

ე.წ. „რადიკალურ ზომებთან" დაკავშირებით კი, საკალათბურთო კულუარებში ნებსით თუ უნებლიედ ვრცელდება ხმა, თითქოსდა მოქმედი ფედერაციის ოპონენტები თამაშების ბოიკოტირებას გეგმავენ - როგორც სანაკრებო, ასევე სუპერლიგის მიმდინარეობისას. „ვერ ვისაუბრებ 64 ადამიანის მაგივრად, მაგრამ ნებისმიერ საქმესთან მსგავსი საპროტესტო განწყობით მიდგომა, მიუღებელია. არ ვითამაშებ, არ ვივარჯიშებ, მოედანზე არ გავალ.. პირიქით, ჩვენ გვინდა მეტმა ივარჯიშოს, ითამაშოს, განვითრდეს, მეტმა მიიღოს კვალიფიკაცია. სწორედ, ეს კრიტერიუმებია, ჩვენი გუნდის პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამაში და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ამის გაკეთება გვინდა",- ამბობს შიო ხეცურიანი.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 2017 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელობასა და კანდიდატებს შორის ვითრებამ, მას შემდეგ დაიწყო დაძაბვა, რაც ფედერაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე არჩევნებზე, სრულუფლებიანი დელეგატებისა და ხმის უფლების მქონე სუბიექტების შესახებ გააკეთა განცხადება. ოპონენტთა მტკიცებით კი, სწორედ ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, საბოლოოდ დადგინდა, რომ მოქმედი ფედერაცია, ყველა ხერხით შეეცდება არჩევნების „სათავისოდ" დასრულებას.

„კალათბურთი, არის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდით რა იყო მისაღები, რა არ მოგვწონდა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა დავრწნუნდით, რომ ვითარება, რომელიც ქართულ კალათბურთშია, ჩვენთვის მიუღებელია, მაგალითად, ის უმოქმედობა, რასაც ფედერაცია წლების მანძილზე, რეგიონების მიმართ იჩენს. არის 29 მუნიციპალიტეტი, სადაც არის დიდი პოტენციალი და ფედერაციის მხრიდან სათანადო  ყურადღება არ ექცევა. ამაში დავრწმუნდით, საარჩევნო კამპანიის დროს. საბოლოოდ, ფედერაციის განწყობა აისახა გადაწყვეტილებაზე, როდესაც რეგიონებს, სადაც იყო ფედერაციის მიმართ ნეგატიური განწყობა, ჩამოართვეს ხმის უფლება. ქართულ კალათბურთში, არის კომპლექსური პრობლემა, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული - ბავშვთა კალათბურთით, მწვრთნელებით, მსაჯებით დამთვრებული. ეს ყველაფერი შედეგზე აისახება. 10 მილიონ 300 ათასი იხარჯება კალათბურთზე, აქედან 7 მილიონზე მეტი სახელმწიფოს ჩართულობაა - ეს არაა ცოტა თანხა, შედეგი კი განსხვავებულია", - ამბობს შიო ხეცურიანი.

ბუნებრივია, არავინ უარყოფს საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას საერთაშორისო სარბიელზე, თუმცა ეს წარმატება არის ბიძგი, რასაც შემდგომ განვითრება უნდა მიჰყოლოდა სწორი მიმართულებით. ფედერაციის ოპონენტთა აზრით, კი ფედერაციამ, სხვა არ შესრულებულ მოვალეობებთან და გადაჭარბებულ „უფლებამოსილებასთან" (ბასკონიის ყბადაღებული თემა) ერთად, სწორედ ეს შანსებიც „გაუშვა" ხელიდან.