რუსეთთან მატჩამდე ცოტა დრო რჩება
რუსეთთან მატჩამდე ცოტა დრო რჩება
28.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ავთანდილ ასათიანის ფუტსალის ნაკრები, „ევრო 2022"-სთვის მზადებას აგრძელებს. მას შემდე, რაც გუნდმა, 25 იანვრიდან სასტუმრო მოხალისეში შეკრება დაიწყო, ჯერ ისევ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს და ჯგუფის მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 2 თებერვალს, თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.


„რუსეთის წინააღმდეგ რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა გუნდს აქვს მინუსები და ჩვენ სწორედ, ისინი უნდა ვიპოვოთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის თამაშში. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ვერ დაგვეხმარება სიმი საიოტი, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მძიმე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ვეცდებით, რომ სიმი ღირსეულად შევცვალოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი სფფ-ს გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


ამავე გვერდის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი - ირაკლი თოდუა და ელისანდრო დედაქალაქში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვლენ. ამ მომენტისთვის კი, მწვრთნელებს რუსეთთან მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები ჰყავთ გამოძახებული:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)


წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).


საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 თებერვალს, 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.


„გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომლის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში არ შეგვიძლია. რუსეთის ნაკრები არამხოლოდ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი, არამედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. ​სამწუხაროდ, შეხვედრა მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, მაყურებლის გარეშე გაიმართება და გულშემატკივრების ემოცია ნამდვილად დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ საინტერესო მატჩს ვიხილავთ", - ამბობს ზვიად კუპატაძე.


შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები, საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში, საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული, რომელშიც საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, 2020 წლის, 8 დეკემბერს ჩატარდა და ფრედ 4:4 დასრულდა.


საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:


2 თებერვალი / საქართველო - რუსეთი

5 მარტი / საქართველო - სომხეთი

10 მარტი / სომხეთი - საქართველო

9 აპრილი / საქართველო - საფრანგეთი

12 აპრილი / რუსეთი - საქართველო


აქვე გეტყვით, რომ „ევრო 2022"-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში „ევრო 2022"-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს.


ასევე იხილეთ სტატია თემაზე


სფფ-ს ფოტო