ქართული კლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ
ქართული კლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ
31.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად 27 დღეში, საქართველოში ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშება აიღებს სტარტს. საფეხბურთო წრეებში იმედოვნებენ, რომ ამჯერად, ეროვნული ლიგა ჩვეულ ფორმატში ჩატარდება. ჩემპიონატი კი, 27 თებერვალს, „დინამო არენაზე", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილისისა" და წყალტუბოს „სამგურალის" მატჩით გაიხსნება. დღევანდელი მოცემულობით, კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ლაპარაკი თამაშებზე (მათ შორის გახსნით მატჩზე), გულშემატკივრის შეშვებასთან დაკავშირებით, არ არის.


ამასობაში გუნდები უკვე, ახალის სეზონისთვის მოსამზადებელ აქტიურ ფაზაში შედიან. საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა", რომელიც 21 იანვრიდან, ზამთრის თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან დღეს, საკუთარ ვებ-გვერდზე, საწვრთნელი-ამხანაგური შეხვედრების შესახებ, ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნეს. დინამოელები, უკვე დაანონსებული 5 სპარინგის გარდა კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.



4 თებერვალი - „ლუდოგორეცი" (ბულგარეთი)

6 თებერვალი - „ზორია" (უკრაინა)

11 თებერვალი  - „ვერესი" (უკრაინა)


ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი", ხვალ 1 თებერვალს „დინამო კიევს" დაუპირისპირდება. 8 თებერვალს კი, რუსეთის „სოჭის" წინააღმდეგ ითამაშეს. თურქულ შეკრებაზე, გია ნემსაძის გუნდმა, როგორც იცით 3 სპარინგ მატჩი უკვე გამართა, დამარცხდა სერბულ „რადნიკთან" 1-0, შემდეგ, ასევე სერბული კლუბი, „ნაპრედაკი", თბილისელთა სერბი ლეგიონერის ზორან მარუშიჩის გოლით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მესამე მატჩში, კი უკრაინულ „კოლოსთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. ამ შეხვედრაში, გოლი ქართველთა კარში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გავიდა. ანგარიში კი, დინამოელთა ნიდერლანდელმა ლეგიონერმა, ფაბიან სპორკსლეიდმა გაიტანა.


თურქული შეკრების დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისი", 12 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდება და საქართველოს სუპერ თასისთვის მოემზადება, რომელიც 21 თებერვალს არის დაგეგმილი. დინამოელები, 2020 წლის ქვეყნის თასის მფლობელს, „გაგრას" შეხვდებიან, რომელიც ახალი სეზონისთვის მზადებას, თბილისში გადის.


***




სწორედ, „გაგრა" იყო, პირველი სპარინგი საქართველოს ვიცე-ჩემპიონისთვის ბათუმის „დინამოსთვის", რომელიც თურქულ შეკრებას, 4 თებერვლიდან დაიწყებს. მანამდე კი, გია გეგუჩაძის გუნდი, თბილისში ემზადება და ადგილობრივ კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს მართავს. ბათუმელთათვის, პირველი ტესტ-მატჩი „გაგრასთან" ფრედ 2-2 დასრულდა.


გუნდთან ერთად ემზადებიან კლუბის ქართველი და ლეგიონერი ახალწვეულები - ზარია, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ფანცულაია, კუპატაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, სანოგო, გროცურეკი.


დღეს, თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, თბილისის „ლოკომოტივის" წინააღმდეგ, გია გეგუჩაძემ, ზარიას გარდა, რომელიც შეუძლოდ იყო და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ყველა ფეხბურთელს მისცა სათამაშო დრო. ფანცულაიამ კი, როგორც ჩანს, „გოლების სეზონი" უკვე გახსნა, რადგან აჭარული გუნდის ახალწვეულმა, 2021 წლის ორივე მატჩში, თავის გამოჩენა მოახერხა.


საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი მატჩი, ბათუმელთა კარნახით წარიმართა და მათი გამარჯვებითაც დასრულდა, 2-1. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ გუნდებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშეს, სადაც „დინამო" უფრო უკეთ, პირველ ნახევარში გამოიყურებოდა.




ნელ-ნელა ტრავმის შემდეგ ფორმაში ცდილობს შესვლას გიორგი ნავალოვსკი. ლევან გეგეჭკორს კი, რომელსაც მძიმე ტრავმის და ოპერაციის შემდეგ, დიდი დრო გაუცდა, თბილისის ზღვის ბაზაზე აქტიურად ვარჯიშობს.


თურქეთში გამგზავრებამდე, ბათუმის „დინამო", ხვალ 1 თებერვალს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და საფეხბურთო კლუბ „თელავს" დაუპირისპირდება.


***

რაც შეეხება, თბილისის „ლოკომოტივს", ახალი სეზონისთვის კლუბმა 8 იანვრიდან დაიწყო მზადება და დღევანდელის ჩათვლით, ჯამში 3 ამხანაგური თამაშიც ჩაატარა. როგორც გახსოვთ, ლოკომოტიველებმა, პირველი სპარინგი „გარეჯის" წინააღმდეგ გამართეს და დიდი ანგარიშით 8-0 დაამარცხეს.




გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, მეორე ტეს-მატჩში, უკვე თანაქალაქელებს დაუპირისპირდა. „საბურთალოსთან" შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. დღეს კი, „ლოკომოტივი", როგორც გითხარით, ბათუმის „დინამოსთან" 2-1 დამარცხდა.


ახალი სეზონისთვის სამზადისს, ეს დედაქალაქური კლუბი 6 თებერვლამდე, კვლავ თბილისში, გააგრძელებს შეკრებას. 6 თებერვლიდან კი, „ლოკო" ზამთრის შეკრებაზე, დიდი ალბათობით, წინასწარ დაანონსებული თურქეთის ნაცვლად, ესპანეთში გაემგზავრება.