გიორგი ფანცულაიამ კვლავ გაიტანა
გიორგი ფანცულაიამ კვლავ გაიტანა
01.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმის „დინამოს" ახალწვეული, გიორგი ფანცულაია, 2020 წელს დაწყებულ საქმიანობას აგრძელებს და ქუთაისის „ტორპედოს" შემდეგ, ახლა, ბათუმის „დინამოში", ყველა თამაშში თავის გამოჩენას ახერხებს. ყოველ შემთხვევაში, 2021 წლის მოსამზადებელი ციკლის დაწყების შემდეგ, ფანცულაიამ, ახალი კლუბის მაისურით, ყველა ამხანაგურ მატჩში გოლი გატანა მოახერხა.

თავად „დინამომ", დღეს, თბილისის ზღვის ბაზაზე, ახალი სეზონის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, რიგით მესამე სპარინგი გამართა, ამჯერად „თელავთან" და ფრედ, 1-1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის მანძილზე ბათუმელთა უპირატესობის მიუხედავად, რასაც კახელები, მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ, პირველი გოლი, სწორედ აჭარელთა კარში გავიდა. გოლი ირაკლი რუხაძემ შეხვედრის 74-ე წუთზე გაიტანა.


თელაველთა ნახევრიდან მიხეილ ბაშელეიშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ის, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ცარიელ კარშიც, ბურთი, საკმაოდ შორი მანძილიდან გადააგზავნა კარში. თუმცა, „დინამოს" წონასწორობის აღსადგენად, დიდი დრო არ დასჭირვებია. გიორგი ფანცულაიამ, „თელავის" საჯარიმო მოედნის ხაზთან, მცველთა დაუდევრობით კარგად ისარგებლა და 78-ე წუთზე, ანგარიში გაათანაბრა.


აღსანიშნავია, რომ „თელავი" ამ ამხანაგურ მატჩშიც, შერეული შემადგენლობით თამაშობდა და მწვრთნელებმა, თავის გამოჩენის საშუალება, როგორც ახალწვეულებს, ასევე გასინჯვაზე მყოფ ფეხბურთელებსაც მისცეს.


რაც შეეხება ბათუმის „დინამოს", გია გეგუჩაძის გუნდი, 4 თებერვალს, მოსამზადებელი ციკლის მეორე ეტაპს თურქეთში გაივლის. სამშობლოში დაბრუნებული კი, ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშებაში ჩაერთვება. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის ახალ სტადიონს და კლუბის საწვრთნელი ბაზის „ანგისას" მინდვრების საფარს რეაბილიტაცია ესაჭიროება, კლუბი პირველ საშინაო შეხვედრას, გორში გამართავს. თუმცა, მანამდე, პირველი ტურის მატჩში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედოს" შეხვდება.