დასანანი მარცხი და „ევრო 2022“-ზე მოსახვედრი შანსები
დასანანი მარცხი და „ევრო 2022“-ზე მოსახვედრი შანსები
02.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ავთანდილ ასათიანის ნაკრები, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ანგარიშით 0-4 დამარცხდა.


„პირველ რიგში, გულშემატკივარს, ამ ანგარიშის გამო ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ყველას ვპირდები, რომ ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შეცდომები გამოვასწოროთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. მე, ადრეც ვიძახდი და კვლავ გავიმეორებ, რომ საქმე, ძალიან მაღალი კლასის გუნდთან გვქონდა. ფუტსალში, ასეთი დონის გუნდთან, ძალიან ძნელია თამაში. მატჩისას, გამოჩნდა კლასიც. თუმცა, ჩვენ, ნამდვილად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს არც ჩვენი მაქსიმუმია, რადგან უფრო მაღალი მიზნებისთვის შეგვიძლია ბრძოლა" - იტყვის მატჩის დასრულების შემდეგ ავთანდილ ასათიანი, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ის, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია, დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩს თითქმის სრულად, სტუმრები აკონტროლებდნენ, საქართველოს ნაკრებსაც ბევრი მომენტი ჰქონდა, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში. თუმცა, აქ, მოწოდების სიმაღლეზე, რუსთა მეკარე იყო. სამართლიანობისათვის ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ ზვიად კუპატაძე, რუსებს ბევრჯერ არც შეუწუხებიათ და რეალურად ორ-ორი გოლი თითო ტაიმში, აბსოლუტურად უწყინარ ვითარებაში გავიდა.


რუსებმა, ანგარიში, შეხვედრის მე-5 წუთზე გაიტანეს. კუთხურის შემდეგ, დაცვით თამაშში ქართველთა გუნდში არეულობით ისარგებლა რომულომ და მატჩის დაწყებიდან 04'38''-ში ანგარიში გახსნა 0-1. კიდევ 4 წუთში, სტარტზე გაშვებული გოლით დაბნეული საქართველოს ნაკრების მდგომარეობით 09'50'' წუთზე, კარგად ისარგებლა ნიაზოვმა და ანგარიში ორამდე გაზარდა. სხვათა შორის, მან, ამ მატჩში დუბლი გაიფორმა, მე-4 გოლიცა მის ანგარიშზე. თუმცა, მანამდე, მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა აქტიურობა და პრესინგი, 27'03'' წუთზე დავიდოვმა ჩააცხრო. ავთანდილ ასათიანს, დასაკარგი არაფერი არ ჰქონდა ამიტომ, მატჩის გადასარჩენად, მეორე ტაიმის დარჩენილ დროში, ავთანდილ ასათიანმა რიცხობრივ უპირატესობაზე გადაწყვიტა აქცენტის გაკეთება და კუპატაძე, არჩილ სებისკვერაძით ჩაანაცვლა. თუმცა, ვერც ამ შემთხვევაში, ჩვენ გოლის გატანა ვერ შევძელით და საბოლოოდ, პირველი მატჩი რუსებთან, მშრალად წავაგეთ.


„შემდეგი ორი თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ჩემპიონატზე, მოგეხსენებთ, ორი ნაკრები გადის. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხრილში, მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამის ძალა, ჩემს გუნდს ნამდვილად აქვს და ამაში, 100%-ით დარწმუნებული ვარ",  - ამბობს ავთანდილ ასათიანი, რომელიც თვლის, რომ გუნდს, რომელსაც რიგი მიზეზების გამო ვერ დაეხმარება ირაკლი თოდუა (ლიმასოლის აელის ქართველი ლეგიონერი პანდემიის გამო ქვეყნებს შორის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო მატჩში მონაწილებას ვერ მიიღებს), ტრავმირებულია სიმი საიოტი, ამას გარდა, გუნდში სამი ახალი ბრაზილიელია, რუსეთთან მატჩამდე, ყველაზე მეტად დრო და შეთამაშება სჭირდებოდათ.


დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ 6 დღე, შეკრებისთვის შესათამაშებლად და რუსეთთან სათამაშოდ მზად არ გამოდგა. ისიც ფაქტია, რომ დღეს, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რაც ბოლო სამ წელში ერთად არ დაუშვია.


ახლა, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, „ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრისთვის მოემზადება, რომელსაც ერთ თვეში, 5 მარტს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


***


საქართველო: კუპატაძე, შაგინია, რონინიო, თალესი, ბინიო

​სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ღავთაძე, გიორგაია, თოფურია, კეკელია, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ელისანდრო, ჩიმაკაძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი


რუსეთი: პუტილოვი, რობინიო, დავიდოვი, აფანასიევი, ჩიშკალა

სათადარიგო შემადგენლობა: ცაიდერი, რომულო, სოკოლოვი, კუძიევი, მილოვანოვი, ასადოვი, აბრამოვი, ნიაზოვი, ესკერდინია

​მთავარი მწვრთნელი: სერგეი სკოროვიჩი


მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია), დონე რისტოვსკი (ჩრდ. მაკედონია), ზვიად ბლიაძე (საქართველო), გრიგოლ ბლიაძე (საქართველო)


გაფრთხილება: 14:01' ჩიშკალა, 26:16' ბინიო, 29:31' რონინიო


გოლები: 0:1 რომულო (04:38), 0:2 ნიაზოვი (09:50), 0:3 დავიდოვი (27:03), 0:4 ნიაზოვი (32:17)


მატჩის ფოტო-ალბომი