ნაკრები შესარჩევს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის გარეშე იწყებს
ნაკრები შესარჩევს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის გარეშე იწყებს
21.11.2017
ავტორი:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩებში თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ასევე ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე, რომელმაც ნაკრებიდან წასვლა გადაიფიქრა, თუმცა სანაძის მსგავსად ამ ეტაპზე, ისიც ტრავმირებულია. ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვერც თბილისის „დინამოელი" ილია ლონდარიძე, რომელიც ვერობასკეტი 2017-ზე ეროვნულ გუნდში იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც 24 და 27 ნოემბერს, ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ სერბეთში,  მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ შეხვედრებს ჩაატარებს.

„ვიტყვი, რომ ახლა, უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე ვიფიქროთ. ამ მომენტში არ ვართ ისეთი ძლიერები, როგორც გვინდა, რომ ვიყოთ. თუმცა, ჩვენ ვიცით სად ვართ და არის, მომავლის დიდი მოლოდინი. იქ კი, სადაც არის მოლოდინი, სწორ გზაზე დგახარ. ახლა, გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებმაც უნდა მოახერხონ კონცენტრაცია და ითამაშონ, აჩვენონ ის, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ჩვენ, გუნდში გვყავს ახალი და ახალგაზრდა მოთამაშეები. ამიტომ, ვეცდებით დავაგროვოთ გამოცდილებაც. ეს ორივე უნდა მოვახერხოთ, რაც ადვილი არაა. ჩემთვის მთავარია, ყველას გვესმის, რომ ამ უახლოესი 2 თამაშიდან, დიდ მოლოდინი არაა, რადგან ვეთამაშებით საკმაოდ გამოცდილ გუნდებს, რომლებიც კარგად ასპარეზობენ ევრობასკეტზე. ვეთამაშებით ისეთი ტრადიციის გუნდებს, მაგალითად, როგორიც სერბეთია და რომელიც ყოველთვის სამეულში ასრულებს ევროპის ჩემპიონატებს. ამრიგად, ჩვენთვის ეს ორი თამაში იქნება დიდი გამოცდილება. უნდა შევეცადოთ ვიყოთ ძლიერები, გავაკეთოთ მაქსიმუმი და ვიფიქროთ, რომ როდესაც ის ტრავმირებული მოთამაშეები - გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე დაბრუნდებიან უკან გუნდში, აქ დახვდეს „შესრულებული" სამუშაო. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი და რაც მოსახდენია, მოხდეს", - ამბობს ილიას ზუროსი.

მანუჩარ მარკოიშვილი (პოზიცია 2/3, სიმაღლე 196, გუნდი „რეჯიო ემილია" (სერია „ა", იტალია),  მაიკლ დიქსონი    (2/1, 186, სტრასბური (PRO A, საფრანგეთი),  გოგა ბითაძე (5,  211, „მეგა ბიმაქსი" (სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (4/5, 213, თავისუფალი აგენტი), მერაბ ბოქოლიშვილი (2, 194, „ოლიმპი"),  რევაზ როგავა (2, 193, „ოლიმპი"), ნიკა დარბაიძე (3/4, 203, „ოლიმპი"), აკაკი დვალიშვილი (5/4, 208, „ქუთაისი"), ბექა ბექაური (4/5, 208, „ქუთაისი"), ლევან ფაცაცია (3/2, 198, „დინამო"),  მიხეილ ბერიშვილი  (3/4, 203, „დინამო"),  ანატოლი ბოისა (3/2, 196,  „კაკტუსი") - ეს ის კალათბურთელები არიან, რომელთაგან 10, ხვალ გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრება. უკვე გერმანიაში, მათ მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი შეუერთდებიან.

„ყველას კარგად ესმის რა ვითარებაშიც ვართ ახლა. არის ახალი გუნდი, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს. ეს არის გუნდი, რომელსაც არასდროს უთამაშია გერმანიისა და სერბეთის დონის ნაკრებებთან. ამას გარდა, არც იმის დრო გვაქვს, რომ იმ გამოცდილ მოთამაშეებთან მარკოიშვილი და დიქსონი მყავს მხედველობაში, ერთად გვევარჯიშა, რომლებიც გუნდს მოგვიანებით უერთდებიან და ესეც, უდიდესი პრობლემაა. იმ მოთამაშეებს, რომლებიც გერმანიაში შემოგვიერთდებიან, მხოლოდ ერთი დღე აქვთ, გუნდთან სავარჯიშოდ", - ამბობს ილიას ზუროსი.

საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ტურნირის და ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, ილიას ზუროსმა, რომელიც, ევრობასკეტ 2017-ის დასრულების და გუნდიდან, რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის წასვლის შემდეგ დილემის წინაშე დადგა, თბილისში 24 კალათბურთელის შეკრება მოახერხა. საკალათბურთო კლუბ, თბილისის „დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ბერძენმა სპეციალისტმა ძირითადად საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები შეკრიბა.  20 ნოემბერს მათ სერბული „მეგა ბიმაქსის" ცენტრი, გოგა ბითაძე შეუერთდა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა ნიკა ცქიტიშვილიც.

„ჩემი გამოცდილებით, ყველანაირად დავუდგები გვერდში გუნდს და მაქსიმალურად ვეცდები გადავერთო მწვრთნელის კონკრეტულ დავალებებზე და ვნახოთ რა გამოვა. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ნაკრებს ბევრი მოთამაშე აკლია, უახლოეს 2 შეხვედრაში,  აქცენტების გაკეთება დაცვაში თამაშზე მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ბრძოლა შეუძლია. რა თქმა უნდა, შანსი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ზოგს ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი ბიჭები არიან. მცირე დროში შეთამაშება ძალიან რთულია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვასწროთ. ამ 10 დღეში საკმაოდ კარგი ვარჯიშები ჩატარდა და მგონი ეტყობა გუნდს. პირველ დღეებთან შედარებით დღეს უკვე დიდი სხვაობა იყო. ეს ბიჭები, მომავლისთვის დიდ გამოცდილებას მიიღებენ და ესეც. ძალიან კარგია",  - ამბობს ნიკა ცქიტიშვილი.

„მოვახერხებ, თუ არა გამოკვეთილი ცენტრის პოზიციაზე თამაშს, ეს გამოჩნდება უშუალოდ თამაშს დროს. ფაქტია, რომ გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ გუნდს დავეხმარო. იმედია, ყველაფერს, კარგად გავაკეთებ. მონახაზი, თუ როგორ ვითამაშებთ გერმანიის და სერბეთის წინააღმდეგ, ვარჯიშებზე შევადგინეთ. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ იმ „მინუსებსაც", რომელიც კონკრეტულ ნაკრებებსაც აქვთ. რაც შეეხება, სერბეთის ნაკრებს, მათაც აქვთ გარკვეული დანაკლისი, თუმცა ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დღეს. ჩვენს ნაკრებთან მიმართებაში, ის შემიძლია ვთქვა, რომ ახალი შეკრებილი გუნდია, მცირე დროა ერთად ვვარჯიშობთ და ამდენად, რთულია, ოპტიმალურად შევხდვეთ თამაშებს. გვაკლია ბევრი მოთამაშე, თუმცა შევეცდებით, რომ მაინც, წარმოვაჩინოთ თავი", - ამბობს გოგა ბითაძე.

შეგახსნებთ, რომ ზუროსმა გაფართოვებულ შემადგენლობაში ევროლიგის მოთამაშეები გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია კი გამოიძახა, თუმცა მათი გერმანიაში თამაში გამორიცხულია. ბოლო ინფორმაციით, ევროლიგის ხელმძღვანელობამ ჯარიმები დაუწესა იმ გუნდებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეებს გაუშვებს.

„ფიბასა და ევროლიგას შორის მიმდინარე ამ „ომის" დროს, ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევა ბევრ ახალ მოთამაშეს. ამავდროულად, ჩვენც გვაძლევს იმის დანახვის საშალებას,  სად ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია. საქართველოში მყოფ ხალხს, პირობას ვაძლევთ, რომ ამ თამაშებში მთელს გულს ჩავდებთ, მაგრამ გვაკლია გამოცდილება და ეს დიდი პრობლემაა", -ამბობს ზუროსი.

საქართველოს ნაკრების პირველი დაპირისპირება გერმანიასთან, ქალაქ ქემნიცში, 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.