
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი, ნოემბრის შემდეგ, დღემდე ვაკანტურია და ფედერაციაში არც მისი შემცვლელის სავარაუდო კანდიდატებზე ლაპარაკობენ ხმამაღლა, ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ივნისში დაგეგმილ, 2021 წელს ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ივნისამდე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ნაკრებს, მარტში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 3 შესარჩევი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. 25 მარტს, შვედეთში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ, შემდეგ, უკვე თბილისში, 28 მარტს, ესპანეთის ნაკრებს მივიღებთ და კიდევ 3 დღეში, 31 მარტს, საბერძნეთში მოგვიწევს, კიდევ ერთი გასვლითი მატჩის ჩატარება.
საქართველოს ნაკრების მეტოქეების და მარტის თვის მჭიდრო კალენდარის გათვალისწინებით, მითუმეტეს, როდესაც, მატჩებამდე თვენახევრით ადრე, მწვრთნელის გარეშე ვართ, რაიმე დადებითი შედეგის წარმოდგენაც კი, არაა მარტივი. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ლეგიონერები, უცხოურ კლუბებში არც თუ ცუდ ფორმაში არიან.
ახლა, ფეხბურთის გულშემატკივარსაც და საფეხბურთო წრეებშიც, ხმამაღლა ბედავენ თქმას თუ ვერა, ერთ ადარდებთ - ივნისი, ივნისად, მაგრამ მოხერხდება თუ არა, მარტის სანაკრებო შეკრებამდე ერთი ამხანაგური მატჩის ჩატარება. თუნდაც, იმიტომ, რომ გუნდს ერთად ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. თუ მოხერხდება როდის და რამდენად ოპტიმალური იქნება ამ მატჩებისთვის შემადგენლობა (ლეგიონერების მჭიდრო გრაფიკიდან გამომდინარე) და ბოლოს, ვინ უხელმძღვანელებს გუნდს, თუნდაც, დროებითი მოვალეობის შესრულებისას.





ჩვენ








