ახალი შესარჩევი გადახალისებული შეამდგენლობით
ახალი შესარჩევი გადახალისებული შეამდგენლობით
22.11.2017
ავტორი:

დღეს, გამთენიისას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მიუნჰენში ჩაფრინდა, საიდანაც გერმანიის (ყოფილი გდრ-ის) ქალაქ ქემნიცში, თბილისის დროით 3-4 საათისთვის ჩავლენ.საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩებში თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინის გარდა, ასევე ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე, რომელმაც ნაკრებიდან წასვლა გადაიფიქრა, თუმცა სანაძის მსგავსად ამ ეტაპზე, ისიც ტრავმირებულია. აქვე შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ. ამრიგად, ქართველთა ბერძენ მწვრთნელს, ილიას ზუროსს, ევრობასკეტი 2017-ის შემდეგ, ნაკრების გადახალისება მოუხდა.

„საინტერესო შეკრება იყო. მაღალი დონის მწვრთნელია ზუროსი, ბევრი ახალი დეტალი გვასწავლა, რასაც ყურადღებას იმდენად არ ვაქცევდით. ზოგადად, ნაკრების შეკრება, ყოველთვის განსხვავებულია საკლუბო შეკრებისგან, თანაც, ბევრად ნაკლები დრო გაქვს, რომ ყველაფერი მოასწრო. თაობათა ცვლის შესახებ მოასზრებას, დიდად არ ვეთანხმები. დანაკლისი, რაც გუნდს აქვს არის ტრავმებისგან გამოწვეული და იმ ფორმატისგან, რაც ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს აქვს. თორემ, სანაკრებო კარიერა, სულ 2 კაცმა დაამთავრა და ეს, თაობათა ცვლა არ არის. პირადად მე რაც შემეხება, რა თქმა უნდა, სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია ეროვნულ ნაკრებში თამაში. ამაზე მეტი არ არსებობს, ამიტომ ყველანაირად ვეცდები, რითაც შემეძლება დავეხმარო გუნდს", -ამბობს მერაბ ბოქოლიშვილი, ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „ოლიმპის" მოთამაშე.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ახალი ტურნირის და ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, ილიას ზუროსმა, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისში 24 კალათბურთელის შეკრება მოახერხა, ძირითადად საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები.  გუშინ, კი საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე  ბოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც გერმანიასთან და სერბეთთან მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ძალიან დიდი დანაკლისია, რომ გამოცდილმა მოთამაშეებმა დატოვეს ნაკრები, ზოგს კი მიღებული ტრავმების გამო არ შეუძლია დაეხმაროს გუნდს მოახლოებულ თამაშებში. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები განახლებული შემადგენლობით ითამაშებს და დარწმუნებული ვარ გამოძახებული თორმეტივე მოთამაშე თავის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ქართული კალათბურთი ასახელოს. პირადად ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მოვირგო საქართველოს ნაკრების მაისური და გულშემატკივარს ვპირდები, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ წარმატების მისაღწევად. ნაკრების ამჟამინდელ წევრებთან დიდი ხნის მეგობრობა და სათამაშო გამოცდილება მაკავშირებს და ყველა მათგანის შესაძლებლობეში 100%-ით ვარ დარწმუნებული. თავის მხრივ, როგორც არასოდეს, გულშემატკივრებისგან ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება მხარდაჭერა"- ამბობს ბექა ბექაური, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ქუთაისის" კალათბურთელი.

კონკრეტული 2 თამაშისთვის, ილიას ზუროსს გამოძახებული ჰყავს: მანუჩარ მარკოიშვილი (პოზიცია 2/3, სიმაღლე 196, გუნდი „რეჯიო ემილია" (სერია „ა", იტალია),  მაიკლ დიქსონი (2/1, 186, სტრასბური (PRO A, საფრანგეთი),  გოგა ბითაძე (5, 211, „მეგა ბიმაქსი" (სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (4/5, 213, თავისუფალი აგენტი), მერაბ ბოქოლიშვილი (2, 194, „ოლიმპი"),  რევაზ როგავა (2, 193, „ოლიმპი"), ნიკა დარბაიძე (3/4, 203, „ოლიმპი"), აკაკი დვალიშვილი (5/4, 208, „ქუთაისი"), ბექა ბექაური (4/5, 208, „ქუთაისი"), ლევან ფაცაცია (3/2, 198, „დინამო"),  მიხეილ ბერიშვილი (3/4, 203, „დინამო"),  ანატოლი ბოისა (3/2, 196,  „კაკტუსი").

მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ჯგუფის პირველი დაპირისპირება, საქართველოს ნაკრებისათვის გერმანიასთან, ქალაქ ქემნიცში, 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. 27 ნოემბერს, კი ქართველი კალათბურთელები, ბელგრადში, სერბეთს დაუპირისპირდებიან.