
საქართველოს 19-წლამდე ქალთა და ქალთა ეროვნული ნაკრების მცველი, ნინო (ნუცა) გურიელიძე 2021 წლიდან საფეხბურთო კარიერას რუმინეთის ქალთა ჩემპიონატში გააგრძელებს. „ჰენიუ პრუნდუ ბერგაულუი", არის ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი, რომელიც 2013 წელს, დიდი ისტორიის მქონე, 1938 წელს დაფუძნებული საფეხბურთო კლუბის „ჰენიუს" ბაზაზე დაარსდა და უკვე მესამე წელია, რუმინეთის ქალთა „ლიგა 1"-ში ასპარეზობს. აღნიშნული ლიგა კი, რუმინეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის 3 ლიგიდან, უმაღლესია.
„17 წლის ვიყავი, როცა ამ გუნდში ჩემით დაინტერესდნენ და პირველად მომწერეს. ამის შემდეგ ელოდებოდნენ, როდის გავხდებოდი სრულწლოვანი. შეიძლება ითქვას, დაბადების დღიდან დაიწყეს აქტიურობა. ამ გუნდთან მოლაპარაკება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ შემდეგ პანდემიის გამო შეჩერდა. ახლა, როგორც იქნა აქ ვარ და კლუბთან, თავდაპირველად 6-თვიან ხელშეკრულებას ვაფორმებთ. ამის შემდეგ, ჩვენს თანამშრომლობას გადავხედავთ", - ამბობს ნუცა გურიელიძე TSFF.GE-სთან საუბარში.
ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდს, თავისუფალი აგენტის რანგში, იმ პერიოდში შეუერთდა, როდესაც „ჰენიუ პრუნდუ ბერგაულუი" 2020-2021წლების სეზონის საჩემპიონო ჯგუფში ასპარეზობისთვის 14 მარტიდან იწყებს მზადებას და მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვაც მოუწევს. „ჰენიუ" ამ მომენტში 20 ქულით გათამაშების ცხრილში, მე-5 ადგილზეა. ჩემპიონატს კი, ის „კლუჟი" ლიდერობს, რომელიც 2020-2021 წლების ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ლანჩხუთმა" დაამარცხა.
ნუცა გურიელიძემ, ფეხბურთის თამაში 12 წლის ასაკში დაიწო. 2015 წლიდან, ის უკვე ქალთა საფეხბურთო კლუბის „ნორჩი დინამოს" ვიცე-კაპიტანი იყო. ერთ წელში კი, მას კლუბის კაპიტნის სამკლაური ოფიციალურად გადააბარეს. 18 წლის ფეხბურთელი გოგონა, ქალთა ასაკობრივი ნაკრებების წევრია. თუმცა, გასულ სეზონში მას ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც ენდო და რამდენიმე მატჩში მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა.
ფოტო: ჰენიუ





ჩვენ








