
ნათქვამია, რომ პატარა ქალაქებში ანდა სულაც, დასახლებებში, დიდი ამბები წყდება. მაშინ, როცა კორონა ვირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოცა და განსაკუთრებით კი, ევროპა ყოველდღიურად ახალ-ახალი რეგულაციების წინაშე დგება, შვეიცარიის ერთ პატარა დასახლებაში, ჟენევის ტბის მახლობლად, ფეხბურთისა და კალათბურთის სამომავლო განვითარების ერთობლივ პლატფორმაზე დაიწყეს ფიქრი.
სპორტში ჩახედულებს, მოგეხსენებათ, რომ უეფა-სა და ფიბა-ს ოფისები, შვეიცარიაში, ნიონსა და პატარა დასახლება მისში, სულ რაღაც 16-21 წუთის საავტომობილო, სავალში მდებარეობენ. აქ, უბრალოდ, გზას გააჩნია, რომელს აირჩევ. შესაბამისად, ამ ორი პოპულარული სპორტის მესვეურებიც, ხშირად უნდა ნახულობდნენ ხოლმე ერთმანეთს. თუმცა, ნახვასა და საქმიან შეხვედრას შორის, სხვაობაც დიდია და ამ საქმიანი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ერთობლივი განცხადებაც, ალბათ, ხშირად არ გახსენდებათ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში კი, უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა, სწორედ, ფიბა-ს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შესახებ, პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ჩანს შაბათ-კვირას, ფიბა-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეას ზაგკლისის მოწვევით, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა „კალათბურთის სახლი" მოინახულა.
ბევრმა, შესაძლოა არ იცის, მაგრამ ჩეფერინი კალათბურთის სტაჟიანი გულშემატკივარია და ამისთვის სერიოზული საბაბიც აქვს. უეფა-ს თავკაცი, სლოვენიის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში, წლების მანძილზე თამაშობდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ფიბა-დან მიპატიჟებაზე, დიდხანსაც არ უფიქრია და ნიონიდან, „პატრიკ ბაუმანის კალათბურთის სახლში" გაემგზავრა და სიამოვნებითაც დაათვალიერა იქაურობა.
თავის მხრივ, „კალათბურთის სახლის" ერთი ნაწილი, წარმოადგენს ცნობილი კალათბურთელების სათამაშო ფორმების საკოლექციო-საგამოფენო სივრცეს, სადაც, უეფა-ს პრეზიდენტის განსაკუთრებული ყურადღება, ერთმა კუთხემ მიიქცია. ადგილმა, სადაც ის სათამაშო ფორმა არის გამოფენილი, რომლითაც 2017 წლის ფიბა ევრობასკეტზე, გათამაშების MVP-ი და სლოვენიის ნაკრების მოთამაშე, გორან დრაგიჩი ასპარეზობდა.
კონკრეტულად რა თემებზე და რამდენ ხანს ისაუბრეს ჩეფერინმა და ზაგკლისმა ოფიციალურად არ დაწერილა. თუმცა, რამდენიმე „მესიჯი" ამ შეხვედრიდან, ფართო საზოგადოებისთვისაც ხდება ცნობილი.
ალექსანდერ ჩეფერნი: „უეფა-სა და ფიბა-ს საერთო ღირებულებები აქვთ და ეს, სოლიდარობაზე და გახსნილ, ღია შეჯიბრობითობაზეა დამყარებული".
ანდრეას ზაგკლისი: „ეს არის წლების მანძილზე ჩამოყალიბებული და მრავალმხრივ მიმართულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ მხოლოდ, „მეზობლები". ჩვენ, ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, ვმუშაობთ ერთად მათი პოპულარიზაციისთვის".
ფეხბურთიც და კალათბურთიც თანხმდებიან, რომ ორივე სახეობა სპორტზე უფრო მეტია და ორგანიზაციებიც, მხოლოდ ქუჩის თავში და ბოლოში მდებარე სახლები არ არიან. მათ აქვთ ბევრი საერთო, მათ შორის, საერთო პრობლემებიც.
ანდრეას ზაგკლისი: „ვამაყობთ, რომ ერთი და იგივე ფასეულობები გვაქვს და მათ განვითარებასაც ერთად ვცდილობთ".
ბუნებრივია, რაც არ უნდა „შინაურული" და „სამეზობლო" შეხვედრა ყოფილიყო, ვერც უეფა-ს და ვერც ფიბა-ს ლიდერები, გვერდს ვერ აუვლიდნენ იმ პრობლემებზე საუბარს, რასაც სპორტის ამ სახეობების წარმომადგენლები, საერთაშორისო ტურნირების დროს აწყდებიან. შორს, რომ არ წავიდეთ, თუნდაც, საქართველოს მაგალითზე, შეგახსენებთ, რომ მაგალითად, კალათბურთში, სანაკრებო თამაშების დროს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც კლუბებს, მოთამაშეები არ გამოუშვიათ. ეს სირთულეები კი, განსაკუთრებით თვალსაჩინო კორონა ვირუსის გლობალური პანდემიის დროს გამოჩნდა, როდესაც კლუბებმა, დამატებით COVID 19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სანაკრებო თამაშებზე, მოთამაშეების გაშვებას თავი აარიდეს. ახლა, უეფა-შიც და ფიფა-შიც იმაზე ფიქრობენ, თუ, როგორ დააბრუნონ ფეხბურთი და კალათბურთი ცხოვრების ჩვეულ რიტმში.
ალექსანდერ ჩეფერინი: „საინტერესო იყო, ამ ორი ფედერაციის მიერ, პანდემიის დროს დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოსმენა და აზრთა გაცვლა. ამან, დადებითი როლი უნდა ითამაშოს, ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად".
საფეხბურთო და საკალათბურთო ოჯახები, რომლებიც სპორტის ევროპული მოდელის მიმდევრები არიან და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებენ. ამ შეხვედრის დროს და ალბათ, კიდევ, სხვა, მომავალი შეხვედრებისას, იმ სამუშაო პლატფორმაზე შეჯერდებიან, რომელიც ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებაზე, ჩართულობაზე და კვალიფიკაციის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








