„დინამო თბილისი“ სახლში ბრუნდება
„დინამო თბილისი“ სახლში ბრუნდება
12.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" დღეს, თურქეთის შეკრებიდან, სამშობლოში დაბრუნდება. ქართული კლუბი, ბელექის შეკრებაზე 20 იანვრიდან იმყოფებოდა და ამ ხნის მანძილზე, 8 ამხანაგური, საწვრთნელი მატჩი ჩაატარა. ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ხუთი მატჩიც დათმო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფრედ დამთავრებული შეხვედრის დროს, ქართველებმა გოლი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაუშვეს, კიევის „დინამოსთან" კი, ასევე ბოლო წუთებზე ჩვენს კარში დადებულმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, სადაც თბილისელები დამარცხდნენ, გულშემატკივართა ერთი ნაწილის ქილიკის საგანი, სწორედ დინამოელთა ხუთი წაგებული მატჩი გახდა.


„შეკრების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯამებას, რომ მივყვეთ, ვფიქრობ, იმდენი კარგი და საინტერესო გუნდის შემოთავაზება იყო, რომ მათზე უარი ვერ ვთქვი. აქედან გამომდინარე, გადაება ეს თამაშები", - ამბობს გიორგი ნემსაძე, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.




გიორგი ნემსაძე ფიქრობს, რომ როდესაც ისეთი კარგი გუნდებისგან, როგორებიც „დინამო კიევმა", „ლუდოგორეცი" „ზორია", „სოჩის" არიან, საწვრთნელი შეკრების დროს სპარინგ მატჩების წინადადებას იღებ, ხელიდან არ უნდა გაუშვა. ნემსაძის აზრით, შეკრებების დროს, სწორედ, ასეთ გუნდებთან თამაშში, ხედავ იმ ხარვეზებს, რომლის გამოსწორებაც მთავარი მატჩების დროს დაგეხმარება.


„დადებითი ის არის, რომ ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ. უარყოფითი არის, რომ გულშემატკივარს, რა თქმა უნდა შედეგი აინტერესებს. „დინამო კიევი" თურქეთში ბევრად ადრე იყო ჩამოსული. იგივე, „სოჩი" რომელიც მეოთხეადგილოსანია რუსეთის პრემიერლიგაში. ჩვენ გადაბმულ თამაშებს ვთამაშობდით, თითო დღის გამოტოვებით. მინდა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის რა თქმა უნდა. ახლა, ჩვენ, ერთჯერად ვარჯიშებზე გადავალთ და სამომავლოდ, უფრო სახალისო ვარჯიშები გვექნება, ტექნიკურ-ტაქტიკური და ეს ენერგია ერთბაშად მოვა და ეს, შეთამაშებაც, ერთბაშად მიიღებს სახეს. იმიტომ, რომ „დინამო კიევთან", ფაქტიურად, გუნდს ემჩნეოდა შეთამაშება, სახე ჰქონდა. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ერთსულოვნება ემჩნეოდა", - ამბობს ნემსაძე.


არის შეკრებები, სადაც მაღალი დატვირთვების გამო 6-7 ფეხბურთელი იღებს ტრავმას. ამ მხრივ, გოირგი ნემსაძე თვლის, რომ თურქულ შეკრებაზე, გუნდა მაღალ დატვირთვებს გაუძლო და მხოლოდ, ორი ფეხბურთელი მცირე დროით გამოაკლდა შეკრებას.




„ერთი კაცის გარდა, ასეთი დატვირთვების ზღვარზე, ხშირია ტრავმები და ამ მხრივ, მხოლოდ საიმონ ბენიო გამოაკლდა გუნდს, ბოლო 3 თამაში. მას უკვე მოშუშებული აქვს ტრავმა და დღეს უკვე შესაძლებელი იყო ეთამაშა, მაგრამ არ გავრისკეთ და ბოლო თამაში აღარ ვათამაშეთ, რათა მზადყოფნაში ყოფილიყო სუპერთასისთვის. გაგნიძე, ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელზეც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ, ისიც ტრავმირებული იყო", - ამბობს ნემსაძე.


კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი, რომელიც დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა თურქული შეკრების დროს შენიშნა, არის გამოხმაურება სოციალური მედიით, რომელიც „დინამო თბილისის" თითოეულ თამაშს მოჰყვა.


„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ კარგად გაიგონ - შეკრებაზე არ არის მიზანი, რომ უნდა მოვიგოთ თამაშები. შეკრების მიზანი არის, მომზადება და ის, რომ გუნდი, მზადყოფნაში შეხვდეს ჩემპიონატს, იქ არის კიდევ სუპერთასი, სათასო თამაშები. ამიტომ, საფუძველი, ახლა უნდა ჩაეყაროს გუნდს და ამ დატვირთვების ქვეშ, ტარდება ეს თამაშებიც. ამ თამაშებში უნდა დავინახოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, დატვირთვების ქვეშ მყოფი გუნდის, ან ცალკეული ფეხბურთელის... ამიტომ, ძალიან გთხოვთ, გულშემატკივარს და მიხარია, რომ „დინამო თბილისს" დიდი არმია ჰყავს გულშემატკივრების, რომ გაითვალისწინონ, როცა მოსამზადებელი პერიოდია, აქ პრიორიტეტია საფუძვლები ჩაეყაროს: ფიზმომზადებას, ტექნიკურ და ტაქტიკურ მხარეებს. ასე, რომ ბოდიშს ვიხდით და ამ ეტაპზე, შედეგს არ ვაქცევდით ყურადღებას. სამომავლოდ კი, იმედი მაქვს, რომ თქვენს მოლოდინებს გავამართლებთ", - ამბობს დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.




თურქული შეკრების დროს, ქვეყნის 18-გზის ჩემპიონმა, რამდენიმე ახალწვეული გამოსცადა. ერთ-ერთი ხორვატი მარიო მუსა იყო. ამ ფეხბურთელის შესახებ, „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბს კარგი ინფორმაცია ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მას თურქულ შეკრებაზეც დაუძახეს და რამდენიმე მატჩში სათამაშო დროც მისცეს. თუმცა, ფეხბურთელმა მოლოდინი ამ ეტაპზე, ვერ გაამართლა. გიორგი ნემსაძე, ბელექიდან, თბილისში გამომგზავრებამდე, აცხადებს, რომ გუნდს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთელს, რომელსაც 1 წელი არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, გარისკოს და გუნდში მიიღოს. ნემსაძე, კიდევ აგენტის პრობლემაზე ლაპარაკობს, რომელიც მუსასთან კონტრაქტის გაფორმებაზე, თითქმის „ავიწროებდა" ქართულ კლუბს და მოსაფიქრებლადაც, დროს არ უტოვებდა. შესაბამისად, ნემსაძეს უნდა გადაწყვეტილება მიეღო და ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება, მუსასთვის უარის თქმა იყო. რაც შეეხება დანარჩენ ახალწვეულებს, ნემსაძემ, მათი თამაშიც შეაჯამა.


მილან რადინი, რომელის შესახებაც კარგი ინფორმაცია გვქონდა, ვფიქრობ, რომ პოტენციალი კიდევ დიდი აქვს და ბევრ კარგ მატჩს გამართავს დინამო „თბილისისთვის".


მარუშიჩი, მოუმზადებელი ჩამოვიდა და აქ, გასათვალისწინებელია, რომ დატვირთვების ქვეშ, თითქმის ყველა თამაშში გოლი გაიტანა. ალბათ, ერთჯერად ვარჯიშებზე, რომ გადავალთ, უფრო ფორმაში შევა და დარწმუნებული ვარ, გუნდს, ბევრ სიკეთეს მოუტანს და ბევრ გოლს გაიტანს.


ფაბიანი, კარგად ნასწავლი, დახვეწილი ფეხბურთელია. მნიშვნელოვან თამაშებში ძალიან კარგად გაართვა თავი და მისი პოტენციალიც მოგვიანებით უფრო გამოჩნდება.


წოწონავას აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ გახსნა უნდა, რადგან ძალიან მორიდებით თამაშობს, რაც ფეხბურთს ძალიან არ უხდება და სულ იმას ვეჩიჩინები, რომ მინდორზე აუცილებლად „სინაგლე" უნდა ჰქონდეს. მინდვრის გარეთ, ბრწყინვალე ადამიანია, მაგრამ არ შეიძლება, მინდორზე იგივე იყო, რაც გარეთ, იმიტომ, რომ  სხვანაირად, ფეხბურთს ვერ ითამაშებ.


კასტროს, რაც შეეხება, მოგეხსენებათ, შარშან მოაწერა „დინამოსთან" კონტრაქტს ხელი და უბრალოდ არ მიეცა საშუალება თამაშის. მე დამხვდა გუნდში. აქაც, ვფიქრობ, რომ გაიხსნება და ესეც ბევრ გასახარ წუთებს აჩუქებს „დინამო თბილისის" გულშემატკივარს.




თურქული შეკრების ბოლო შეხვედრაში, გიორგი ნემსაძემ 30 სათამაშო წუთი, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილ მეკარეს, 19 წლის ლუკა კუტალაძეს მისცა. „დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში კუტალაძეს და კარგად გაართვა თავი. ძალიან მახარებს, რომ დიდ კონკურენციას გაუწევს ის, პირველი გუნდის ორ მეკარეს. ბრწყინვალედ ითამაშა ეს მატჩი და როდესაც მიეცა შესაძლებლობა, დაგვანახა რა შეუძლია", - ამბობს ნემსაძე.

 

რა იქნება სამომავლოდ? გიორგი ნემსაძე, გუნდში კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებაზე ფიქრობს თავდამსხმელზე და მარცხენა ნახევარმცველი, რომლებიც გუნდს, უკვე, თბილისში შეუერთდებიან. უფრო სწორად, დინამოელები მათ ჩემპიონატის დაწყებამდე დააკვირდებიან. თუ ეს შევსება მოხდა, ნემსაძეს მიაჩნია, რომ კონკრეტულ პოზიციებზე, გაიზრდება კონკურენცია, რაც საბოლოო მიზანს წაადგება. მიზანი კი ერთია:


„მიზანი ერთია, დიადი ნათელი... სამომავლოდ, „დინამო თბილისის" გეგმები არის უცვლელი. ეს არის ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი გვაქვს პირველი თამაში და გუნდი მზად იქნება. დღევანდელი გადასახედიდან, რომ გითხრათ, თამაში, რომ ხვალ იყოს, სხვანაირად მოვემზადებოდით, მაგრამ როდესაც ვიცით, რომ თამაში გავქვს 10 დღეში, ამისთვის უნდა ვეცადოთ, რასაც ამ შეკრებაზე ჩაეყარა საფუძველი, მისი განეიტრალებას და ფორმაში შესვლას. ბიჭები ფიზიკურად კარგად არიან.  ასე, რომ 21 თებერვლისთვის, ბიჭები საბრძოლველად და თასის მოსაგებად, მზად იქნებიან", - ამბობს გიორგი ნემსაძე.


შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა" ზამთრის მოსამზადებელი, მეორე ეტაპის ბოლო შეხვედრა გუშინ, გამართა და უკრაინულ „ვერეს რივნეს" დაუპირისპირდა. ამ მატში ანგარიში მე-6 წუთზე, უკრაინელებმა გახსნეს და შემდეგ მე-16 წუთზე ორამდეც გაზარდეს, თუმცა, პირველივე ტაიმში, გორგი მოისწრაფიშვილის, თორნიკე ახვლედიანის და გიორგი კუციას გოლებით ტაიმიც მოიგეს და შეკრების ბოლო შეხვედრაც, ანგარიშით 3-2.


თბილისში დაბრუნებული გუნდი, კორონა ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად გაივლის შემოწმებას, სავარაუდოდ ერთი დღე დაისვენებს და შემდეგ, საქართველოს სუპერთასისთვის გააგრძელებს მზადებას, რომელიც 21 თებერვალს ჩატარდება. ამ დღეს, მიხეილ მესხის ცენტრალურ მინდორზე, „გაგრას" წინააღმდეგ, შეხვედრა 18:00 დაიწყება.



სკ დინამო თბილისის ფოტო / ავტორი ირაკლი ბუხალი