
დავით სხირტლაძე, 2021 წელს, ახალ კლუბში დაიწყებს თამაშს. „დინამო თბილისის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 2020 წელს მოიგო, საფეხბურთო კარიერას მისთვის ნაცნობ გარემოში, დანიაში გააგრძელებს. დავით სხირტლაძე „ვიბორგის" ღირსებას დაიცავს და შეეცდება გუნდს, რომელიც დანიის რანგით მერე გათამაშების ლიდერია, სუპერლიგაში გადასვლაში დაეხმაროს.
„ახალ გუნდს მარტივად შევეწყე, რადგან დანიაში, ადრე, მომიწია დიდი ხნით ყოფნა და ვიცი, რას ითხოვენ ჩემგან. გუნდელებსაც ვიცნობ რამდენიმეს და ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის. ვარჯიში, ჯერ არ დამიწყია, რადგან საბუთებს ველოდები. თუმცა, სამშაბათიდან, შევძლებ უკვე ვარჯიშის დაწყებასაც. ამის გამო, პირველ ტურს გამოვტოვებ. შეიძლება არც მეორეში ვითამაშო. ხელშეკრულებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოვაწერე ხელი", - ამბობს დავით სხირტლაძე, TSFF.Ge-სთან საუბარში.
კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დანიაში 10-დღიანი საკარანტინო რეგულაციაა. შესაბამისად, სხირტლაძე, ახლა სასტუმროში იმყოფება და განმეორებითი ტესტის ჩატარებას ელის. მეორე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ქართველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას მოახერხებს.
მიმდინარე გათამაშებაში დავით სხირტლაძის ახალ კლუბს, პირველი ორი მატჩი, სადაც ქართველი ვარაუდობს, რომ არ ითამაშებს, დღეს და 21 თებერვალს უწევს. ასე, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 27 წლის სხირტლაძე, პირველ დანიურ მატჩს, დაბრუნების შემდეგ, 26 თებერვალს გამართავს.
„ბუნებრივია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ არის და რა შეუძლია დავით სხირტლაძეს. ჩვენ შევიძინეთ ტექნიკურად ძლიერი მოთამაშე, კარგი ინდივიდუალური თვისებებით. ეს, ვფიქრობთ, ჩვენი გუნდის თამაშს კარგად შეავსებს. არის ძალიან მოტივირებული, რათა დანიურ ფეხბურთში, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს თავი. დავითის მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენ წინა ხაზში, ტრავმირებული მოთამაშეები მოგვიმრავლდა და ეს შესაძლოა დაგვტყობოდა. ახლა კი, გვჯერა, რომ სხირტლაძე, გაზაფხულზე მოგვეხმარება", - ამბობს ჯასპერ ფრედბერგი, კლუბის სპორტული მენეჯერი.
ამ მომენტისტვის, "ვიბორგი" გათამაშებას 38 ქულით ლიდერობს. ამდენივე ქულა აქვს, "ეისბერგს", სადაც კიდევ ერთი ყოფილი დინამოელი, ლაშა პარუნაშვილი თამაშბს. ქართველთა გუნდები, ერთმანეთს 13 მარტს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ დავით სხირტლაძესა და „დინამო თბილისს" შორის 2021 წლიდან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. დანიაში გამგზავრებამდე კი, ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივთან" ერთად, თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა.
ფოტო: FF Viborg





ჩვენ








