
საქართველოში, კიდევ ერთი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მდინარე ენგურის პირას, ზუგდიდი-სოხუმის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე სოფელ რუხში, ამიერიდან სფფ-ს ფეხბურთის აკადემია ამუშავდება და ძირითადად სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მოემსახურება.
„აკადემიის ფეხბურთელების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯს საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს. აქვე არის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი მოთამაშეები ისწავლიან. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ყველა მათგანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ჩვენი მიზანი ასევე არის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდონ", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ს პრეზიდეტნმა.
პროექტის მიხედვით, რუხის საფეხბურთო აკადემია, რომელის მშენებლობაც სფფ-ს დაფინასებით, ასევე, ფიფა-სა და უეფა-ს მიერ გამოყოფილი გრანტით არის აშენებული, ერთ ბუნებრივსაფარიან და ორ ხელოვნურსაფარიან მოედანს აერთიანებს. დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, აშენდა ტრიბუნები, სადაც მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსით გამოწვეული რეგულაციები შესაძლებლობას მისცემს, გულშემატკივარს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა გუნდების თამაშებისთვის ყურება შეეძლებათ. სფფ-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებს. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ", - ამბობს კობიაშვილი.
სფფ-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, „პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული ტერიტორია სფფ-ს ადგილობრივი ხელისუფლებისგან საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის ვალდებულებით გადმოეცა".
რუხის საფეხბურთო აკადემიის კომპლექსი, 50 ადამიანზე გათვლილ საცხოვრებელ კორპუსსაც იტევს, სადაც ფუნქციონირებს სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები. აქ, ამჟამად 2006 - 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი, ახალ აკადემიაში 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება, რომლებიც აღნიშნულ კომპლექსში იცხოვრებენ და ივარჯიშებენ. ხარჯებს კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს.
სფფ-ის მსგავსი საფეხბურთო აკადემიები, უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.





ჩვენ








