
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნილი ნაკრები დღეს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. თბილისის დროით 23:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ქემნიცში ამ შესარჩევი ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ქართველი კალათბურთელები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა.
ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნილი ნაკრებიდან წასვლა რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა გადაწყვიტა. მოგვიანებით ორმა - გიორგი ცინცაძემ და ანატოლი ბოისამ გადაწყვეტილება შეცვალეს. თუმცა, ტრავმის გამო გიორგი ცინცაძე მაინც ვერ ეხმარება ნაკერბს, ისევე როგორც დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების 2 ლიდერს, თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს, ისინი კლუბს ევროლიგის თამაშების გამო ვერ ეხმარებიან. კალათბურთელთა კლუბების გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუკი ევროლიგაზე მოთამაშე, რომელიმე კალათბურთელი მონაწილეობას მიიღებს სანაკრებო თამაშებში, ფინანსური სანცქიცების წინაშე დადგება.
მოგეხსენებათ, ფიბა-ს სანაკრებო მატჩების სისტემის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირ ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ვერ მიდიან. ფიბა-სა და ევროლიგის ხელმძღვანელებმა ვერ მოილაპარაკეს და ამ უკანასკნელმა საკუთარი კალენდარი ვერ შეცვალა. სწორედ გუშინ ჰქონდა ევროლიგაში თამაში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას", ხოლო დღეს - გიორგი შერმადინის „უნიკახას".
„რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან გვაკლია ბევრი გამოცდილი კალათბურთელი: გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე. ბექასა და დუდას ოპერაციები აქვთ გაკეთებული. იცით თოკო შენგელიასა და გიორგი შერმადინის მდგომარეობა, რომლებიც ევროლიგაზე თამაშობენ და კლუბები ნაკრებში ჩამოსვლის ნებას არ რთავენ. ასე რომ, გამოცდილება ნამდვილად გვაკლია. მძიმე მდგომარეობაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს. საქართველოს ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით ერთად მხოლოდ ორი დღეა რაც ვარჯიშობს. ასეთ პირობებში კი შეთამაშებასა და გუნდურობაზე მუშაობა ძალიან რთულია. საამისოდ, ფაქტობრივად, დრო არ რჩება. მოთამაშეებს ერთმანეთი ჰყავთ გასაცნობი", - ამბობს ილიას ზუროსი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გადახალისებული შემადგენლობით გამართავს. ილიას ზუროსი ახალი გუნდის შექმნას ევრობასკეტის დასრულების თანავე შეუდგა. შეგახსნებეთ, რომ ნაკრები, რომელიც ძირითადად სუპერლიგის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, შეკრებას 15 იანვრიდან გადიოდა თბილისში, საკალათბურთო კლუბი „დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე.
„ჩვენთვის საინტერესოა და გვინდა ვნახოთ ჩვენი კალათბურთელები ასეთ მეტოქესთან როგორ ითამაშებენ ერთმანეთის გვერდით, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ სერბეთთან და გერმანიასთან გასვლით მატჩებში გამოჩნდება, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ. რას ველით? რეალისტები უნდა ვიყოთ: ერთადერთი, რასაც ველით, ესაა ბოლო წამებამდე თავდაუზოგავად ბრძოლა. მოხარული ვარ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი გუნდს ორი დღის წინ შეუერთდა. ასევე სასიამოვნოა, რომ მაიკლ დიქსონიც ჩვენთანაა და სავარჯიშოდ ერთი დღე აქვს", - ამბობს ილიას ზუროსი.
21 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები თბილისიდან 10 მოთამაშით გაემგზავრა. უკვე გერმანიაში მათ მაიკლ დიქსონი, ყველაზე ბოლოს კი გუნდის კაპიტანი, მანუჩარ მარკოიშვილი შეუერთდნენ.
„გერმანიასთან მისსავე მოედანზე თამაში და გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ამ ქვეყანაში კალათბურთი უყვართ და დარწმუნებული ვარ, დარბაზი გაივსება. საქმეს ესეც გაართულებს. თუმცა საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, ამაყად ვითამაშოთ და შედეგსაც მივაღწევთ. საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალი სახეა, თუმცა ამით ჩვენი მიზანი არ იცვლება - ბრძოლა და გამარჯვება. ამის შესახებ მწვრთნელი ილიას ზუროსიც გველაპარაკა და ჩვენც კარგად ვიცით. კალათბურთი თამაშია და ჩვენც თავისუფლად უნდა ვითამაშოთ. მთავარია, რომ მეც და ჩემს გუნდელებსაც მონდომება და სურვილი არ გვაკლია", - ამბობს მაიკლ დიქსონი.
მონდომებას არ დააკლებს, მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევის სასტარტო მატჩში, არც ჩვენი მეტოქე, გერმანიის ნაკრები, რომელსაც NBA-ში მოთამაშე 2 კალათბურთელი აკლია. სხვა ევროპული ნაკრებების მსგასად კი, არ მათ ჰყავთ ევროლიგის მოთამაშეები. თუმცა, გერმანიის ნაკრებს აქვს დიდი პლიუსი, ის, რომ ჰყავს არაერთი ულებ-ის ევროთასის კლუბის წარმომადგენელი და თამაშობს შინ.
„მესე ჰალეზე", სადაც დღეს საღამოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ შეხვედრას გამართავს, თბილისის დროით 22:30 დაიწყება.





ჩვენ








