
დღეს საღამოს, საქათველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ილიას ზუროსის გუნდის შემადგენლობა გამოაქვეყნა. ჩვენი ქვეყნის ნაკრების ბერძენმა თავკაცმა 16-კაციანი სია დაასახელა. თბილისურ „ბაბლზე", რომელიც 19 და 21 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი ექნებათ:
უკანახაზი: დუდა სანაძეს, კონერ ფრენკამპის, თად მაკფადენს, ლუკა ზაქრაძეს, გივი ბაქრაძეს, მერაბ ბოქოლიშვილს, საბა ლობჯანიძეს.
ფორვარდი: ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, კახაბერ ჯინჭარაძე
ცენტრი: გიორგი შერმადინი, გიორგი თვალაბეიშვილი

როგორც ხედავთ, ზუროსის გუნდში კვლავ ახალი სახეები არიან. მაგალითად, ნაკრებში, პირველად გამოიძახეს გიორგი თვალაბეიშვილი, სუპერლიგაში მოასპარეზე "რუსთავის" 22 წლის ცენტრი. „ოლიმპის" ლიდერი კახა ჯინჭარაძე კი, ეროვნულ გუნდს 5-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.
წინა საკვალიფიკაციო „ბაბლისგან" განსხვავებით, ამჯერად, ეროვნულ ნაკრებთან ერთა იქნებიან, ახლახან სერბულ „ბორაცში" გადასული დუდა სანაძე და ესპანური „გრან კანარიას" წევრი ბექა ბურჯანაძე. თბილისშია და ნაკრების მატჩებში მიიღებს მონაწილეობას კატარულ „ალ შამალში" მოთამაშე მიხეილ ბერიშვილიც.
ისევე, როგორც ბოლო სანაკრებო თამაშებში, როგორც ჩანს ორივე მატჩში ძირითადი დატვირთვა გიორგი შერმადინზე მოვა, რომელსაც, სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ დაშავებული, თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. თუმცა, ისევე, როგორც ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე.
თბილისურ „ბაბლზე" ვერ ჩამოდის ვერც ოკეანის გადაღმა მყოფი მეორე ქართველი კალათბურთელი NCAA-ის ერთ-ერთი საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი. არ იქნება არც ვეტერანი გიორგი ცინცაძე, რომელიც საუდის არაბეთში მოქმედი, მკაცრი კოვიდ-რეგულაციების გამო, ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლასა და ეროვნული გუნდის დახმარებას.
სამაგიეროდ, ზუროსის განკარგულებაში, 2 ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი იქნება თად მაკფადენი და ახალი ამერიკელი მოთამაშე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 12 თებერვალს მიიღო კონერ ფრენკამპი.
ცოტა რამ ახალ ნატურალიზებულზე
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, კონერ ფრენკამპი, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშს, 15 თებერვლიდან დაიწყებს. ფრენკამპი, ესპანეთის უმაღლესი ლიგის, „მურსიას" ლიდერია. ის, კლასიკური „პირველი ნომერია" და გამთამაშებლის ამპლუასთან ერთად აქვს უნარი იყოს ბომბარდირი.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში, ფრენკამპი ბომბარდირთა სიაში, მესამე ადგილზეა ფუენლაბრადელი მელო ტრიმბლესა და ტენერიფელი გიორგი შერმადინის შემდეგ. კონერი მატჩში საშუალოდ 16.9 ქულას, 3.6 პასს და 2.3 მოხსნას აგროვებს. პრენკამპისთვის, მიმდინარე სეზონი მესამეა ევროპაში. ესპანეთამდე კი, ის საბერძნეთის „რეტიმნოში" და ბულგარულ „ბეროეში" თამაშობდა. საბერძნეთიდან, ესპანურ ლიგაში გაკეთებული დიდი ნახტომი კი, იმის შედეგია, რომ ის, წინა სეზონში, ბერძნულ ოლ სტარში მოხვდა. 2020 წელს ბერძნული ლიგის ბომბარდირი გახდა, საშუალოდ მოგროვებული 20.8 ქულით.

საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ჯილდო გახლავთ ოქროს მედალი, რომელიც მან, 2012 წელს, ლიტვაში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო. ფრენკამპი 2012 წლის მსოფლიოს U17 ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
და ბოლოს, სტუდენტურ კალათბურთში ფრენკამპს, ისეთ ცნობილ გუნდში უთამაშია, როგორიცაა „კანზასი", სადაც 1 სეზონი გაატარა. შემდეგა კი, ასევე ცნობილ „ვიჩიტაში" გადავიდა და 2017 წელს Missouri Valley-ს კონფერენციის MVP გახდა.
თავად ბაბლის შესახებ
მოგეხსენებათ, კორონა ვირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ფიბა-მ კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით გათამაშების ფორმატი შეცვალა. თითოეული ჯგუფის, ე.წ. თითო სათამაშო ფანჯრას ერთ კონკრეტულ ქვეყანას უთმობს, სადაც ყველა თამაში ერთ დარბაზში ტარდება. გემახსოვრებათ, რომ საქართველომ უკვე მიიღო მონაწილეობა ფინეთში გამართულ "ბაბლში", რომლის ფარგლებშიც ფინეთთან და შვეიცარიასთან ორივე შეხვედრა გამართა და ორივეში გამარჯვებას მიაღწია. სწორედ, ფინეთში დასრულებული „ბაბლის" შემდეგ გადაწყდა, რომ მომავალ "ბაბლს" თბილისი უმასპინძლებდა. დასახელდა მატჩების გამართვის დღეებიც 19 და 21 თებერვალი. სწორედ, ამ დღეებში, E ჯგუფის დარჩენილი ოთხივე შეხვედრა, „ევრობასკეტი 2022"-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქალაქში გაიმართება. 15-დან 22 თებერვლის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქს სერბეთის, ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ეწვევიან
თბილისური "ბაბლი", 15 თებერვალს იწყება. სწორედ, ამ დღეს არის, შეჯიბრის ადგილას, გუნდების გამოცხადების თარიღი. ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრები სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დაბინავდება და იზოლაციაში იცხოვრებს. მოთამაშეებსა და გუნდის წევრებს ფიბა-სა და ჩვენი სახელმწიფო რეგულაციების თანახმად პერიოდულად კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ და პარალელურად, სპორტის სასახლეში ივარჯიშებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ საკვალიფიკაციო მატჩები ფიბა-ს მკაცრი რეგულაციებით, თითქმის სრულ იზოლაციაში ტარდება, მას-მედიისთვის ტრადიციულად ქცეული ღია ვარჯიშები არ გაიმართება. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ჟურნალისტებისთვის zoom-ის საშუალებით 15 თებერვალს სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" ონლაინ-კონფერენციას გამართავს და ნაკრების ირგვლივ დასმულ კითხვებს უპასუხებს.
ფოტო: @FIBA





ჩვენ








