
დღეს, ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წლების სეზონმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „სტუდენტური დერბით" აიღო. თსუ 2-სა და ილიაუნი 2-ის დაპირისპირება ილიას დამაჯერებელი გამარჯვებით 5-1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში საბა მაჩიტიძემ გახსნა და მეთხუთმეტე წუთისთვის ილიაუნი ორი გოლით ლიდერობდა. საბა გოგოლაძემ პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თამაშის განახლებიდან მალევე გურამ ნადარეიშვილმა დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მატჩის დასრულებამდე აქტივში თითო გოლი ლაშა კურტანიძემ და ნიკოლოზ ბოლქვაძემაც მიითვალეს.
გურამ ნადარეიშვილი, ილიაუნი 2: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველას სეზონის დაწყებას. გუნდი ახალი შემდგარია, ნაწილი ძველი მოთამაშეებიც ვართ, მაგრამ ბევრი ახალწვეულიც შემოგვიერთდა. კარგი სატრტი გამოგვივიდა. სეზონის გამარჯვებით დაწყება სასიამოვნოა. ნაცნობი და პრინციპული მეტოქე გვყავდა, მადლობა მათ დაძაბული თამაშისთვის. ვფიქრობ, მონდომების ხარჯზე ვაჯობეთ".
საბა გოგოლაძე, თსუ 2: „დიდი პაუზა გამოგვივიდა სეზონის დაწყებამდე. თამაშის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომელთა გამოსწორებაც ვერ მოვახერხეთ. მეტოქემ ისარგებლა ამ მდგომარეობით და მომენტების რეალიზება შეძლო. ვეცდებით, გავაანალიზოთ ყველაფერი და შემდეგი შეხვედრებისთვის უკეთ მოვემზადოთ. ჩვენმა კაპიტანმა და მეკარემ წითელი ბართი მიიღო, შემდეგ მატჩზე ძალიან დაგვაკლდება, რადგან ის ნამდვილად დიდი ძალაა გუნდისთვის".
***

ფუტსალის ლიგა 2-ის I ტურის შეხვედრები ევროპის უნივერსიტეტისა და დებიუტანტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მატჩით გაგრძელდა. დაძაბული შეხვედრა ბსსა-ს გამარჯვებით 5-2 დასრულდა.
მატჩის პირველი ტაიმი ბათუმის აკადემიის სასარგებლოდ 3:1 წარიმართა. EU-მ ოცდამესამე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბსსა-მ დამაჯერებელი უპირატესობა მალევე დაიბრუნა. მატჩის მიწურულს ევროპის უნივერსიტეტმა ორი თერთმეტმეტრიანი ჯარიმა ვერ გამოიყენა და დებიუტანტებთან სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ხვიჩა თურმანიძემ გაიფორმა.
ხვიჩა თურმანიძე, ბსსა: „დაახლოებით ერთი თვეა ჩემპიონატისთვის ვვარჯიშობთ. ჩვენი დარბაზი არ არის შესაბამისი სტანდარტების, პატარაა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ შესაბამისად მოვემზადოთ. დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ, მათ შორის, მწვრთნელიც. დასახულ მიზანს მივაღწიეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ სადებიუტო შეხვედრაში. მეტოქეს მეტი მობილიზებით ვაჯობეთ, შეტევებიც უკეთ გამოვიყენეთ".
გიორგი კუპრეიშვილი, EU: „ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. პირველი თამაში ყოველთვის რთულია. მძიმედ დავიწყეთ. შემდეგი შეხვედრებისთვის უკეთ მოვემზადებით და სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ. ახალი მოთამაშეები დავიმატეთ გუნდში, დიდი ხანი არ არის, რაც ვვარჯიშობთ და შეთამაშება გვაკლია".
***

სადებიუტო სეზონის პირველ შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა არმიამ დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისის მართვე 7-4 დაამარცხა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. „ქუთათურები" მეორე ტაიმში ორი ბურთით წინ გავიდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში „ძალოვნებმა" წონასწორობის აღდგენა და საგრძნობლად დაწინაურება შეძლეს. არმიას რიგებიდან სამი ბურთი ბაკურ ნანეიშვილის ანგარიშზეა, დუბლი გაიფორმა ენრი ჩადუნელმა. მართვეს რიგებიდან ორი ბურთი ირაკლი გვეტაძემ გაქვითა.
გიგა ბერაია, არმია: „მართვე გასულ წელს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და გამოცდილი გუნდია. მაღალი მოტივაციით გამოვედით, ფიზიკურადაც ბოლომდე დავიხარჯეთ და ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. ამ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი მინიმუმ ქულის აღება იყო. ჩვენთვის ლიგა 2-ში ასპარეზობა დიდი გამოწვევაა და მაქსიმუმს გვაკეთებთ იმისათვის, რომ პლეიოფში ვითამაშოთ. ბევრი გვაქვს სამუშაო, უნდა დავხვეწოთ ჩვენი თამაში, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ".
ირაკლი გვეტაძე, მართვე: „გუნდის ძირითადი ბირთვი შეცვლილია, ახალი მოთამაშეები გვყავს და შეთამაშება გვჭირდება. სატესტო შეხვედრები ვერ გავმართეთ არსებული რეგულაციების გამო, რამაც მომზადებაში ხელი შეგვიშალა. ვფიქრობ, დღეს მეტოქემ ფიზიკური კონდიციების ხარჯზე გვაჯობა".
***

პირველი ტურის შეხვედრები გორისა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დასრულდა. ტურის დასკვნით მატჩში გორელებმა 8-4 იმარჯვეს.
მეორე ტაიმს UG მინიმალური უპირატესობით შეხვდა, მალევე სხვაობა ორამდე გაზარდა, მაგრამ „სტუდენტებმა" ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და დროის ამოწურვამდე საკუთარ კარში მიღებულ გოლებს მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი გაიფორმა ნიკოლოზ სულთანიშვილმა, ორ-ორი ბურთია გიორგი მჭედლიშვილისა და ილია ლუკაშვილის ანგარიშზე.
ჯალაღონია ლუკა, UG: „ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს გუნდში და გვიჭირს ჯერ შეთამაშება. თავდაპირველად ჩვენი სცენარით მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ. შევეცდებით გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი და უკეთესი შედეგი დავდოთ. შარშანდელთან შედარებით უფრო გაზრდილები ვართ. ახალი ტაქტიკები შევიმუშავეთ ახალ მწვრთნელთან ერთად. ძალიან ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა, რაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ".
ნიკოლოზ სულთანიშვილი, გორი: „ვულოცავ ყველას ჩემპიონატის დაწყებას. პირველ ტაიმში დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც შესვენებაზე განვიხილეთ და გამოვასწორეთ. უნდა აღვნიშნო, რომ გასული სეზონის გათვალისწინებით არ ველოდით მეტოქისგან ასეთ წინააღმდეგობას, ახალგაზრდა გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენც დავიმატეთ ახალი მოთამაშეები და გუნდში ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდა".
ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრები 20 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
Sbm.ge -ს ფოტოები / ავტორი: ქეთი გულისაშვილი





ჩვენ








