
თითქმის 15 წლის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი, თბილისში, „დინამო არენაზე" კვლავ გამოვა და 90 წუთის მანძილზე, შეუცვლელად, თამაშს, ისე, როგორც ეს, 2006 წლის სექტემბერს გააკეთა არა, მაგრამ გუნდის ხელმძრვანელობას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ იმ, 2006 წლის 2 სექტემბერს, ფრანგმა, რომელმაც მინიმუმ 2 წლით ქართველებს დაგვიკავშირა თავისი ბედი, მაშინ ვარსკვლავურ გუნდთან ერთად, თბილისს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რანგში ეწვია და გადავსებული ტრიბუნების წინ, ანგარიშით 0-3 დაგვამარცხა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე 5 კვირით ადრე, ფეხბურთის ფედერაციამ, ნაკრების მწვრთნელის სახელი დაასახელა. ვილი სანიოლი, მეორე ფრანგი იქნება, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების გაწვრთნას შეეცდება. თან ისეთ „დროს", როდესაც ვაისის წასვლის შედეგ და წილისყრამდე, ვაკანტური პოსტის ბევრი აღტკინებული (ბუნებრივია ქართველი) მსურველი, კულისებში ისევე გაუჩინარდა, როგორ აქტიურადაც ვაისის წასვლამდე გამოჩნდა. თუმცა, წილისყრის შემდეგ, ასე, რომ იქნებოდა, ფეხბურთში კარგად ჩახედულ ხალხს, არც გაკვირვებია.
„საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
„გამარჯვებულის მენტალიტეტი", იაშვილის, ეს შეფასება, პირადად ჩემი და ალბათ, ბევრის აზრით, სწორედ ის უმნიშვნელო დეტალია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არავინ მიწყენს და 12 ნოემბრის მატჩში, ნაღდად აკლდა. თუმცა, ეს, სულ ვაისის „ბრალი" იყო თქო, ამასაც ვერ ვიტყვით და ვერც იმაზე დავდებთ თავს, რამდენად მოახერხებს, ქართული მენტალიტეტის შეცვლას, რაც აპრიორშივე ხშირად ომამდე წაგებული ომის ტოლფასია, ფრანგი.
„მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის", - ამბობს იაშვილი.
ვილის კი, სჯერა, მაგრამ ახლა, მთავარია გუნდმაც ირწმუნოს, ჯერ ვილის, შემდეგ კი, საკუთარი ძალების და ეს მაშინ, როცა, მარტის სამ თამაშამდე, სულ 5 კვირაა დარჩენილი. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დღეს, 15 თებერვალს დაამტკიცა. დღესვე, ფედერაციის გვერდმა, სანიოლის პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა.
„წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით, ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს", - თქვა სანიოლმა.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის, 31 წლის მანძილზე, ბევრ მწვრთნელს, ქართველს თუ უცხოელს, სურვილიც ჰქონია და მცდელობაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაეწერა, თუმცა, ზოგჯერ ეს სურვილი ჩანასახშივე კვდებოდა, მაგრამ იყო მომენტები, მაგალითად 2020 წლის 12 ნოემბერი, როცა, ოცნებამდე ერთ ნაბიჯში გავიყინეთ. სფფ-ში აცხადებენ, რომ სანიოლის და მათი ხედვები ერთმანეთ დაემთხვა. ახალ მწვრთნელთან სფფ-მ შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თავდაპირველად ორწლიანია, თუმცა, კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, ის კიდევ, ორ წელს გახანგრძლივდება.
„ძალიან მოხარული და ბედნიერები ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. ერთ-ერთი წარმატებული იყო როგორც ფეხბურთელი და საფეხბურთო კარიერის შემდეგაც საკმაოდ წარმატებული იყო, იმუშავა საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში და „ბორდოში", ასევე მიუნხენის „ბაიერნში" კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ. ისიც თვლის, რომ ეს არის მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და იმედიანად ვუყურებთ ჩვენც და თვითონ ვილიც მის საქართველოს ნაკრებში დანიშვნას", - ამბობს, ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.
სფფ-ს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგით 25-ე მწვრთნელის დებიუტი, 25 მარტს შედგება. სანიოლი, ქართველთა შემოთავაზებას, მას შემდეგ დასთანხმებია, „რაც გუნდი გაიცნოო". თუმცა, გუნდს, რეალურად ფრანგი მარტის შეკრებაზე გაიცნობს საქმეში. ამასობაში, ქართულ საფეხბურთო წრეებში, ახლადდანიშნული მწვრთნელის კრიტიკოსები უფრო მეტნი გამოჩნდნენ, ვიდრე მაქებარნი. აქ, TSFF.Ge დროებით ზედმეტი ქებისგანაც თავს შევიკავებთ და ბუნებრივია, ზედმეტი კრიტიკისგანაც. ალაბთ, ახალ მწვრთნელსაც უფრო საქმიანად, ესპანეთთან მატჩს შემდეგ დავუსვამთ კითხვებს. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა
2011-2013 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-2014 | საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების (მთავარი მწვრთნელი)
2014-2016 | ბორდო (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის ბაიერნი (მწვრთნელის ასისტენტი)
ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა
2000-2008 | საფრანგეთის ნაკრები (58)
მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).
1995-1997 | სენტ ეტიენი
1997-2000 | მონაკო
საფრანგეთის სუპერთასი (1997) საფრანგეთის ჩემპიონი (2000)
2000-2009 | მიუნხენის ბაიერნი
უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2001) საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი (2001) გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის ლიგის თასის მფლობელი (2001).
AFP PHOTO / PATRIK STOLLARZ





ჩვენ








