
ბელგრადის „კრონ პლაზაში" სადაც, სერბეთის ეროვნული ნაკრები საქართველოში გამომგზავრებამდე, ევრობასკეტი 2022-ის ფინალური ეტაპისთვის ბოლო სამზადისს გადიოდა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა, მისმა ასისტენტმა დეიან მილოევიჩმა და ნაკრების მოთამაშეებმა, მიროსლავ რადულიცამ და ალეკსა ავრამოვიჩმა, ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხეს.
„ჩვენ ვიცით საქართველოში რისთვის ჩავდივართ. წინასწარი გათვლები არ გვაქვს, გვექნება ვარჯიშები და მოვემზადებით, ამ მომზადებით გავალთ თამაშებზე და ყველა თამაშს მაქსიმალურად ჩავატარებთ. ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და მობილიზებულები ვართ ამ ფანჯრებისთვის. ჯერ თამაში საქართველოსთან, შემდეგ, შვეიცარიასთან. ამ გუნდებს უკვე ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მოთამაშეებს ენთუზიაზმი და ენერგიის მოზღვავება აქვთ. ამ პრეს-კონფერენციის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ვარჯიში, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოში მივემგზავრებით. ანალიზისთვის ცოტა დრო გვაქვს. ვიმუშავებთ ეტაპობრივად. რეალისტი ვარ. ხარვეზი, რაც ჩვენს ნაკრებს აქვს, ის არის, რომ ყველა შეკრებაზე ახლა-ახლი მოთამაშეები გვყავს. არ მინდა, რომ მათ, ვინც არ თამაშობს ევროლიგაზე და NBA-ში ვაწყენინო. ახლა შეხედეთ საქართველოს. შერმადინი ნაკრების შემადგენლობაში 10 წელია თამაშობს. კი, უცხოელები ეცვლებათ, მაგრამ დანარჩენები ამ გუნდში, წლებია თამაშობენ. მათ ჩვენთან ეს უპირატესობა აქვთ. ჩვენ კიდევ გვყავს ევროლიგის და NBA-ს ბევრი მოთამაშე, რომელსაც ყველა ფანჯრის წინ ვცვლით, ჩვენ არ გვაქვს ამ მოთამაშეების გუნდში გაჩერების სისტემატურობა. ეს არ არის თავის დაზღვევა, ეს არის რეალობა. თანმიმდევრობა და სტაბილურობა ჩვენი ნაკლოვანი მხარეა. არის შეთამაშების რამდენიმე დღიანი პერიოდი თამაშების წინ, მაგრამ მერე ჩვენ აღმოვჩნდებით გუნდის წინაშე, რომელიც 10 წელია ერთად თამაშობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს იმედი და მოტივაცია ამ თამაშების წინ", - ამბობს იგორ კოკოშკოვი.
თავის მხრივ, დეიან მილოევიჩი, კოკოშკოვის ასისტენტი თვლის, რომ თბილისურ „ბაბლზე" სერბეთის ნაკრები, „იგორის ჩანაფიქრს" ზედმიწევნით შეასრულებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელ ადგილს დაიკავებს.
„ჩვენთვის, ისედაც რთული ეს ბოლო ორი ფანჯარა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, კიდევ უფრო გართულებულია. სულ იმაზე ვიყავით დამოკიდებული მის გამო, ვინ მოახერხებდა შეკრებაზე ერთად ყოფნას და ვინ არა. ეს არ არის თავის მართლება, ეს რეალობაა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ იმ საქმეს, რისთვისაც ახლა შეკრებილები ვართ. არანაირი გათვლა არაა, უბრალოდ ვაპირებთ მოგებას. ჩვენ უნდა მოვიგოთ ორივე თამაში, რათა აუცილებლად, გავიდეთ ევრობასკეტზე", - ამბობს, მიროსლავ რადულიცა, „არწივების" კაპიტანი.
„ნაკრებში თამაში, ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპული კალათბურთის მწვერვალზე ვართ და საქართველოშიც რაიმე გათვლების გარეშე მივემგზავრებით. ორივე მოწინააღმდეგე, ჩვენთან ვალშია. შვეიცარიამ ბოლო ფანჯარაში გაგვაოცა. საქართველომ, ბელგრადშიც პირველი მარცხი გვაწვნევინა. ჩვენ პარკეტზე, მიზნის მისაღწევად, უფრო დიდი მოტივაციით გავალთ", - ამბობს ალექსა ავრამოვიჩი.
სერბეთის ნაკრები, რომელთანაც, თბილისური „ბაბლის" პირველი მატჩი, საქართველოს ნაკრებს, 19 თებერვალს, 19:00 საათზე აქვს, ბელგრადიდან სერბეთის ნაკრები 15 მოთამაშის შემადგენლობით გამოემგზავრა: ოგნიენ იარამაზი (პარტიზანი), ნიკოლა რებიჩი (ნანტერი, საფრანგეთი), ნემანია ნენადიჩი (რაბოტნიჩკი), ალეკსა ავრამოვიჩი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), დანილო ანჯუშიჩი (ბურჟი, საფრანგეთი), ლუკა ასჩერიჩი (ბურჟი, საფრანგეთი), ნემანია დანგუბიჩი (პარტიზანი), მარკო ლუკოვიჩი (სპლიტი, ხორვატია), დალიბორ ილიჩი (იგოკეა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მარკო რადოვანოვიჩი (რაბოტნიჩკი), მიროსლავ რადულიცა (ზეჟიანგი, ჩინეთი), ფილიპ პეტრუშევი (მეგა), დრაგან აპიჩი (ბუდუჩნოსტი, მონტენეგრო) და სტეფან ჯორჯევიჩი (რაბოტნიჩკი).
რაც შეეხებათ ვასილიე მიციჩისა (ანადოლუ ეფესი, თურქეთი) და მარკო გუდურიჩი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ისინი კოკოშკოვის გუნდს, შვეიცარიასთან მატჩისთვის შეუერთდებიან გუნდს.
ფოტო: kss.rs





ჩვენ








