შერმადინიც და გუნდიც კარგ განწყობაზე არიან
შერმადინიც და გუნდიც კარგ განწყობაზე არიან
17.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები უკვე, მეორე დღეა, სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ილიას ზუროსის გუნდს, შეუერთდა გიორგი შერმადინიც, რომელიც თავდაპირველად გუშინ, დილის ვარჯიშზე მსუბუქი დაიტვირთა, საღამოს სესიაზე კი, გუნდთან ერთად სრულად დატვირთვით ივარჯიშა. დღეს, კი საქართველოს ეროვნული ნაკრების უპირობა ლიდერმა, მედიის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ონლაინ შეხვედრა-ვიქტორინა გამართა. მიუხედავად იმისა, რომ შერმადინისთვის, ბევრს უნდოდა კითხვის დასმა, „ბაბლის" რეგულაციების გამო, ამ შეხვედრისთვისაც, კონკრეტული დრო იყო გამოყოფილი, თუმცა, გულშემატკივარმა მაინც მოასწრო რამდენიმეს დასმა. კითხვები იყო სერიოზულიც და თავშესაქცევით. TSFF.GE რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.


კითხვა: ვინ არის ყველაზე ხუმარა საქართველოს ნაკრებში?


შერმადინი: არ ვიცი, ალბათ, ლონდარა თუ გვიყურებს? ლონდარ, მე მგონი შენ ხარ, ჩემო ძმაო. ლონდარიძე ილია, ძალიან მაგარი ბიჭია. დღესდღეობით, „ქუთაისის" გუნდის ღირსებას იცავს. ეს გუნდი, მართლა ძალიან კარგად თამაშობს და ჩვენი ილიაც, ერთი საუკეთესოა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.



კითხვა: რა შანსები გვაქვს ევრობასკეტზე და უახლოეს თამაშებში?


შერმადინი: ვიცით, რომ ქართველ გულშემატკივარს, ძალიან უყვარს კალათბურთის ყურება. განსაკუთრებით, როცა თამაშები, თბილისის სპორტის სასახლეში ტარდება. ტრიბუნები, ყოველთვის გადატენილია და სასახლეში 10000 კაცი შემოდის თამაშის საყურებლად, მაგრამ 19 და 20 თებერვლის თამაშები გამონაკლისია. სამწუხაროდ, არავის შეეძლება შემოსვლა, სამწუხაროდ, გვერდში ვერავინ დაგვიდგებით, მაგრამ ტელევიზიით იქნება თამაში და ასე უნდა დაგვიდგეთ გვერდში. სერბებმა, საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჩამოიყვანეს თბილისში, მაგრამ ჩვენ, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვვარჯიშობთ, ვემზადებით ყოველდღიურად და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბელგრადში, ერთი წლის წინ, სერბეთთან გამარჯვება, იყო დაუვიწყარი. ამ თამაშს გულშემატკივარიც და ჩვენც, ყოველთვის გავიხსენებთ. ვაგებდით 15 ქულასაც, მაგრამ თამაშის ბედი, ბოლო წუთებში გადაწყდა. დაუჯერებელივით იყო ეს ყველაფერი და მადლობა ბიჭებს, რომ მაქსიმუმი გააკეთეს, რადგან იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გამარჯვებები ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის, ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.




კითხვა: როგორ უყურებ შენი და ბითაძის ერთად თამაშს. ორი ცენტრით თამაში, ნელ-ნელა იხვეწება?


შერმადინი:  ყოფილა ასეთი შემთხვევა. გოგა, ძალიან კარგი ბიჭია, შეუძლია 3-ქულიანსი სროლაც, შეუძლია 3-წამიანშიც, შიგნით ძალიან კარგად თამაში. NBA-ში, შეძლებისდაგვარად, გოგა რასაც თამაშობს, აკეთებს ქულებს, მოხსნებს, დაფარებებს. თითქმის ყველა თამაშში, 4 დაფარებას აკეთებს. ევროპის ჩემპიონატზე გვეყოლება გოგაც და მერე ვნახოთ. ამ შესარჩევზე, ზუროსმაც, რამდენიმე თამაში ერთად დაგვაყენა.  

კითხვა: რას იტყვი ახალ ლეგიონერზე?

შერმადინი: ძალიან კარგი პიროვნებაა. საქართველოში წამოსვლამდე, ესპანეთის ჩემპიონატზე, მის გუნდს ვეთამაშე. „მურსიას" გუნდშია. მის გუნდთან , ბოლო 10 წუთში, 24 ქულით ვაგებდით და ბოლო წამებზე 2 ქულით მოვუგეთ. სასწაული თამაში მოვუგეთ. ახლა, რომ ჩამოვედი და მნახა, პირველი მითხრა, ეს რა თამაში წავაგეთო... მართლაც, კარგი ბიჭია. ჩემი აზრით, არის კარგი მსროლელი, აქვს კარგი ხელი. მოქნილია, სწრაფად დარბის, ბურთი დააქვს სწრაფად.  


კითხვა: ჯორდანი თუ ლებრონი?


შერმადინი: სხვათა შორის, დღეს, ნაკრების ბიჭები ვლაპარაკობდით ამ თემაზე. ჩემთვის, ალბათ, ჯორდანი.



შერმადინი, თბილისურ „ბაბლზე" ესპანეთში, 2021 წლის იანვარში მოგებული MVP-ს ტროფეით ჩამოვიდა. შეგახსენებთ, რომ შერმომ, იგივე გამოკითხვა, 2020 წლის ოქტომბერშიც მოიგო. ქართველი გულშემატკივრისთვის კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ლიგის MVP-ის ტროფეის პრეზენტაცია, მართალია ონლაინ, მაგრამ მაინც პირველად შედგა.


„მინდა, რომ ეს გრძნობა, ყველა ქართველმა კალათბურთელმა გამოსცადოს. ჩვენთან გუნდში, ერთი ქართველი მოთამაშე უკვე გვყავს, ვატო ნაცვლიშვილის შვილი, გუგა, „ტენერიფეს" ასაკობრივი გუნდის წევრია, 16-წლამდეთა შორის და ვეუბნები, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია ჯანმრთელობა და ვარჯიში. თუ არ ივარჯიშე, სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ისე შედეგი  ნამდვილად არ მოვა", - ამბობს გიორგი შერმადინი, რომელიც ამავდროულად აანონსებს, რომ უახლოეს ხანში, არაა გამორიცხული, „ტენერიფეს" ასაკობრივ გუნდში, კიდევ ერთ ქართველს მიეხმაროს გადასვლაში.




რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს და თბილისური „ბაბლისთის" მზადებას, კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-ვერდის ინფორმაციით, გუშინ და დღეს, ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრების კალათბურთელები კომპლექსურად, არაერთ კომპონენტში ავარჯიშა, თუმცა მეტი დრო კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. მწვრთნელებმა მოთამაშეებს ჯერ ცალ ფარში დაამუშავებინეს არაერთი კომბინაცია, შემდეგ კი ორმხრივი, სტანდარტული კალათბურთი ათამაშეს და დაცვისა თუ შეტევის დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება. სამწვრთნელო შტაბი იმაზე მუშაობს, რომ ნაკრები 19 თებერვალს, სერბეთთან დაგეგმილ მატჩს, ჩვენი გუნდი, სრულად მომზადებული შეხვდეს როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური კუთხით.



კალათბურთის ფედერაციის ფოტოები