ორი მედალი თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ დღეს
ორი მედალი თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ დღეს
18.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თელ-ავივში მიმდინარე წლის მეორე საერთაშორისო შეჯიბრზე, მსოფლიო ძიუდოს „ქართულმა ხმამ" დღეს, სვანური „შინა ვორგილი" ქართველი ძიუდოისტი ქალის, ეთერ ლიპარტელიანის საპატივცემულოდ ააჟღერა. 18-20 თებერვლის ჩათვლით, ისრაელში, თელ-ავივის გრანდ სლემი ტარდება, რომელშიც, საქართველოს 16 წარმომადგენელი, 13 ვაჟი და 3 ქალი მონაწილეობს.


ეთერმა, რომელიც -57კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, დღეს, ბრინჯაოს მედალთან ერთად, 500 სარეიტინგო ქულაც მიიღო და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია. საინტერესოა, რომ ამ დღეს, ლიპარტელიანი პოლონელი ძიუდოისტების რისხვა გამოდგა. ჯერ იყო და ჯგუფურ ეტაპზე, ანა კუჩერა დაამარცხა და შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, იულია კოვალჩუკს სძლია. თუმცა, მანამდე ქართველმა საწყის ეტაპზე რუსი დიანა ძიგაროსი დაამარცხა და შემდეგ, ხანგრძლივ დაპირისპირებაში, უნგრელ ჰედვიგ კარაკასიც მიაყოლა. ½ ფინალში კი, ქართველი ებრაელ სპორტსმენს, ტიმა ნესლონ-ლევისთან გადაეყარა და დამარცხდა, თუმცა, მედალი, რეპეშაში მაინც მოიგო.


18 თებერვალს, ტურნირის პირველ დღეს იასპარეზეს -52 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კიდევ, ორმა წარმომადგენელმა ქალმა და ორივე საწყისს ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. მარიამ ჯანაშვილი, რუს ალესია კუზნეცოვასთან დამარცხდა. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი კი, ტურნირის მასპინძელ, ისრაელის წარმომადგენელთან, გილო კოენთან.


პირველი მედალი ჩადო სათვალავში -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ. მოგეხსენებათ, თავდაპირველად, ამ წონით კატეგორიაში, საქართველო, ორი ძიუდოისტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა, ამირან პაპინაშვილი, ტურნირზე ვერ გაემგზავრა და ზემოთხსენებულ წონით კატეგორიაში თემურს მარტოს მოუხდა ქვეყნის სახელით ასპარეზობდა.




ფინალამდე, ქართველმა, ჯერ ბრაზილიელი ფელიპე პელიმი დაამარცხა, შემდეგ, თურქი მირაჯ აქუსი დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ეშლი მაკენზის სძლია. ½ ფინალში, ქართველი, უკრაინის წარმომადგენელს, არტიომ ლესიუკს შეხვდა და ფინალში გადასასვლელი საგზური მოიპოვა. უკვე, ფინალში,თემურ ნოზაძე აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის დაუპირისპირდა. თუმცა, ქართველს, არ გაუმართლა და მისსავე წამოწყებულ ილეთზე, თავად წამოეგო და იპონით დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ნოზაძის ვერცხლი, ქართული გუნდისთვის, თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველი მედალი აღმონჩდა.


დღესვე,  -66 კგ წონით კატეგორიაში, ხელი მოეცარათ ბაგრატ ნინიაშვილსა, ზვიად ბაზანდარაშვილს. ზვიადმა, თავდაპირველად, უნგრელი  დანიელ სეგედი დაამარცხა. შემდეგ კი, თავად დამარცხდა რუს მურად ჩოპანოვთან. რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, ის, საწყის ეტაპზევე გამოთიშა უზბეკმა მუჰრიდინ ტილოვოვმა.


ხვალ ქართველები, ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი,

-81კგ - ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი,



საქართველოს ნაკრები

-60კგ - თემურ ნოზაძე,

-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი,

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი,

-81კგ - ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი,

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური,

-100კგ - ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე,

+100კგ - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი,

-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი,

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.

18 თებერვალი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.

19 თებერვალი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.

20 თებერვალი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.


წინასწარი შეხვედრების დასაწყისი 19 და 20 თებერვალს 12:30 საათი - https://live.ijf.org/gs_isr2021/overview


ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 19:00 საათი - ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სილკ სპორტ 2"-ზე


ფოტო: @IJF