
თბილისური „ბაბლის" დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ფიბა-ს ევრობასკეტის მონაწილე ოთხი გუნდი, ერთს სასტუმროში, ერთმანეთისგან იზოლირებულად ცხოვრობს და 19 და 21 თებერვლის მატჩებისთვის ემზადება. კორონა ვირუსის რეგულაციების დაცვით, ისე, რომ ერთმანეთს არ კვეთენ, გუნდები, სპეციალურად შედგენილი გრაფიკით ვარჯიშობენ თბილისის სპორტის სასახლეშიც. პანდემიის გამო, არატრადიციულად მუშაობა გვიწევს, „ბაბლზე" აკრედიტებულ ჟურნალისტებსაც და გუნდების მზადების შესახებაც, ინფორმაციებს ოფიციალური წყაროებიდან ვიღებთ.
დღეს, თბილისი სპორტის სასახლეში, საქართველოსა და სერბეთის ნაკრებების ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ინტერვიუები, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურმა ჩაწერა.
ილიას ზუროსი:
თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ ბედნიერები ვართ, რომ ამ კვალიფიკაციის ფინალურ მატჩებს ვმასპინძლობთ. ჩვენ, ახლა პირველ პოზიციაზე ვართ და შევეცდებით, ვიყოთ კონკურენტუნარიანები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს კვალიფიკაცია. მიუხედავად, იმისა, რომ ვეთამაშებით იმ ნაკრებს, რომელიც ევროპული კალათბურთის ნომერი პირველი გუნდია. კარგია ის, რომ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ კონკურენტუნარიანები, ვცდილობთ და მარტივად არ ვთმობთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ გავაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ თამაშში რეზულტატს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენ გვაქვს სურვილი რაც უკვე გვაქვს იმას დავამატოთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რადგან ჩვენ ევრობასკეტის გარდა, გველოდება მსოფლიო ჩეპიონატის კვალიფიკაცია.
ურთულესი თამაში იქნება, რადგან ტოპ გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ტოპ გუნდთან, არა მხოლოდ ჩვენს ჯგუფში და ევროპაში, არამედ მსოფლიოში. გვაკლია რამდენიმე მოთამაშე. სამწუხაროდ, თოკო შენგელია, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, წინა ფანჯრის დროს, ამჯერად ვერ დაგვეხმარება. გვყავს კიდევ ერთი უცხოელი მოთამაშე ამ მომენტისთვის. ის არის ძალიან კარგი მოთამაშე. მოგეხსენებათ, რომ კალათბურთში, ის ვისაც არ უთამაშია გუნდთან, რთულია პრაქტიკის გარეშე ჩაეწეროს ამ სურათში, რადგან კალათბურთი გუნდური თამაშია. ადაპტაცია, რთულია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ჩვენ ახლა გავაკეთებთ რაღაც ექსპერიმენტს, ახალ მოთამაშეებთან, ახალ სტაფთან. ვნახოთ, რა გამოვა.
დუდა სანაძე:
გუნდში საბრძოლო განწყობაა. რაც მთავრია ტრავმები არ გვაწუხებს არავის. ვიცით, რომ იოლი თამაში არ იქნება და სერბეთის ნაკრები მოსაგებად გამოვა და ყველაფერს გააკეთებს, რომ გამარჯვება მოიპოვოს, რადგან ეს გამარჯვება მათ, ძალიან სჭირდებათ სატურნირო ცხრილის გამო. თუმცა, ჩვენ მაყურებელს და გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ღირსეულად დასახვედრად და მოსაგებად.
სერბეთის ნაკრები თბილისში, 16 თებერვალს, გამთენიისას ჩამოვიდა და იმავე დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, ორჯერ ივარჯიშა. ბელგრადში დარჩა სტეფან ჯორჯევიჩი, გუნდთან ერთად არ ჩამოვიდნენ თბილისში, არც მარკო გუდურიჩი და ვასილი მიჩიჩი, რომლებიც სერბეთის ნაკრებს, შვეიცარიასთან მატჩისთვის შეუერთდებიან.

თბილისში, გუნდთან ერთად იმყოფება სერბეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პრეგრად დანილოვიჩი. სერბეთის კალათბურთის ფედერაციის გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, გუნდის მოთამაშეები, საქართველოს ნაკრების შესახება საუბრობენ.
მიროსლავ რადულიცა (სერბეთი)
მიუხედავად იმისა, რომ არ ვთამაშობ ევროპაში, ხანდახან თვალს ვადევნებ აქაურ თამაშებს. ვიცი, რომ შერმადინი არის ის კალათბურთელი, რომელიც ყველგან აჩვენებს თავის შესაძლებლობებს და ტალანტს, ხარისხს. ის არის, ACB-ს ტოპ შედეგიან მოთამაშეებს შორის. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მან იცის, როგორ ითამაშოს კონკრეტულ მომენტში, ისროლოს, დააფაროს... თუმცა, ჩვენც გვყავს რამდენიმე კვალიფიციური, ასე, რომ კარგი ბრძოლა გველის. მჯერა ამის.
ოგნიენ იარამაზი (სერბეთი)
საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, გამოცდილი და შეთამაშებული. გუნდის ბირთვს შეადგენენ მოთამაშეები, რომლებიც წლებია, ერთად თამაშობენ, რაც იმ გუნდებთან შედარებით, ვისაც მსგავსი სტაბილურობა არ აქვთ, ერთგვარი უპირატესობაა. ბელგრადში, მიუხედავად იმისა, რომ კარგად დავიწყეთ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე დაგვამარცხეს. მას შემდეგ, ერთი წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა და მჯერა, რომ ჩვენი ენერგიის და თავდადების ხარჯზე გამარჯვებას შევძლებთ.
დანილო ანჯუშიჩი (სერბეთი)
ჩვენ გველის თამაში უხერხულ მეტოქესთან. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს უკვე აქვს კვალიფიკაცია ევროპის ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელ ქვეყანას, ქართველებს ოთხი თამაშიდან, ოთხი მოგება აქვთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძლიერი ხასიათის გუნდია და თავიდან ბოლომდე მაქსიმალური ძალით თამაშობენ. ჩვენ ვიცი, რატომ ვართ აქ და რა მიზნები გვაქვს. ამიტომ თავი არ უნდა დავზოგოთ და მოვიგოთ ხვალაც და კვირასაც, რომ სათანადოდ დავასრულოთ ეს საკვალიფიკაციო ეტაპი.
***
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის ყოფილი (საქართველო) და ამჟამინდელი (სერბეთი) გუნდები, ერთი წლის წინ, ბელგრადში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და დრამატული შეხვედრა, რომელშიც მაშინ მასპინძლები ლიდერობდნენ, ბოლოს, ქართველთა გამარჯვებით 90-94 დასრულდა. ხვალ, უფრო სწორად უკვე დრეს, 19 თებერვალს ამ გუნდების თბილისური „ბაბლის" დაპირისპირება სპორტის სასახლეში 19:00 დაიწყება.
ფოტო: @GBF / @KSS





ჩვენ








